რა არის ტანტრუმი?
ტანტრუმი ემოციების ამოხეთქვაა, ძირითადად ბრაზით და იმედგაცრუებით გამოწვეული. თქვენმა სკოლამდელი ასაკის ბავშვმა შეიძლება ამ დროს დაიწყოს ფეხების ბაკუნი, ყვირილი, იატაკზე გაწოლა, ნივთების სროლა, დარტყმა, ან გალურჯებამდე შეიკავოს სუნთქვა (გადაბჟირდეს). (ნუ ღელავთ, ის აუცილებლად ამოისუნთქებს, მაგრამ მაინც მოუყევით ექიმს ამის შესახებ).
ტანტრუმი ბავშვების ნორმალური და გავრცელებული ქცევაა, განსაკუთრებით 2-3 წლის ასაკში. გამხნევდით! – 4 წლის ასაკისთვის მისი შემთხვევები გაიშვიათდება.
იმისათვის, რომ ტანტრუმი თავიდან აირიდოთ, სცადეთ შემდეგი გზები:
ასწავლეთ დამშვიდების მისაღები გზები. მაგალითად, სირბილი ბრაზის ან სხვა ძლიერი გრძნობების გამოსახატავად ან ღრმად სუნთქვა თვითამშვიდებისთვის. ავარჯიშეთ ამ აქტივობებში სიმშვიდის დროს, რათა მზად იყოს რთულ სიტუაციაში.
დაარქვით ემოციებს სახელი. ასწავლეთ თქვენს შვილს საკუთარი კარგი და ცუდი განცდების სიტყვით გამოხატვა და მოიყვანეთ შესაბამისი ცხოვრებისეული მაგალითები. მაგალითად, „მე ვხედავ, როგორი ბედნიერები ხართ შენ და ბებია, როცა მას ვსტუმრობთ“, ან „ის ბიჭი განრისხებული ჩანდა, როდესაც მანქანა წაართვი“.
მიეცით წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. ხშირად ტანტრუმს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სკოლამდელს სურს გააკეთოს რაღაც, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება. მაგ. მას არ შეუძლია რძის დამოუკიდებლად გადმოსხმა სავსე ბიდონიდან, მაგრამ ალბათ შეძლებს ამის გაკეთებას პატარა ტოლჩიდან.
შენიშნეთ კარგი ქცევა. იპოვეთ საშუალება შეაქოთ, როდესაც რთულ სიტუაციას გაუმკლავდება. დაუკონკრეტეთ: „შევამჩნიე, როგორ შეინარჩუნე სიმშვიდე ღრმა სუნთქვით, როდესაც დაიკომ ფაზლის ნაჭერი წაგართვა“.
უზრუნველყავით დამამშვიდებელი სივრცით. ნუ გამოკეტავთ თავის ოთახში დასჯის მიზნით. ამის ნაცვლად უთხარით, რომ შეუძლია დაუბრუნდეს თამაშს (ჭამას, ან რასთან დაბრუნებაც სურს) მას შემდეგ, რაც დამშვიდდება. მოუწყვეთ დამამშვიდებელი სივრცე, მაგ. მოხერხებული სავარძელი ან საბნებითა და საყვარელი წიგნებით სავსე კუთხე. იყავით მის სიახლოვეს მხარდაჭერის მიზნით, როდესაც ცდილობს თვითდამშვიდებას.
მიეცით საშუალება, გამოსცადოს იმედგაცრუება. მცირე იმედგაცრუებებთან გამკლავება და პატარა პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა შეამზადებს თქვენს ბავშვს უფრო დიდი გამოწვევებისათის და დაეხმარება მოქნილობის გამომუშავებაში.
აჩვენეთ გამკლავების გზების კარგი მაგალითი. რას აკეთებთ თქვენ, როცა ბრაზობთ ან იმედგაცრუებული ხართ? ყვირით თუ მშვიდად საუბრობთ სიტუაციის შესახებ? თუ თქვენ კარგავთ მოთმინებას, აღიარეთ ეს და ბოდიში მოუხადეთ თქვენს ბავშვს.
დაუსახეთ რეალისტური მოლოდინები. მშობლისათვის კარგი თვისებაა იცოდეს, სად განუსაზღვროს თამასა ბავშვს – არც იმდენად დაბლა, რომ არანაირ გამოწვევას შეიცავდეს და არც იმდენად მაღლა, რომ მუდმივად იმედგაცრუებული იყოს.
მოიფიქრეთ, როგორი რეაქცია გექნებათ ტანტრუმზე. მშობლის ახალი უნარის შესწავლა ან განსხვავებული მიდგომა შეიძლება დაგეხმაროთ ტანტრუმთან გამკლავებაში და ასწავლოს თქვენს ბავშვს ემოციებთან გამკლავების სასიცოცხლო უნარები.
როგორ არ შევუწყოთ ხელი ტანტრუმს
ყურადღება მიაქციეთ, რა იწვევს ბავშვის გაღიზიანებას და დაგეგმეთ შესაბამისად. მაგალითად:
დარწმუნდით, რომ საკმარის დასვენებას და საკვებს იღებს. ტანტრუმი უფრო ხშირია, როცა ბავშვი დაღლილი ან მშიერია. იქონიეთ ჯანსაღი წასახემსებელი ჩანთაში ან მანქანაში, რათა თავიდან აირიდოთ შიმშილით გამოწვეული ტანტრუმი.
