ქართველმა მუსიკოსმა Sophie Villy-მ ახალი მუსიკალური ვიდეო კლიპი “What Can Be Worse” გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმაურება. მან ჩანაწერთან ერთად დაზარალებულების დასახმარებელი კამპანიაც წამოიწყო, რომლის შესახებაც თავად მუსიკოსი გვესაუბრა.
სოფი, მოგვიყევით, რა გაკავშირებთ უკრაინასთან? რატომ არის ეს ქვეყანა განსაკუთრებით ძვირფასი თქვენთვის?
დედით უკრაინელი ვარ. კიევში დავამთავრე უნივერსიტეტი და იქ ვცხოვრობდი 7 წელი. მუსიკალური კარიერაც მანდ დავიწყე. დღეს ჩემი ბენდის წევრები, ნათესავები და უახლოესი მეგობრები იქ არიან. ზოგი ხარკოვში, ზოგი ლვოვში, ზოგი კიევში… ბოლო 2.5 თვეა ჩემთვის ცხოვრება გაჩერდა… თუმცა ეს ტკივილი თავისით, ავტომატურად ტრანსფორმირდა მუსიკაში, რომელიც ომის პირველივე კვირას დავწერე. არც ვფიქრობდი ამ სიმღერის ჩაწერას და გამოშვებას, სანამ ამ დამანგრეველი სტრესით მოცული, არ მივხვდი, რომ ნებისმიერი რამ, რისი კეთებაც შეგიძლია, შეიძლება ემსახუროს ადამიანების ნუგეშს, კიდევ უფრო გაერთიანებას, მათ გვერდში დგომას და დახმარებას.
მიშა პრავილნი, რომელთან ერთადაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, უბრალოდ მოვიკითხე… იგი ხარკოვში იყო და მამცნო, რომ მისი ოფისი ნანგრევებადაა ქცეული… ნუგეშის ნიშნად გავუგზავნე ეს დემო ჩანაწერი და ზუსტად 20 წუთში დამიბრუნა დემო თავისი რეჩიტატივით უკრაინულ ენაზე. ასე გადავწყვიტეთ, რომ ამ „სინგლში“ ჩვენი ორივე ქვეყნის, უკრაინის და საქართველოს ტკივილს გავაერთიანებდით.
სიმღერის საუნდ პროდიუსერი ცნობილი The Maneken (ევგენი ფილატოვი) გახდა.
ვიდეო, გადავწყვიტეთ, კონტრასტული გაგვეკეთებინა… ერთი მხრივ, საზარელი რეალობა, აქეთ კი გარეჯის მშვიდი და ფერადი უდაბნო… თუმცა ორივე ქვეყნის სატკივარი ერთია… ისტორია მეორდება. ხელწერა ერთია… ოკუპანტი იგივე.
როდესაც მარიუპოლის კადრებს ვუყურებ, ყოველ ჯერზე ვტირი… მართლა რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი… დედები, თავიანთ მცირეწლოვან შვილებთან ერთად, გაუსაძლის პირობებში რუსულ რაკეტებს, ბომბებს ემალებიან… 21-ე საუკუნეში…
ამ ნამუშევრის მთავარი მიზანიც სწორედ მათთვის თანხის შეგროვებაა… განსაკუთრებით მათთვის, ვინც ცხელი წერტილებიდან სულ ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს და დასავლეთ უკრაინას შეაფარეს. ამ დედებს და ბავშვებს დღესაც საშინელ პირობებში უწევთ ყოფნა… არავინ იცის, როდის დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში, ან საერთოდ დახვდებათ თუ არა სახლები… რამდენმა დაკარგა მეუღლე, ძმა, მამა, ბაბუა.. რამხელა ტრავმა, სტრესი და შეუჩერებელი ტკივილი დაუტოვა ამ ომმა ბავშვებს…
ცალკე ანგარიშის ნომერი გავაკეთეთ, რომ ზუსტად ვიცოდეთ რამდენი თანხა შეგროვდება და სად გადაირიცხება.
Tbc Bank
GE58TB7163245067800005
SOULSCOPE
გარდა ამისა, Soulscope-ში ცალკე ჯგუფი შევქმენი უკრაინელი ბავშვებისთვის, რომლებიც ომის პერიოდში საქართველოში ჩამოვიდნენ და უკრაინულ ენაზე ვატარებთ მათთან შეხვედრებს, მუსიკალურ, შემოქმედებით და განტვირთვის სახის აქტივობებს. მთავარი მიზანია მათთვის სირენების ხმის დავიწყება და ახალ გარემოსთან ადაპტირება.
მჯერა, ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. სიმართლე, ადრე თუ გვიან, მაინც იმარჯვებს… ეს გარდაუვალია!
მშვიდობა უკრაინას! მშვიდობა მთელ მსოფლიოს!