დამოუკიდებლად ჯდომა თქვენს ბავშვს აძლევს სამყაროს ხედვის ახალ პერსპექტივას. როდესაც მისი ზურგისა და კისრის კუნთები საკმარისად ძლიერი იქნება, იმისთვის რომ ვერტიკალურად დაიჭიროს ის, ბავშვი თანდათან იმასაც მიხვდება, როგორ დადგას ფეხები, რომ არ გადაკოტრიალდეს და დაიწყებს ხოხვაზე, დგომასა და სიარულზე გადასვლას.
რა ასაკში ჯდებიან ბავშვები
თქვენი პატარა, სავარაუდოდ დამოუკიდებლად ჯდომას ისწავლის დაახლოებით 4-დან 7 თვემდე. ამისათვის, თქვენს ბავშვს უნდა შეეძლოს გადაბრუნება და თავის დაჭერა. ბავშვთა უმეტესობას დახმარების გარეშე რამდენიმე წუთის განმავლობაში ჯდომა შეუძლია 8 თვის ასაკიდან.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს წამოჯდომის სწავლაში?
თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ თქვენს ბავშვს ჯდომაში პირველივე დღიდან, მაგრამ ნამდვილი დამოუკიდებლობა მხოლოდ თავის კონტროლის შემდეგ იწყება. მუცელზე წოლის დროს თავისა და მკერდის წამოწევა ეხმარება თქვენს ბავშვს კისრის კუნთების გაძლიერებაში და ავითარებს თავის კონტროლს, რაც საჭიროა ჯდომისათვის. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მას მუცელზე თამაშისას თავის წამოწევის სურვილის აღძვრით.
ბრჭყვიალა, ხმაურიანი სათამაშო ან სარკე ასევე კარგი გზაა იმაში დასარწმუნებლად, რომ მისი სმენა და მხედველობა სწორად ვითარდება. თუ თქვენი ბავშვი საკმაოდ თავდაჯერებულად შეძლებს ჯდომას, დაუდეთ სათამაშოები ან სხვა დამაინტრიგებელი ნივთები წვდომის არის მიღმა – ისინი მიიპყრობენ მის ყურადღებას და ის ისწავლის წონასწორობის შენარჩუნებას ხელების დახმარებით.
როგორც ყოველთვის, და განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ჯდომას სწავლობს, იყავით მასთან ახლოს რომ არ წაიქცეს.
სამიდან ოთხ თვემდე
თქვენი ბავშვის კისრისა და თავის კუნთები სწრაფად ძლიერდება და ის ისწავლის თავის წამოწევას და დაჭერას მუცელზე წოლის დროს. შემდეგ ის გაარკვევს, როგორ დაეყრდნოს ხელებს და წამოწიოს მკერდი, აზიდვების მსგავსად. ამ დროისათვის შეგიძლიათ ის ჩასვათ ასაკის შესაბამის სკამში ან დასვათ მისაყუდებლების (მაგალითად, ბალიშებით) დახმარებით.
ხუთიდან ექვს თვემდე
თქვენს ბავშვს შეეძლება კარგად ჯდომა საყრდენის დახმარებით, თავის მაღლა დაჭერა და ზურგის სწორად შენარჩუნება. მას შეეძლება ჯდომა „სამფეხა პოზიციაში“ – განზე გაშლილი ფეხებით და მათ შორის დაყრდნობილ ხელებზე წონასწორობის შენარჩუნებით. თქვენმა პატარამ შეიძლება შესძლოს ცოტა ხნით თქვენი დახმარების გარეშე დაჯდომაც. იყავით მის სიახლოვეს დასახმარებლად და უზრუნველყავით (გარს შემოუწყეთ) ბალიშებით შესაძლებელი დაცემის შესარბილებლად.
შვიდიდან რვა თვემდე
თქვენს ბავშვს სავარაუდოდ შეუძლია საყრდენის გარეშე (დაუხმარებლად) ჯდომა, სწორი ზურგით. ეს გაუთავისუფლებს ხელებს გარემოზე დაკვირვებისათვის და ისწავლის, როგორ მობრუნდეს ჯდომისას, რათა მისწვდეს სასურველ სათამაშოს.
ამ დროს მან შეიძლება სცადოს მუცელზე წოლიდან წამოჯდომა ხელებზე წამოწევით. 8 თვის ასაკისათვის ის ალბათ შეძლებს კარგად ჯდომას საყრდენის გარეშე.
რა ვქნათ, თუ ბავშვი არ ჯდება?
თუ თქვენს ბავშვს არ შეუძლია თავის მყარად დაჭერა დაახლოებით 4 თვის ასაკში და არ დაუწყია ხელებზე დაყრდნობის სწავლა, ან არ შეუძლია 9 თვის ასაკისათვის დამოუკიდებლად ჯდომა, შეატყობინეთ ამის შესახებ მის ექიმს.
ბავშვებს უნარები სხვადასხვაგვარად უვითარდებათ, ზოგს სხვებზე სწრაფად, მაგრამ თავის დაჭერა არსებითია დამოუკიდებლად ჯდომისათვის და ჯდომა აუცილებელია ხოხვის, დგომისა და სიარულის სწავლისათვის.
გახსოვდეთ, რომ დღენაკლულმა ბავშვებმა ეს ან სხვა რამ შესაძლოა თავიანთ თანატოლებზე გვიან შეძლონ.
ბავშვი წამოჯდა, რა არის შემდეგი ეტაპი?
მას შემდეგ, რაც თქვენი ბავშვი ისწავლის ჯდომისას წინ დახრას და ხელებსა და მუხლებზე წონასწორობის შენარჩუნებას, მას შეიძლება წინ ან უკან დაოთხილი სიარულის სურვილი გაუჩნდეს 6-7 თვის ასაკისათვის და დაიწყოს ხოხვა 10 თვისათვის. თქვენი ბავშვი ახლა უკვე ძალიან მოძრავი და ცნობისმოყვარეა, ასე რომ ბავშისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა ძალიან მნიშნელოვანია. სხვათაშორის, ბევრი პედიატრი გვირჩევს მოვიცადოთ, ვიდრე ბავშვი შეძლებს ჯდომას მინიმალური მხარდაჭერით, ვიდრე დავიწყებთ მისთვის მყარი საკვების მიცემას.
წყარო: www.babycenter.com