პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ნუცა გულდედავა.
რა არის სეზონური დეპრესია და როგორ მოქმედებს ჩვენზე?
სეზონური აფექტური აშლილობა (SAD) არის დეპრესიის ტიპი, რომელიც დაკავშირებულია სეზონების ცვლილებებთან და როგორც წესი, ის იწყება და მთავრდება დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, ყოველწლიურად.
Ზოგადად, ადამიანების უმეტესობა, სეზონის ცვლილებასთან ერთად, განიცდის გუნება-განწყობილების ცვლილებასაც, თუმცა ეს მოცემულობა სავსებით ბუნებრივია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც დღეები უფრო ბნელი და ცივი ხდება და შესაბამისად —დაღლილობის ან გამოფიტვის განცდა იმატებს.
გუნება-განწყობილების ისეთი ცვლილებისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანის ცხოვრების ხარისხს არ აუარესებს და მას ფუნქციონირებაში ხელს არ უშლის, სეზონური აფექტური აშლილობა, ე.წ. სეზონური დეპრესია ბევრად უფრო სერიოზულია, მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით.
უმეტეს შემთხვევაში, სეზონური აფექტური აშლილობის სიმპტომები ვლინდება გვიან შემოდგომაზე ან ზამთრის დასაწყისში და ქრება გაზაფხულისა და ზაფხულის მზიან დღეებში, თუმცა, პირიქითაც ხდება.
თუკი ზამთრის შემთხვევაში, სეზონური დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი ნაკლები სინათლე და სითბოა, გაზაფხულის შემთხვევაში ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს წნეხთან, რომ ადამიანი უფრო ბედნიერი და უფრო სოციალური უნდა იყოს, როდესაც ზამთარი დასრულდება. Შედეგად, კი ადამიანში იმატებს შფოთვა.
გაზაფხულისათვის დამახასიათებელი SAD სიმპტომები შეიძლება იყოს:
- უძილობა
- მადის დაქვეითება / წონის კლება
- უიმედობის / სიცარიელის განცდა
- მაღალი შფოთვა
- აჟიტაცია / მოუსვენრობა
მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ყველასთან სხვადასხვაგვარად ვლინდებოდეს, სეზონური აფექტური აშლილობის სიმპტომები საშუალოდ შეიძლება 3-იდან 6 თვემდე გაგრძელდეს.
რა არის გაზაფხულის დეპრესიის გამომწვევი მიზეზი?
რა თქმა უნდა, არ არსებობს ერთი კონკრეტული მიზეზი, თუმცა ზოგადად ადამიანთა უმრავლესობისთვის ცვლილებები სტრესთან არის დაკავშირებული.
ხშირად, ტემპერატურის ცვლილებას ადამიანის ორგანიზმი და ფსიქიკა გარკვეული ძვრებით პასუხობს, რაც გუნება-განწყობაზეც აისახება.
აღსანიშნი ისაა, რომ „ზამთრის დეპრესიისგან“ განსხვავებით „გაზაფხულის დეპრესიას“ დაახლოებით იმავენაირი წნეხი ემატება, როგორსაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა დღესასწაულებზე გრძნობს — ანუ, სიხარული თითქოს უპირობო მოცემულობაა და მოწყენილობის საბაბი არ უნდა არსებობდეს.
საზოგადოებისთვის თითქოს სრულებით გასაგებია, თუ ზამთარში ადამიანი იწყენს და სოციალიზაციის მოტივაცია არ აქვს, ხოლო გაზაფხულზე გუნება-განწყობილების დაქვეითება კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს, ამიტომ ადამიანებს უჩნდებათ დანაშაულის განცდა.
თუკი თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს შეატყობთ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს, პირველ რიგში მნიშვნელოვანია აგრძნობინოთ უპირობო მხარდაჭერა, რომ ისინი არ არიან მარტო, და რომ მათი სევდა სრულიად ლეგიტიმური და მისაღებია.