უამრავი სამედიცინო მითი არსებობს, ახლა გადავწყვიტეთ სამი გავრცელებული მითის შესახებ გიამბოთ. პედიატრი მაკა ლომიძე გვესაუბრება, რასთან არის დაკავშირებული ბავშვისთვის აცრის შემდგომ ბანაობის აკრძალვა და რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ე.წ. “ზელიონკას” ანუ ბრილიანტის მწვანეს და ძმრიანი წინდების გამოყენება ბავშვებთან.
პედიატრები მშობლებს ხშირად აფრთხილებენ, რომ აცრის შემდგომ ბავშვების ბანაობისგან თავი შეიკავონ. რა რისკის შემცველი შეიძლება იყოს აცრის შემდგომ ბავშვის დაბანა?
ჩემი აზრით, დაბანის აკრძალვასთან დაკავშირებული მითი ყვავილის აცრას უკავშირდება, რომელმაც დროთა განმავლობაში სახე იცვალა, წყაროსთან კავშირი დაკარგა. ყვავილი ვირუსული დაავადებაა, რომლის საბოლოო ერადიკაციაც მსოფლიოს მასშტაბით 1980 წელს სწორედ ვაქცინაციის დამსახურებით მოხდა. ვაქცინა ცოცხალი დასუსუტებული ტიპის ვაქცინებს მიეკუთვნება. აცრის შემდეგ, დიდი ყურადღება ექცეოდა ანაცრელი ადგილის დაცვას დოლბანდით, ქავილის გამო უნებურად ხელის მოკიდებით სხეულის სხვა ნაწილზე ან სხვა ადამიანზე ვირუსის გადატანის და გადადების პრევენციის მიზნით (ვაქცინაციის ადგილზე ხდება დასუსტებული, ვირუსის რეპლიკაცია – 5 დღეში მცირე პაპულა, 10 დღეში კი სითხოვანი ან ჩირქოვანი შიგთავსის მქონე ბუშტუკი ყალიბდა, შემდეგი 21 დღის მანძილზე ბუშტუკი შრება და ჯერ ფუფხი, შემდეგ კი ნაწიბური ყალიბდება).
ნაწიბურის ჩამოყალიბებამდე ინექციის ადგილი მუდმივად უნდა ყოფილიყო დაფარული დოლბანდით, სასურველი იყო გრძელმკლავიანი ტანსაცმელის ტარება და დაბანისას წყალგაუმტარი პლასტირით დაფარვა ( დაბანა არ იკრძალებოდა, ცხადია) გახეხვისას ვირუსის სხეულის სხვა ნაწილებზე უნებლიეთ გადატანის პრევენციის მიზნით…
ამჟამად არსებული არც ერთი ვაქცინა, მსგავს “მოვლას” არ საჭიროებს, კეთდება მხრის/ბარძაყის (ასაკის შესაბამისად) კუნთში ან კანქვეშ და დასველება დაბანის და სხვა რაიმე შემთხვევითობის გზით არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
გვესაუბრეთ ე.წ “ზელიონკაზე”. რატომ არ შეიძლება გამოყენება, ვიცით რომ მშობლები ხშირად იყენებენ. რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ბავშვისთვის?
ბრილიანტის მწვანე (სინონიმები: ეთილის მწვანე ან ბენზალდეჰიდის მწვანე) გამოიყენებოდა აბრეშუმის და მატყლის შესაღებად. მაგრამ დადებით ბაქტერიებზე ანტისეპტიკური მოქმედების გამო საბჭოთა კავშირში ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც ანტისეპტიკური გარეგანი საშუალება. დასავლეთში არ იყო პოპულარული, არც ადრე და არც ახლა.
შინაგანი მიღებისას (თუ გადაყლაპეთ) ავლენს მნიშვნელოვან ტოქსიკურობას. საფრთხილოა მისი გარეგანი გამოყენებაც, რადგან აღიზიანებს კანს, შემთხვევით ლორწოვანზე ან თვალში მოხვედრისას, გარდა გაღიზიანებისას შეიძლება დააზიანოს რქოვანა და კერატიტიც გამოიწვიოს. გაცხელების შემთხვევაში აზოტის, გოგირდის და ნახშირწყლების ტოქსიური აირი წარმოიქმნება, რომელთა ჩასუნთქვამ ინტოქსიკაცია შეიძლება გამოიწვიოს.
და ბოლოს, ძმრიანი წინდების მითზეც გვესაუბრეთ. რა შეიძლება იყოს მისი ალტერნატივა?
თუ არ გავითვალისწინებთ უსიამოვნო სუნს, რაც ასევე არ არის მეორეხარისხოვანი, ძმარი შეიცავს ალკოჰოლს. აორთქლების შემდეგ ჩასუნთქულმა აირმა, შეიძლება ბავშვის ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ტემპერატურის დასაწევად ფიზიკური მეთოდების გამოყენებისას, საკმაოდ ეფექტურია და ძმრისგან განსხვავებით უსაფრთხოც, ჩვეულებრივი, ოთახის ტემპერატურის (და არა ცივი) წყალში დასველებული და გაწურული პირსახოცით სხეულის გაწმენდა.