
დღევანდელ დღეს მშობლებს ბავშვებისთვის განკუთვნილი ძალიან ბევრი სხვადასხვა პროდუქტი ხვდებათ ეს იქნება სამკურნალო საშუალებები (რასაც წამალად, მედიკამენტად მოვიხსენიებთ), საკვები დანამატები, კოსმეტიკური ან სულაც „პარასამკურნალო“ საშუალებები. უმეტეს მათგანს გვთავაზობენ სხვადასხვა დაპირებებით: „აძლიერებს იმუნიტეტს“, „ახდენს ვირუსის პრევენციას“, „კურნავს ინფექციებს“, „ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას“ და სხვა.
თუმცა, ყველა ეს საშუალება ნამდვილად არ არის ის, რაც ერთი შეხედვით ჩანს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მშობლებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, იმოქმედონ ფრთხილად და განსაკუთრებული პასუხისმგებლობებით.
5 მნიშვნელოვანი რჩევა მშობლებს სამკურნალო საშუალებების შერჩევისას:
1. ყველაფერი წამალი არ არის
პირველ რიგში მნიშვნელოვანია განვასხვავოთ პროდუქტები. არსებობს:
• სამკურნალო (ფარმაცევტული) საშუალებები – არის ის, რასაც პოპულარულ ენაზე წამალსა და მედიკამენტს ვუწოდებთ. სტატიაში მოცემული ყველა სხვა საშუალებებს შორის, ეს არის ერთადერთი კატეგორია, რომელიც განკუთვნილია დაავადებების მკურნალობისა და პრევენციისთვის, ექვემდებარება ოფიციალურ რეგისტრაციას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ასევე მარეგულირებლის მხრიდან ექვემდებარება მკაცრ კონტროლს ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.
• საკვები დანამატები – რომლებიც არ არის განკუთვნილი დაავადებების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის.
• კოსმეტიკური ან ე.წ. „პარასამკურნალო“ საშუალებები – რომლებიც არ ექვემდებარება ისეთივე მკაცრ რეგულაციას როგორც სამკურნალო საშუალებები, არ ექვემდებარება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სავალდებულო რეგისტრაციას და არ გამოიყენება დაავადებების სამკურნალოდ და წარმოადგენს მხოლოდ დამხმარე საშუალებებს.
საშუალება, რომელსაც გააჩნია დაავადებების მკურნალობისა და პრევენციის დაპირება, კანონით ის უნდა იყოს რეგისტრირებული სამკურნალო სამკურნალო საშუალება. თუკი ეს ასე არ არის, აღნიშნული უკვე მნიშვნელოვანი სიგნალია სიფრთხილისთვის.
2. ყოველთვის გადაამოწმეთ ოფიციალურ რეესტრში
საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ოფიციალურ ონლაინ პორტალს, სადაც წარმოდგენილია ყველა რეგისტრირებული სამკურნალო საშუალება და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გადაამოწმოს პროდუქტი არის თუ არა:
• რეგისტრირებული და ავტორიზებული
• დამტკიცებული გამოყენებისთვის
👉 თუ პროდუქტი ამ პორტალში არ არის მითითებული, ეს ნიშნავს:
• ის ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული და არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას;
• მისი ხარისხი და უსაფრთხოება არ ექვემდებარება სამკურნალო საშუალებებისთვის განკუთვნილ მკაცრ კონტროლს მარეგულირებლის მხრიდან;
• აღნიშნულ პროდუქტს კანონიერად არ შეიძლება გააჩნდეს დაავადებების მკურნალობისა და პრევენციის დაპირებები.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ძლიერი ინსტრუმენტი, რაც მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ. გამოიყენეთ იგი, სანამ რომელიმე პროდუქტს ენდობით.
პორტალის გამოყენების ინსტრუქცია:
შევდივართ პორტალზე: https://pharmacy.moh.gov.ge/Pages/Products.aspx
- მონიშნეთ სავაჭრო.დასახ. ქართ./ინგლ/ ველი და ჩაწერეთ სასურველი სამკურნალო საშუალების დასახელება.
