“დედამ იცის” რუბრიკის “მშობლების დღიურები თვითიზოლაციიდან” სტუმარია მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი, შემოქმედებითი სივრცე Soulscope-ს დამფუძნებელი Sophie Villy(სოფი ხუციშვილი), რომელიც გაგვიზიარებს 8 თვის ვივიენთან ერთად სახლიდან მუშაობის ერთი დღის გამოცდილებას.
“ბა ბა ბა” – დილა ამ ბგერებით და ბედნიერი ღიმილით იწყება. თვალს როგორც კი ახელს, ცდილობს ხელით მომწვდეს და სახეზე მომეფეროს.
– ვივიენ, დილა მშვიდობისა! მზემ გაიღვიძა 💛
უკვე 8 თვეა, რაც დედა გავხდი… ესე ერთად ვიღვიძებთ, ვრთავთ მუსიკას და მადლიერებით ვეგებებით თითოეულ დღეს.
ვივიენს ძალიან უყვარს მუსიკა. ალბათ იმიტომ, რომ მუცლად ყოფნისას 24/7 ვუმღეროდი და მუსიკას ვუწერდი. გიტარის ვიბრაციას როდესაც გრძნობდა, ხშირად ფეხის რიტმული მოძრაობით მიკაკუნებდა და მანიშნებდა, რომ მისმენს.
მაშინ, ჯერ კიდევ წარმოდგენა არ მქონდა და ვერ ვიაზრებდი რა საოცრება და რამხელა ბედნიერება მელოდა წინ. სულ ვოცნებობდი გოგო შვილზე, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, ან ჯერ კიდევ მაშინ საიდან უნდა მცოდნოდა, რომ სწორედ ეს იქნებოდა ჩემი ყველაზე დიდი, ახდენილი ოცნება და ცხოვრებაში ყველაზე დიდი განძი.
ამ 8 თვიდან ფაქტიურად 2,5 თვე სრულ იზოლაციაში გავატარეთ და ვერიდებოდით ყველას. ერთი თვით კახეთში გავიხიზნეთ და იქიდან ვაკვირდებოდით მოვლენებს. ძალიან რთულია იზოლაცია, როდესაც მიჩვეული ხარ მუდმივ მოძრაობას და რიტმში ყოფნას. თუმცა, ნერვიულობას და სასოწარკვეთას, ვარჩიეთ ყოველი დღე მაქსიმალურად დადებითი ემოციებით დაგვეტვირთა. იქნებოდა ეს ერთად წიგნის კითხვა, მუსიკის მოსმენა, ინსტრუმენტებზე დაკვრა, სიმღერა, აკვარელით ხატვა, კერძების მომზადება, ვარჯიში თუ თამაში.
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი თავიდანვე შეაჩვიო ერთგვარ დილის და საღამოს “რიტუალებს.” მომავალში ესა თუ ის აქტივობა ტრადიციად ჩამოყალიბდება და ორივეს, ბავშვსაც და მშობელსაც დიდ სიამოვნებას მიანიჭებს.
დილით, სანამ საძინებლიდან გამოვალთ და მუსიკას ჩავრთავთ, უკვე თითქოს იცის და ხვდება, რაც უნდა გავაკეთოთ. ნაცნობ მელოდიაზე კი მაშინვე იტრუნება და რამდენიმე წამით ჩაფიქრდება, შემდეგ კი შემომხედავს და ისევ ეცინება.
გამიმართლა, რომ ძალიან მშვიდია. როცა რაღაც გადაღება, ლაივ ჩართვა, ან ონლაინ ლექცია მაქვს ჩემი Soulscope-ის სტუდიის ბავშვებთან, თითქოს ამ გრაფიკს ეწყობა და მაქსიმალურად მიწყობს ხელს. ჩემი მეუღლეც, რა თქმა უნდა, ძალიან მეხმარება ამ ყველაფერში. ისე, თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ძიძას არ ავიყვანდით და რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ვერავის ვერ ვანდობ და ეს უძვირფასესი დრო მინდა სწორედ მე გავატარო მასთან და არა სხვა, უცხო ადამიანმა.
მოდის საუზმეს დროც…
სულ ცოტა ხანია, რაც ვივიენმა დამატებითი საკვების მიღება დაიწყო. თუმცა, ბუნებრივი კვება ჩვენთვის ჯერ კიდევ შეუცვლელი რჩება. არ ვიცი როგორ და რანაირად შეიძლება ამხელა სითბოს და სიყვარულის გაძლება ამ პროცესის დროს. მართლაც სასწაულია.
ზოგადად ბევრს ვსეირნობთ ხოლმე, ახლა კი ძალიან მოგვენატრა გარეთ ხანგრძლივი სეირნობა და ბუნებასთან ახლოს ყოფნა. თუ მზიანი ამინდია, გავდივართ აივანზე და უმეტეს დროს იქ ვატარებთ. ძალიან ერთობა საუბრით, ან რაიმე ამბის მოყოლით. მისმენს, თვალს არ მაშორებს. ასევე გიჟდება, როცა ვვარჯიშობ ან ვცეკვავ. მაკვირდება და სიხარულით ევსება თვალები.
ამ ბოლო დროს ვივიენს უფრო გაუმძაფრდა ინტერესი მუსიკალური ინსტრუმენტების მიმართ. თვითონ მოხოხდება ხოლმე და თავისი პატარა თითებით იწყებს გიტარის სიმების ჩამოკვრას. შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე საუკეთესო სათამაშოა მისთვის.
საკმაოდ დიდი ხანი შეუძლია გაატაროს წიგნების თვალიერებაში და ეს ძალიან მახარებს.
ვცდილობ და კიდევ უფრო ვეცდები მაქსიმალურად გავუხანგრძლივო გაჯეტების და პლანშეტების გარეშე გართობა.
დღისით, როდესაც იძინებს, მე ჩემი საქმეებით ვკავდები. სახლში ყოფნისას, გგონია, რომ ბევრი დრო გაქვს, მაგრამ გაწერილი გრაფიკის გარეშე ძალინ რთულია ყველაფრის მოსწრება. ამჟამად ყოველდღე ინტენსიურად ვმუშაობ ახალ, მეოთხე ალბომზე და ამ პროცესის მთავარი მოტივაცია სწორედ ეს პატარა, სიყვარულის პლანეტაა. ის მაძლევს უშრეტ ენერგიას და ძალას ყველაფერი თავის დროზე გავაკეთო და დავასრულო, რადგან შემდგომ ახალი დავიწყო… და ესე უსასრულოდ.
მადლიერი ვარ თითოეული ერთად გატარებული წამის და ამ საოცარი მოგზაურობის, რომელსაც დედობა ჰქვია.
ძილის წინ თბილი აბაზანის რიტუალი გვაქვს. არ მიკვირს, რატომ უყვარს ჩემ შვილს ესე წყალი. 🙂 ბანაობისას ყოველთვის ვუმღერი დისნეის მულტფილმებიდან საუნდტრეკებს. ძალიან მშვიდდება და ესე ემზადება დასაძინებლად. ბრამსის ჩემს საყვარელ მელოდიაზე, რომლითაც ადრე დედა მე მაძინებდა, ვივიენს თავისი პერსონალური იავნანა დავუწერე და ესე ვაძინებ. დაბადების პირველი დღიდან ასეა. ხანდახან თვითონ მყვება “ლაააა ლა ლა”-თი და მგონია, რომ ერთხელაც დავდნები ამ უსასრულო ბედნიერების განცდისგან.
გაუფრთხილდით იმას, რაც თქვენთვის ყველაზე ძვირფასია. ბედნიერ დედობას გისურვებთ! 💛