Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მოზარდის აღზრდა ყოველთვის ადვილი არ არის. მათ სჭირდებათ უფროსები, რომლებიც გაატარებენ მათთან დროს, დაინტერესდებიან მათი სასიხარულო ამბებით და პრობლემებით. თინეიჯერებთან საუბარი სექსთან დაკავშირებულ თემებზე, მათ შორის ჯანსაღ ურთიერთობებზე, შიდსზე და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე (სგგდ) და დაუგეგმავ ორსულობაზე პოზიტიური აღზრდის ნაწილია და კვლევები ცხადყოფს, რომ ამ საუბრებით იზრდება მშობლებისა და მათი მოზარდების ურთიერთობის სიხშირე და ხარისხი.

აქვს თუ არა მოზარდებთან სექსზე საუბარს მნიშვნელობა?

მოზარდების აზრით, პასუხი არის “დიახ”. თინეიჯერები აცხადებენ, რომ მათ მშობლებს უფრო დიდი გავლენა აქვთ სექსზე მათ გადაწყვეტილებებზე, ვიდრე მეგობრებს, და-ძმებსა თუ მედიას. მათი უმეტესობა ასევე ამბობს, რომ ისინი იზიარებენ მშობლების ღირებულებებს სექსთან დაკავშირებით და სექსის გადადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილი იქნება, თუ მშობლები ღიად და გულახდილად ესაუბრებიან.

მრავალი მკვლევრის აზრით, პასუხი არის „დიახ“. კვლევებმა აჩვენა, რომ თინეიჯერები, რომლებიც აცხადებენ, რომ მშობლებთან სექსზე საუბრობენ, უფრო გვიან იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას და იყენებენ პრეზერვატივებს სექსის დროს.  მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ კომუნიკაციის შემდეგმა მნიშვნელოვანმა ასპექტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს მოზარდის სექსუალურ ქცევაზე:

  • რას ეტყვიან შვილებს?
  • როგორ ეტყვიან?
  • რამდენად ხშირად ეტყვიან?
  • რამდენად გრძნობენ მოზარდები მშობლებისგან ზრუნვასა და გაგებას?

რაც არ უნდა უხერხული იყოს, სექსუალური განათლება მშობლის პასუხისმგებლობაა.  ამიტომ, ღრმად ჩაისუნთქეთ და მოემზადეთ შვილთან სექსზე სალაპარაკოდ. თუ სრულყოფილ მომენტს ელით, შეიძლება საუკეთესო შესაძლებლობები გამოტოვოთ. ნაცვლად ამისა:

გამოიყენეთ მომენტი. სექსს მედიაში ხშირად ახსენებენ. იხელთეთ დრო ფილმის ან ახალი ამბების ყურებისას, როცა „თემა მოიტანს“.

იყავით გულწრფელი. თუ თქვენ უხერხულად გრძნობთ თავს, უთხარით და თან აუხსენით, რომ საუბრის გაგრძელება მნიშვნელოვანია. თუ არ იცით, როგორ უპასუხოთ მოზარდის შეკითხვებს, შესთავაზეთ პასუხების ერთად მოძებნა.

იყავით პირდაპირი. ნათლად გამოხატეთ თქვენი გრძნობები კონკრეტულ საკითხებზე, აუხსენით რისკებზე, მათ შორის  ემოციურ ტკივილზე, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებსა და დაუგეგმავ ორსულობაზე.

გაითვალისწინეთ მოზარდის აზრი. ნუ წაუკითხავთ ლექციებს და ნუ დააშინებთ სექსუალური აქტივობის ასარიდებლად. ამის ნაცვლად, ყურადღებით მოუსმინეთ და გაიგეთ თქვენი მოზარდის ზეწოლის, გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ.

აუხსენით, რომ ნორმალურია თქვენთან საუბარი სექსზე,  როდესაც მას კითხვა ან შფოთვა ექნება. უთხარით: „მიხარია, რომ ჩემთან ისაუბრე ამ თემაზე“.

