პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ბავშვთა ინფექციონისტი თეონა გიორგაძე.
ბავშვებში ქუნთრუშით დაინფიცირების შემთხვევებმა იმატა. გვესაუბრეთ, რა არის ქუნთრუშა? რა სიმპტომებით ვლინდება? როგორ მიმდინარეობს მკურნალობა? რამდენ დღეში შეიძლება გამოვიდნენ ბავშვები სკოლა–ბაღში? ახდენს თუ არა ანტიბიოტიკი გავლენას ამ დროზე? CDC-ის მიხედვით ანტიბიოტიკის მიღებიდან 12 საათის გასვლის შემდგომ ბავშვს შეუძლია ჩაერთოს სოციალურ ცხოვრებაში, ჩვენთან როგორია პროტოკოლი ამ მხრივ ?
2022 წლის სექტემბრის შემდეგ, ევროპაში ქუნთრუშის მნიშვნელოვანი აფეთქება დაფიქსირდა, ხოლო ახლახან დაფიქსირდა შემთხვევების ზრდა აშშ-ში. მოჰყვება ჩვეულებრივზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლები. მაგალითად, ეპიდემია 2022 წლის ზაფხულის ბოლოს დაიწყო და სექტემბრის შემდეგ ინგლისში 15 წლამდე 13 ბავშვი დაიღუპა. 2022 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოებმა დააფიქსირეს დაავადების 4622 შემთხვევა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა 5 წლის საშუალო მაჩვენებელს 1294-ს. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების მატების მიზეზი უცნობია, ჰიპოთეზები მოიცავს მაკროლიდურ რეზისტენტობას, დასუსტებულ იმუნიტეტს, გარემო ფაქტორებს და დაავადების გამომწვევი ბაქტერიების საწინააღმდეგო ვაქცინის არარსებობას (Group A სტრეპტოკოკი). გარდა ამისა, ქუნთრუშის შემთხვევების სიხშირე მატულობს სასწავლო წლის დაწყებასთან და ასევე ზამთრის მოახლოებასთან ერთად. ეს შეიძლება აიხსნას შესაბამისი ხელშემწყობი გარემო ფაქტორების არსებობის (დაბალი ტემპერატურა და დახურულ სივრცეში მჭიდრო ხალხმრავალი კონტაქტი) ფონზე ანტიტოქსიკური იმუნიტეტის არარსებობით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ შემთხვევების დაფიქსირებული ზრდა შეიძლება ემთხვეოდეს რესპირატორული სეზონის ადრეულ დაწყებას და მოცირკულირე რესპირატორული ვირუსების მაღალ სიხშირეს. არსებობს მოსაზრება, რომ COVID-19-ის პანდემიამ იქონია გარკვეული ზეგავლენა. თუმცა, ეს თეორია ამ დროისთვის დაუსაბუთებელია.
ქუნთრუშა ძირითადად ბავშვთა ასაკის ინფექციური დაავადებაა, მოსახლეობა “ბატონების” სახელითაც მოიხსენიებს. 3 წლამდე და 15 წლის ასაკის შემდეგ ძალზე იშვიათად გვხვდება. მისი გამომწვევია A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. ინფიცირების ძირითადი გზა არის კონტაქტური და ჰაერწვეთოვანი.
ისევე როგორც ყველა სხვა ინფექციურ დაავადებას, ქუნთრუშასაც აქვს ინკუბაციური პერიოდი, რაც 1-დან 7 დღემდეა. დაავადების ხანგრძლივობა კი კორელირებს მის სიმძიმესთან. გადატანის შემდეგ ქუნთრუშა ტოვებს მყარ იმუნიტეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ განმეორებით არ ემართებათ. არსებობს ქუნთრუშისმაგვარი დაავადებები, რომლებიც კლინიკური სიმპტომებით ჰგვანან მას, ძირითადად გამონაყარის თავისებურებით. ანამნეზის სწორად შეკრება, დეტალური ობიექტური და კლინიკური გასინჯვა გვეხმარება დიფერენცირებაში.
