Skip to content Skip to sidebar Skip to footer

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს კბილები ამოსდის?

თქვენს შვილს შეიძლება კბილები უპრობლემოდ ამოეჭრას, მაგრამ ზოგიერთი ბავშვისთვის ეს პროცესი მტკივნეული და ხანგრძლივია.

კბილების ამოჭრის ნიშნებია:

  • გაწითლებული და დაბერილი ღრძილები
  • გაწითლებული ლოყები ან სახე
  • გაძლიერებული ნერწყვდენა
  • ღრძილების ხეხვა, კბენა ან წოვა
  • ყურის სრესა იმ მხარეს, საითაც კბილი ამოსდის
  • ძილის ნაკლებობა ღამით და სიფხიზლე დღისით
  • უმადობა
  • გაღიზიანებულობა

თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა ან ფაღარათი (დიარეა) აქვს, უმჯობესია, თუ ამას ცალკე პრობლემად განიხილავთ და ექიმს შეატყობინებთ.

ჩემს ბავშვს აქვს გამონაყარი ნიკაპზე დორბლის გამო. როგორ ვუმკურნალო?

ნაზად მოუწმინდეთ დორბლი ბამბის ქსოვილით, რაც შეიძლება ხშირად. ასევე, შეგიძლიათ წაუსვათ დამცავი კრემი ძილის წინ.

რატომ არის კბილების ამოჭრა ასე მტკივნეული?

თქვენი შვილის კბილების განვითარება დაიწყო ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ის თქვენს მუცელში იმყოფებოდა. კბილების ჩანასახი წარმოიქმნა ღრძილებში. ახლა კბილები ღრძილებიდან ამოდის. ამიტომ არის კბილების ამოჭრა მტკივნეული. სილიკონის რგოლის ღეჭვისას კბილებზე დაწოლამ შესაძლოა შეამსუბუქოს ტკივილი. წოვამ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპებულ არეებზე სისხლის მოჭარბება, რაც მათ განსაკუთრებით მგრძნობიარედ აქცევს. ამიტომ შეიძლება უარი თქვას ძუძუს ან ბოთლის წოვაზე.

რომელია საუკეთესო გზა კბილების ამოჭრის ტკივილების გასაყუჩებლად?

  • თითით დაუმუშავეთ ღრძილები. ეს მას ცოტა ხნით გაუყუჩებს ტკივილს.
  • მიეცით ღრძილების მასაჟორი. სილიკონის რგოლები ჯერ საყინულეში მოათავსეთ ცოტა ხნით და მერე ბავშვს მიეცით საღეჭად. ეს მას ტკივილს შეუმცირებს.
  • მიეცით მატყუარა საწოვარა. შეიძლება წოვამ დაამშვიდოს.

შემიძლია გამოვიყენო ღრძილების გელები?

ისინი შეიცავენ ადგილობრივ ანესთეტიკებსა და ანტისეპტიკებს, აქვთ ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მათი მოქმედება მოკლევადიანია, მხოლოდ 20 წუთს გრძელდება. თუ გადაწყვეტთ გელის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ ანოტაცია, რადგან ზოგიერთი მათგანი შეიცავს ლიდოკაინს და არ არის სასურველი.

თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, უშუალოდ კვების წინ არ წაუსვათ ღრძილებზე გელი, რადგან შეიძლება მისი ენის ან თქვენი არეოლის (ძუძუს ყავისფერი ნაწილი) დაბუჟება გამოიწვიოს, რაც ხელს შეგიშლით მის გამოკვებაში.

შემიძლია მივცე პარაცეტამოლი გამაყუჩებლად?

დიახ. მიეცით პარაცეტამოლის შემცველი საბავშვო სიროფები ან იბუპროფენი, თუ ის 6 თვეზე მეტისაა. დოზირებისთვის დაუკავშირდით ბავშვის პედიატრს.

ყურადღებით იყავით, რომ არ გამოგრჩეთ სერიოზული ავადმყოფობა. მაგალითად, ყურის ინფექცია ხშირად ერევათ კბილის ამოჭრის ტკივილში. თუ ბავშვი გამოიყურება ავადმყოფურად, აქვს მაღალი სიცხე, მიმართეთ ექიმს.

რამდენ ხანს გრძელდება კბილების ამოჭრა?

ბავშვს პირველი კბილი დაახლოებით 5-7 თვისთვის ამოეჭრება, მაგრამ ნუ იღელვებთ თუ უფრო დიდი ხანი დასჭირდება ამისთვის. ეს არ მიუთითებს კალციუმის ნაკლებობაზე. 2.5 წლისთვის თქვენს პატარას ოცივე სარძევე კბილი უნდა ჰქონდეს.

  წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5