ახალშობილის ძილი ბევრი ახალი მშობლისთვის რთული გამოწვევაა. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ გამოთქმა „ბავშვივით ძილი“ სულაც არ ნიშნავს მშვიდ და ღრმა ძილს.
ზოგიერთ ახალშობილს დღე და ღამე არეული აქვს
ზოგიერთი ახალშობილი ღამე საათში ერთხელ იღვიძებს საჭმელად და მშობლის სიყვარულისა და მზრუნველობის მისაღებად. ეს რთულია მშობლებისთვის, რადგან მოზრდილების ორგანიზმი მიჩვეულია ღამე ხანგრძლივ ძილს. ბავშვები დღისით ინაზღაურებენ ძილს და ეცადეთ, თქვენც წაუძინოთ მათთან ერთად და გახსოვდეთ, რომ ეს დროებითია. როდესაც თქვენი პატარას ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემა მომწიფდება, მისი ძილის ციკლი უფრო გახანგრძლივდება. ჩვილების უმრავლესობა 1 თვეში ეჩვევა ოჯახის ძილის გრაფიკს.
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ღამით მშვიდი, ჩაბნელებული გარემოს შექმნით, ხოლო დღისით მეტი ელაპარაკეთ და ოთახი გაანათეთ. ეს მას ასწავლის, რომ ღამე ძილისთვისაა.
ახალშობილის ძილი ცვალებადი და არაპროგნოზირებადია
ახალშობილებს, როგორც წესი, სძინავთ დღეში 14 – დან 18 საათამდე პირველ კვირაში და 12 – დან 16 საათამდე თვის ასაკში. (იმის გამო, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება, ზოგს საკმაოდ ნაკლები ან საშუალოზე ცოტა სძინავს). მშობლების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ახალშობილების დაძინება რთული საქმეა, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც პირიქით, შფოთავენ იმის გამო, რომ ბავშვებს მუდმივად სძინავთ და 5 წუთით ძლივს იღვიძებენ.
ახალშობილის ძილისთვის აუცილებელი არ არის მშვიდი გარემო
პატარამ 9 თვე საშვილოსნოში გაატარა, რომელიც სულაც არაა მშვიდი ადგილი. დედის გულისცემის, საჭმლის მომნელებელი სისტემის და სხვა სასიცოცხლო ფუნქციების ხმები საკმაოდ მაღალია. ამიტომ, ახალშობილების უმეტესობას შეუძლია ნათელ, ხმაურიან ადგილებში ძილიც. კოლიკის დროს კი „თეთრი ხმაური“ ამშვიდებთ – განმეორებითი, მონოტონური ხმები, მაგალითად სარეცხი მანქანის ან თმის საშრობის.
ისიამოვნეთ ამ პერიოდით, რადგან შემდეგ თვეებში თქვენს ბავშვს უკვე გააღვიძებს ხმაური და შესაძლოა, თითისწვერებზე მოგიწიოთ სიარული.
ახალშობილს აქვს ძილის თანდაყოლილი თავისებურებები
ბავშვის ტემპერამენტს დიდი მნიშვნელობა აქვს. გარკვეულწილად მასზეა დამოკიდებული, პატარას ძილი ეყვარება თუ არა. ზოგიერთი ახალშობილი მიდრეკილია იმისკენ, რომ ძილს ებრძოლოს, ზოგი კი უფრო მარტივად დამყოლია.
იმის მიუხედავად, როგორი ტემპერამენტის ბავშვი გყავთ, შეგიძლიათ იზრუნოთ მისთვის ძილისწინა რუტინის ჩამოყალიბებაზე.
ახალშობილს სჭირდება სპარტანული საძილე სივრცე
ლოგინი საბნების და ბალიშების გარეშე? დიდებს ეს შეიძლება გრილად და არაკომფორტულად მოეჩვენოს, თუმცა ახალშობილისთვის ყველაზე უსაფრთხოა დავაწვინოთ ზურგზე მყარ მატრასზე, რომელსაც ზეწარი მჭიდროდ ექნება შემოხვეული.
მოაცილეთ ბავშვის საწოლიდან ბალიშები, გადასაფარებლები, სათამაშოები, გამოსაკრავები ე.წ. „ბამპერები“, რათა შეამციროთ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი.
წყარო: https://www.babycenter.com/