ქუნთრუშისთვის დამახასიათებელი ძირითადი კლინიკური ნიშნებია: დაავადების დაწყება ყელის ტკივილით, რასაც ერთვის ცხელება და კანზე გამონაყარი. ობიექტურად აღინიშნება პირ-ხახის ლორწოვანის მკვეთრი ჰიპერემია, ე.წ. “ალისფერი ხახა”, რომელსაც თან ახლავს ყელის ძლიერი ტკივილი, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ჩირქოვანი ტონზილიტი, ენა დაფარულია თეთრი ფერის ნადებით, ენის წვერი კი ჰიპერემიულია, დინამიკაში თეთრი ფერის ნადები სცილდება, დვრილები შიშვლდება და ენა ხდება “ჟოლოსებრი”, რაც ასევე პათოგნომურია ამ დაავადებისთვის. გადიდებულია ყბისქვეშა და კისრისწინა ლიმფური კვანძები, პალპაციით კი მტკივნეული. რაც შეეხება გამონაყარის თავისებურებას, ვითარდება წვრილწინწკლოვანი გამონაყარი ჰიმერემიულ კანზე, მთელი სხეულის უმეტესად კი ბუნებრივი ნაკეცების არეში, იწვევს თეთრ დერმოგრაფიზმს, სახეზე ჰიპერემიულ ფონზე შესამჩნევია ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის სიფერმკრთალე. გამონაყარის ალაგების შემდეგ ხდება კანის აქერცვლა, მეტი ინტენსივობით მტევნებისა და ტერფების არეში.
კლინიკურად როგორ მიმდინარეობს ქუნთრუშა?
ქუნთრუშა, როგორც სხვა დანარჩენი ინფექციური დაავადებები შესაძლებელია მიმდინარეობდეს მსუბუქად, საშუალო სიმძიმით და/ან მძიმედ. მძიმე მიმდინარეობისას გართულების სახით ვითარდება სეფსისი, სეპტიკური შოკი, რაც ზოგჯერ დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში ლეტალობით ხასიათდება.
კლინიკური სიმპტომია – ცხელება, ყელის ტკივილი, კანზე გამონაყარი, ქავილი, საშუალო და მძიმე ფორმების დროს ემატება ინტოქსიკაციური მოვლენები (გულისრევა, პირღებინება, მუცლისა და თავის ტკივილი) და ა.შ.
დაავადების გადატანიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ იშვიათად თუმცა შეიძლება განვითარდეს მოგვიანებითი გართულებები: ნეფრიტის, კარდიტისა და/ან პოლიართრიტის სახით. აღნიშნული გართულებების რისკის არსებობის შესახებ აუცილებელია მშობელი ინფორმირებული იყოს და აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიმართოს ექიმს.
როგორ ხდება მკურნალობა?
როგორც ვთქვით, ქუნთრუშა არის ბაქტერიული ინფექცია, შესაბამისად მისი მკურნალობის ძირითადი მეთოდი ანტიბიოტიკოთერაპიაა. ანტიბიოტიკების ერამდე დაავადება ხასიათდებოდა მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით. საბოლოოდ დაავადება გახდა მართვადი და მკურნალობა ძალზედ ეფექტური. ანტიბიოტიკის დაწყებიდან 24 საათის შემდეგ პაციენტი გადამდები აღარ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ზოგადი მდგომარეობა შეუწყობს ხელს შეუძლია გამოცხადდეს სასწავლო თუ სამუშაო დაწესებულებაში. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევაში 3-5 დღის შემდეგ დგება კლინიკური გაჯანსაღება. ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივობა 10 დღეა! (მიუხედავად კლინიკური გაჯანსაღებისა!). წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი ისეთი არასასურველი შედეგებისა როგორებიცაა რეციდივი, გართულებები და ანტიბიოტიკორეზისტენტობა.
რას გვეტყვით პროფილაქტიკაზე?
პროფილაქტიკას რაც შეეხება, სამწუხაროდ ვაქცინა ამ დაავადებისგან დასაცავად არ არსებობს. დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და დაავადებულთან კონტაქტისთვის თავის არიდება.
დაავადების შემთხვევაში გართულებების პროფილაქტიკა კი დროულად დასმული დიაგნოზი და სწორად დაწყებული მკურნალობაა.