რთული თემების მოგვარება

იყავით მზად ასეთი კითხვებისთვის:

როგორ გავიგო, რომ მზად ვარ სექსისთვის? სხვადასხვა ფაქტორი – თანატოლების ზეწოლა, ცნობისმოყვარეობა და მარტოობა, – ზოგიერთ მოზარდს უბიძგებს ადრეული სექსუალური აქტივობისკენ. შეახსენეთ თქვენს მოზარდს, რომ კარგია დალოდება. სექსი ზრდასრული ადამიანის ქცევაა. მანამდე კი სითბოს გამოხატვის მრავალი სხვა გზა არსებობს – ინტიმური საუბრები, ხანგრძლივი სეირნობა, ხელების ჩაჭიდება, მუსიკის მოსმენა, ცეკვა, კოცნა, შეხება და ჩახუტება.

რა მოხდება, თუ ჩემს შეყვარებულს სურს ჰქონდეს სექსი, მე კი არა? აუხსენით, რომ არავის არ უნდა ჰქონდეს სექსი ვალდებულების ან შიშის გამო. იძულებითი სექსის ნებისმიერი ფორმა არის გაუპატიურება, იქნება ეს მოძალადე უცხო ადამიანი თუ ის, ვისაც ხვდება. მკაფიოდ აუხსენით,  რომ „არა“ ყოველთვის ნიშნავს „არას“. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ალკოჰოლი და ნარკოტიკები აფერხებს განსჯას და ამცირებს აკრძალვას, რაც ზრდის პაემანზე გაუპატიურების ალბათობას.

თუ ვფიქრობ, რომ გეი ვარ? ბევრ თინეიჯერს რაღაც ეტაპზე კითხვები უჩნდება საკუთარ ორიენტაციასთან დაკავშირებით. დაეხმარეთ თქვენს შვილს – გააცნობიეროს, რომ ის მხოლოდ ახლა იწყებს სექსუალური ლტოლვის გამოკვლევას. დროთა განმავლობაში ეს გრძნობები შეიძლება შეიცვალოს და თუ არ შეიცვლება, ესეც მშვენიერია. ოჯახის მიღებამ ლგბტ ახალგაზრდები შეიძლება დაიცვას სხვადასხვა რისკებისგან, რომელთა შორისაა სსგდ, დეპრესია და თვითმკვლელობის მცდელობა.

უპირველეს ყოვლისა, უთხარით თქვენს მოზარდს, რომ უპირობოდ გიყვართ. შეაქეთ საკუთარი გრძნობების გაზიარების გამო. მოუსმინეთ მეტი და ნაკლები ილაპარაკეთ.

ქცევაზე პასუხი

თუ მოზარდი სექსუალურად აქტიური ხდება თქვენი აზრის გათვალისწინების გარეშე, საუბარი მით უმეტეს მნიშვნელოვანია. გამოხატეთ თქვენი გრძნობები ღიად და პატიოსნად. გაუზიარეთ თქვენს შვილს თქვენი მოლოდინი, რომ ის სერიოზულად მოეკიდება სექსს და მასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას.

ხაზგასმით აღნიშნეთ უსაფრთხო სექსის მნიშვნელობა და დარწმუნდით, რომ თქვენს თინეიჯერს ესმის, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი სგგდ-სგან და დაუგეგმავი ორსულობისგან.

ეს ინფორმაცია მას ექიმმაც შეიძლება მიაწოდოს და ასევე მას  შეუძლია ხაზი გაუსვას ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) რუტინული ვაქცინაციის მნიშვნელობას, როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისათვის, გენიტალური კონდილომების, პირის ღრუსა და ყელის, საშვილოსნოს ყელის, ანუსისა და პენისის კიბოს თავიდან ასაცილებლად.

წყარო: www.cdc.gov, www.mayoclinic.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5