პლატფორმა “დედამ იცის” გიზიარებთ ფსიქოლოგ ლელა ტყეშელაშვილის რჩევებს, რომლებიც მასწავლებლებს დაეხმარებათ ზაფხული ნაყოფიერად გაატარონ და შეძლონ ძალების აღდგენა მომავალი სასწავლო წლისთვის.
მოვა სექტემბერი, როცა არა მხოლოდ მოსწავლეებს, თქვენს თავსაც შეეკითხებით: „როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები?“.
დროულად შეუდექით საზაფხულო გაჯანსაღებას, დაისვენეთ ფიზიკურად: იმოძრავეთ, აკონტროლეთ მიღებული სითხის რაოდენობა, გამოიძინეთ, დალიეთ საყვარელი ცხელი სასმელი აივანზე, ეზოში ან ღია ფანჯარასთან, მოუარეთ სხეულს.
გაიხსენეთ, ბოლოს როდის იგრძენით თავი დასვენებულად და ბედნიერად, რამ მოგანიჭათ ეს განცდა, რათა დააგროვოთ ინდივიდუალურად თქვენზე მორგებული სტრატეგიები და, საჭიროების შემთხვევაში, თავდაჯერებულად გამოიყენოთ ისინი.
განსაზღვრეთ კონკრეტული დრო, როცა „გამოირთვებით ქსელიდან“, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით: არავითარი ეკრანი, არავითარი ელექტროხელსაწყო თუ ელექტრონული ფოსტა. დაიწყეთ იმით, რომ უბრალოდ ისადილეთ ტელეფონის თანხლების გარეშე.
გადადეთ სექტემბრისთვის სახელმძღვანელოები, ღრმად ინტელექტუალური და შემეცნებითი წიგნები, წაიკითხეთ ისეთი რამ, რაც, შესაძლებელია, ე.წ. „მაღალი ხელოვნების“ ნიმუში არც იყოს, არც პრესტიჟულობით გამოირჩეოდეს. მთავარია იყოს მსუბუქი, თქვენთვის საინტერესო, უბრალოდ და მარტივად მოგანიჭოთ სიამოვნება.
საგანგებოდ გაცხრილეთ და შეარჩიეთ საკონტაქტო ადამიანების ჯგუფი: გაატარეთ მეტი დრო მათთან, ვინც გიყვართ და გენატრებათ.
საკუთარ თავზე ზრუნვა მხოლოდ სასიამოვნო საქმის კეთება როდია, არამედ ისიც, რომ თავს უფლება მისცეთ, უარი თქვათ უსიამოვნო საქმის შესრულებაზე. არანაკლებ რთულია თქვა: „არა!“ და ამით საკუთარ თავს შეახსენო, რომ მნიშვნელოვანი ხარ.
გამოიყენეთ აუთსორსინგი თქვენი ყოველდღიური მოვალეობების შესასრულებლად – არ მოგეჩვენათ, და არც მენეჯმენტის სახელმძღვანელოს კითხულობთ. აუთსორსინგი საჭირო მომსახურების გარე წყაროდან მიღებას გულისხმობს. თუ ეს დაგეხმარებათ, თავს დასვენებულად და მხნედ გრძნობდეთ და ფინანსურადაც არ დაზარალდებით, ვფიქრობ, ღირს ამაზე დაფიქრებაც. რა თქმა უნდა, არავითარი პრობლემა არ არის მტვერსასრუტით სახლის დასუფთავება ან მანქანის გარეცხვა, თუკი თავისუფალი დრო გაქვს. მაგრამ არდადეგები თავისუფალ დროსთან არ უნდა გააიგივოთ. მასწავლებელთა უმეტესობა კი მას სწორედ ასე უყურებს და მთელი წლის დაგროვილი საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულებას სწორედ ზაფხულში გეგმავს. როდისღა დაისვენებთ და აღიდგენთ ძალებს?
დასვენება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მას სიზარმაცესა და უპასუხისმგებლობაში ნუ აურევთ. მცირე დოზით ეგოიზმიც დასაშვებია, განსაკუთრებით კი საკუთარ დროსთან მიმართებით: გამოყავით დრო იმისათვის, რომ აკეთოთ, რაც გსურთ ან სულაც არაფერი აკეთოთ. ეს დრო თქვენია და სრული უფლება გაქვთ, ის სურვილისამებრ, სინდისის ქენჯნის გარეშე გამოიყენოთ.
წყარო: მასწავლებელთა ჯგუფი