დაგეგმეთ გონივრულად. დაგეგმეთ გარეთ გასვლები, მაგ. სასურსათო მაღაზიაში წასვლა, როდესაც ის უკეთ გრძნობს თავს – უფრო დასვენების დღეებში, ვიდრე ბაღის შემდეგ.
წინასწარ შეამზადეთ ახალ აქტივობაზე გადასვლამდე. მაგ. იმის ცოდნა, თუ როდის უნდა დატოვოთ სათამაშო მოედანი, აძლევს მას შანსს შეეგუოს პროტესტის ნაცვლად. შეგიძლიათ უთხრათ, „კიდევ ხუთჯერ გაქანდები საქანელაზე და შემდეგ წავალთ სახლში“, შემდეგ დაითვალეთ და განაგრძეთ არჩევანით: „სახლში წასვლისას სვიტერს ჩაიცვამ თუ არა?“
იქონიეთ გეგმა და დასახეთ მოლოდინები. მაგ. სასურსათო მაღაზიაში წასვლამდე უთხარით ბავშვს „ჩვენ სადილისთვის პროდუქტები უნდა ვიყიდოთ. ვიყიდით მხოლოდ იმას, რაც ამ სიაშია. შენ შეგიძლია მომაძებნინო ყველაფერი, რაც წითელია – ვაშლი, პომიდორი, წიწაკა.“ ან თუ პარკიდან წასვლა ბრძოლას იწვევს, შექმენით წასვლის რუტინა. უთხარით, „გახსოვდეს, როდესაც განიშნებ, ბოლოჯერ უნდა ჩამოსრიალდე და მანქანაში ჩაჯდე სახლში წასასვლელად.“
შესთავაზეთ შეზღუდული არჩევანი. არავის მოსწონს, როდესაც ყოველთვის ეუბნებიან, რა უნდა გააკეთოს. ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ „ჭამე სიმინდი“, სჯობს უთხრათ „სიმინდი გირჩევნია თუ სტაფილო?“, რაც მას კონტროლის გრძნობას ანიჭებს. მაგრამ ნუ მისცემთ ერთ ჯერზე ძალიან ბევრ არჩევანს, თორემ გადაიტვირთება.
ყურადღება მიაქციეთ, რამდენად ხშირად ამბობთ არას. თუ ეს ძალიან ხშირია, თქვენ სტრესავთ საკუთარ თავსაც და მასაც. შეგიძლიათ მეტი „ჰო“ უთხრათ სათამაშო მოედანზე, მაგრამ არ დათმოთ ტკბილეული.
შეარჩიეთ, რისთვის უნდა იბრძოლოთ. მოიფიქრეთ, სად არ დათმობთ არაფერს (მაგ. ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) და სად მისცემთ არჩევანის საშუალებას (მაგ. შეუსაბამო ტანსაცმლის ტარება).
ყურადღება მიაქციეთ გადატვირთვის, გადაღლის ნიშნებს. დიდი პრობლემები, როგორიცაა დაპირისპირება ოჯახში, გადატვირთული დღის წესრიგი, დაძაბულობა თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის შეიძლება იწვევდეს ტანტრუმს.
პრობლემების გადაჭრა. ყურადღება მიაქციეთ ტანტრუმის გამომწვევ მიზეზებს. თუკი ბავშვს ტანტრუმი ემართება, როდესაც ვინმესთან თამაშის დრო აქვს, იქნებ განგესაზღვრათ თამაშები, რომლებიც არ იწვევს პრობლემებს ან ჩაგერთოთ ბავშვი და მისი სტუმარი ისეთ აქტივობაში, რომელშიც მეტია თქვენი მეთვალყურეობა (მაგ. ხელსაქმე ან ცხობა თქვენთან ერთად).
ჩამოაყალიბეთ თანმიმდევრული რუტინა. ნებისმიერი ასაკის ბავშვი უფრო დაცულად გრძნობს თავს, როდესაც იცის, რას უნდა ელოდეს. დროის დაწესება წახემსებისათვის, კითხვისათვის, თამაშისათვის და ძილისწინა რიტუალებისთვის დაეხმარება მას იგრძნოს, რომ აკონტროლებს თავის ცხოვრებას.
როდის შევატყობინო ექიმს ტანტრუმის შესახებ?
დაუკავშირდით ექიმს, თუ:
– ბავშვს უცებ გაეზარდა ტანტრუმების რიცხვი ან მათი ინტენსივობა.
– სუნთქვას იკავებს გონების დაკარგვამდე.
– აქვს აფეთქებები, რომლებიც უფრო და უფრო უარესდება.
– ტკივილს აყენებს საკუთარ თავს ან სხვებს.
– აქვს ტანტრუმები, რომელიც შეიცავს აგრესიულ, ძალადობრივ ქცევას (ნივთების სროლა და გატეხა, ხელებისა და ფეხების დარტყმა).
– ბევრს ჩხუბობს და უარს ამბობს თანამშრომლობაზე.
– აქვს ტანტრუმები, რომელიც 25 წუთზე მეტ ხანს გრძელდება.
– არ შეუძლია ნორმალურ ქცევასთან მიბრუნება ტანტრუმებს შორის.
– აქვს კოშმარები, რეგრესიული ქცევა (მაგ. ტუალეტის ჩვევის დავიწყება) ან სხვა ქცევითი პრობლემები.
წყარო: www.babycenter.com
წაიკითხეთ ტანტრუმის შესახებ: