Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმის “დედამ იცის” კითხვებს უპასუხებს ექიმი რეზიდენტი, რეპროდუქტოლოგი ეკატერინე კვირკველია. 

წინა ორ ინტერვიუში თქვენ ჩვენს პლატფორმასთან საუბრობდით კონტრაცეფციის ჰორმონულ და არაჰორმონულ სახეებზე. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ქალი მიმართავს კონტრაცეფციის  სახეობას, რომელიც ცნობილია, როგორც საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციული მოწყობილობა, ე. . სპირალი. გვითხარით, რამდენად ეფექტური კონტრაცეფციული საშუალებაა ორსულობის პრევენციისთვის  და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი? 

საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა (სშმ) – კონტრაცეფციის ერთ-ერთი ვარიაციაა.

ის არის მცირე ზომის, T-ს ფორმის მოწყობილობა, რომელსაც ვაგინის და საშვილოსნოს ყელის გავლით, ექიმი ან ექთანი შეიყვანს საშვილოსნოში. სპირალები მზადდება მოქნილი პლასტმასით და გააჩნია 2 თხელი სიმი/ძაფი, რომლებიც ოდნავ გარეთ გამოდის და  საშვილოსნოს ყელში ჰკიდია. საშვილოსნოს შიდა საშუალებები მცირე ზომის გახლავთ, 2.5 სმ-ზე ოდნავ დიდი სიგანესა და სიგრძეში. 

სპირალი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია ორსულობის პრევენციისთვის. ის განსაკუთრებით კარგი არჩევანია მათთვის (მათ შორის თინეიჯერებისთვისაც), ვისაც არ სურს ორსულობა მინიმუმ 1 წელი. სპირალი ასევე გადაუდებელი კონტრაცეფციის სახეც გახლავთ, ის დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან 5 დღის მანძილზე ისმება.

სშს-ის ერთ-ერთი ფორმა კონტრაცეფციის გარდა გამოიყენება მტკივნეული და მძიმე მენსტრუალური ციკლების სამკურნალოდ.

რომლებია საშვილოსნოს შიდა საშუალებების სახეობები?

საქართველოში ხელმისაწვდომი 2 სახეობის სპირალია. ერთი სპილენძს გამოყოფს, ხოლო მეორე პროგესტინს – მსგავს ჰორმონს. 

  • სპილენძის – შემცველი სპირალი (პარაგარდი) – ის შეიძლება დაყოვნდეს საშვილოსნოში 10 წელი ან მეტი, პაციენტის სურვილიდან გამომდინარე. პაციენტების ნაწილში მენსტრუალური ციკლები შეიძლება გახანგრძლივდეს და სისხლდენის რაოდენობა გაიზარდოს.
  • პროგესტინის-გამომყოფი სპირალი (ჰორმონული) – აშშ-ში არსებობს 4 სხვადასხვა სახეობა (მირენა, კილიინა, სკილა და ლილეტა), სწორედ სახეობაზეა დამოკიდებული რამდენი ხანი შეიძლება მისი საშვილოსნოში დაყოვნება (5, 6 ან 3 წელი). ჰორმონშემცველი სპირალის საშუალებით მის ბევრ მომხმარებელს მენსტრუალური პერიოდები უმსუბუქდება, ნაკლებად მტკივნეული ხდება, ვიდრე იყო სპირალის ჩადგმამდე. ზოგ პაციენტს შესაძლოა საერთოდ შეუწყდეს პერიოდი, მაგრამ ეს არ არის საზიანო და არ სჭირდება მკურნალობა. რეგულარული პერიოდები ჩვეულებრივ სპირალის ამოღებიდან 1-2 თვეში ბრუნდება.

სხვადასხვა ქვეყანაში ბრენდის სპირალია გავრცელებული.

რა სარგებელი გააჩნია საშვილოსნოს შიდა საშუალების გამოყენებას?

  • სშს-ები ძალიან ეფექტურია. 100-იდან 1-ზე ნაკლები ადამიანი ორსულდება მათი გამოყენების პირველ წელს;
  • არ გიწევთ რეგულარულად აბების მიღების გახსენება;
  • სშს-ებს ძალიან მცირე რაოდენობით გვერდითი ეფექტი გააჩნია;
  • ისინი არ შეიცავს ესტროგენს (ჰორმონშემცველი სპირალები), ჰორმონს, რომელიც ზოგ ადამიანს არ სურს რომ გამოიყენოს ან ვერ გამოიყენებს;
  • თუ დაფეხმძიმებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ამოიღოთ სშს;
  • თუ იყენებთ სშს-ს რამდენიმე წლის მანძილზე, ეს ჯამში უფრო იაფი გიჯდებათ, ვიდრე ბევრი სხვა სახეობის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება, იმიტომ რომ მისი ჩასმიდან კონტრაცეფციაზე არანაირი თანხის დახარჯვა არ გიწევთ;
  • არსებობს მტკიცებულება, რომ სშს ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს!

კიდევ რასთან დაკავშირებით გვაფრთხილებს ექიმი?