- დააჭირეთ ძებნას
- გაეცანით ინფორმაციას რეგისტრაციების შესახებ.


გთხოვთ გაითვალისწინოთ, პორტალზე დასახელების მოძებნის შემდეგ პროდუქტი თუ არ გამოგიჩნდათ, შესაბამისად ეს პროდუქტი არ არის რეგისტრირებული/ავტორიზებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
3. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია
სანამ ბავშვს რაიმე პროდუქტს მისცემთ აუცილებლად წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია (ანოტაცია). შეამოწმეთ:
• რა შემთხვევებში გამოიყენება (რა არის ოფიციალურად დამტკიცებული ჩვენება);
• ასაკობრივი შეზღუდვები;
• დოზირება;
• შესაძლო გვერდითი ეფექტები.
ბევრი მშობელი ამ ეტაპს ტოვებს – თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
4. დაუსვით კითხვები – ბრმად ნუ ენდობით
თუ პედიატრი რაიმე პროდუქტს გირჩევთ, სრულიად ნორმალურია ჰკითხოთ:
• ეს არის სამკურნალო საშუალება (მედიკამენტი), თუ დანამატი ან „პარასამკურნალო“ საშუალებაა?
• არის თუ არა ოფიციალურად რეგისტრირებული და დამტკიცებული?
• ნამდვილად სჭირდება თუ არა ეს პროდუქტი თქვენს შვილს?
თუ რაიმე პროდუქტი ინიშნება მკურნალობისა ან პრევენციის მიზნით, მაგალითად ანტივირუსული მოქმედების დაპირებით, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ის მხოლოდ საკვები დანამატი ან/და კოსმეტიკური საშუალებაა – აღნიშნული უკვე ყურადსაღები ფაქტია და მნიშვნელოვანია დაისვას კითხვები.
5. იყავით ფრთხილად შეცდომაში შემყვანი პრაქტიკის მიმართ
სამწუხაროდ, ბაზარზე არსებობს პროდუქტები, რომლებიც:
• დანამატებია, მაგრამ მედიკამენტებივით არის რეკლამირებული;
• განთავსებულია „შუა კატეგორიაში“, რათა რეგულაცია თავიდან იქნეს არიდებული;
• ან საერთოდ არარეგისტრირებული პროდუქტებია, რომლებიც ბაზარზე არაოფიციალურად ხვდება.
აღნიშნულ პროდუქტებს შესაძლოა ამ ყველაფრის მიუხედავად გააჩნდეთ სამკურნალო დაპირებები:
• მკურნალობენ ინფექციებს
• გამოიყენება დაავადების პრევენციისთვის
• ან ცვლიან რეალურ სამკურნალო თერაპიას
ეს შეცდომაში შემყვანია – და შესაძლოა სახიფათოც.
ბავშვები პატარა ზრდასრულები არ არიან
ბავშვები – განსაკუთრებით ჩვილები – ბევრად უფრო მგრძნობიარეები არიან მედიკამენტების მიმართ.
• ბევრი სამკურნალო საშუალება პატარა ბავშვებში შეზღუდულად ან საერთოდ არ გამოიყენება
• ჩვილებში გვერდითი ეფექტების რისკი უფრო მაღალია
• არასწორად შერჩეულმა, არასანდო საშუალების გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს
ეს ნიშნავს, რომ ფრთხილი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
დასკვნა:
ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია. როგორც მშობლები, ბრმად არ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ მარკეტინგს, შეფუთვასა და სწრაფ რეკომენდაციებს.
ამის ნაცვლად:
• გადაამოწმეთ პროდუქტები;
• წაიკითხეთ ინსტრუქცია;
• დასვით კითხვები;
• იყავით ინფორმირებულები და ყურადღებიანები;