  • კონდომისგან განსხვავებით სპირალი არ გვიცავს სქესობრივად გადამდები ინფექციებისგან (სგდ);
  • არსებობს ძალიან მცირე შანსი იმისა, რომ სპირალი გამოვარდება მენსტრუაციის დროს, თუ ეს მოხდება ახლის ჩადგმა დაგჭირდებათ. თუ დაინახავთ თქვენს სპირალს  – საცვალზე, ჰიგიენურ საფენსა თუ ტუალეტში – დაუკავშირდით თქვენს ექიმს;
  • მისი ღირებულება სხვა კონტრაცეფციული საშუალებებისას ერთჯერადად აღემატება, მაგრამ შემდგომში აღარ იხარჯებით;
  • მხოლოდ ექიმს შეუძლია მისი როგორც საშვილოსნოში მოთავსება, ასევე მისი იქიდან გარეთ გამოღება;
  • არ უნდა ჩაისვათ სპირალი, თუ სულ ახლახან გქონდათ ინფექცია, რომელიც გავრცელდა საშვილოსნოში და სხვა მიმდებარე ორგანოებში (მენჯის ღრუს ინფექცია). სქესობრივად გადამდებმა  დაავადებებმა – ქლამიდიამ და გონორეამ შესაძლოა გამოიწვიოს მენჯის ღრუს ინფექციები.

რომელი სახეობის სპირალი არის  საუკეთესო?

თქვენი ექიმი დაგეხმარებათ საშვილოსნოს შიდა საშუალების სახეობის არჩევაში, რომელიც თქვენზე საუკეთესოდ მოგერგებათ.

სპილენძის სპირალი შესაძლოა კარგი არჩევანი იყოს, თუ თქვენ:

  • გსურთ თავი აარიდოთ ჰორმონებს;
  • გსურთ თავი აარიდოთ პერიოდის რადიკალურ ცვლილებებს, მაგ: პერიოდების არ ქონას, ან მოულოდნელად სისხლდენას ან სფოთინგს           (სისხლის ლაქები საცვალზე);
  • გსურთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება 10 წლამდე ან უფრო მეტ ხნით გამოყენებისთვის.

ასევე როდის შეიძლება იყოს ჰორმონშემცველი სპირალი თქვენთვის კომფორტული:

  • თუ გაწუხებთ მძიმე, უხვ გამონადენიანი, მტკივნეული მენსტრუალური ციკლები, ჰორმონშემცველი სპირალი თქვენს პერიოდებს უფრო მსუბუქს და ნაკლებად მტკივნეულს გახდის;
  • თუ გაწუხებთ ენდომეტრიოზით გამოწვეული ტკივილი მენჯის ღრუში, ასეთ დროს მან შეიძლება შეგიმსუბუქოთ იგი;
  • ეს საშუალება დაახლოებით 3-დან 7 წლამდე დაგეხმარებათ ჩასახვის პრევენციისთვის, ისევ და ისევ გააჩნია ხელმისაწვდომ ბრენდებს.

მტკივნეულია თუ არა საშვილოსნოს შიდა საშუალების ჩასმის პროცედურა?

სავარაუდოდ იგრძნობთ მცირე დისკომფორტს და ოდნავ სპაზმს, მას შემდეგ რაც ექიმი მოათავსებს სპირალს საშვილოსნოს ღრუში. ადამიანების გამოკითხვით,  ვისაც არასდროს უმშობიარია, ხშირად უფრო მეტ დისკომფორტს განიცდიან, ვიდრე ისინი, ვისაც ჰქონიათ მშობიარობის გამოცდილება. სპაზმები ძირითადად დღის განმავლობაში გაივლის. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგ: იბუპროფენი) დაგეხმარებათ სპაზმებისგან გათავისუფლებაში.

მას შემდეგ, რაც სპირალი სწორად არის ადგილზე მოთავსებული – თქვენ მას ვერ უნდა გრძნობდეთ.

როდის არის საჭირო  ექიმთან განმეორებითი ვიზიტი?

თუ თქვენ საშვილოსნოს შიდა საშუალება გაქვთ მოთავსებული საშვილოსნოში, მიმართეთ ექიმს, თუ:

  • თუ გაწუხებთ ძალიან მძიმე ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
  • თქვენი მენსტრუალური ციკლი აგვიანებს, ან ძალიან განსხვავებულია აქამდე არსებული ნორმალური პერიოდისგან;
  • ვერ გრძნობთ სპირალის ძაფებს/სიმებს საშვილოსნოს ყელთან ან ძაფები უფრო მოკლეა, ვიდრე ჩვეულებრივ უნდა იყოს (როდესაც თქვენი სპირალი სწორ ადგილას არის მხოლოდ ძაფების არსებობა უნდა იგრძნოთ);
  • თუ ფიქრობთ, რომ თქვენი სპირალი შესაძლოა გამოძრავდა ან გამოვარდა;
  • თუ გქონდათ სქესობრივი კონტაქტი, ვისაც შესაძლოა სქესობრივად გადამდები ინფექცია ჰქონდეს, ან თქვენ გაქვთ სქესობრივად გადამდები დაავადება;
  • გაქვთ ცხელება და მისი მიზეზი უცნობია (უცნობი ეტიოლოგიის ცხელება).
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5