პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება მაგდა მაჭავარიანი – ფსიქოლოგიის მაგისტრი, გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAGT) მიერ აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და თვითზრუნვის მკვლევარი, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის კურსდამთავრებული, ბავშვებთან და მოზარდებთან გეშტალტთერაპიის დასავლეთ სანაპიროს ინსტიტუტის (კალიფორნია, აშშ) კურსდამთავრებული, მშობლების მხარდაჭერის ჯგუფის დამფუძნებელი და ტრენერი.
მშობლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რა დროსაც მშობელს უამრავ რამეზე უწევს ფიქრი, იქნება ეს ბავშვის ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილება თუ სხვა ყოველდღიური საზრუნავი. ასეთ მომენტებში შეიძლება გამოგვრჩეს დაკვირვება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე და ვერ მივხვდეთ, რა აკლია მას. Როგორ უნდა ჩავწვდეთ მის მთავარ საჭიროებას?
ბავშვს რა საჭიროებები აქვს და რა აკლია, განსხვავებულად მოჩანს მშობლის და ბავშვის პერსპექტივიდან. მშობელთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ თუ ბავშვს უზრუნველყოფს კომფორტული საცხოვრებელი პირობებით, ტანსაცმლით, საკვებით, ხარისხიანი განათლებით და დარიგებით, ეს საკმარისია შვილის კარგად ყოფნისთვის. არადა ბავშვისთვის, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა და ემოციურად დამოკიდებულია თავის გარემოზე, საკმარისი არაა მხოლოდ ზრუნვა საკვებზე, თავშესაფარზე, ტანსაცმელზე, განათლებაზე… ზემოთ ჩამოთვლილი ბაზისური მოთხოვნილებების გარდა, ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, გრძნობდეს, რომ მშობლისთვის ის მოსაწონი და მისაღებია ისეთი, როგორიც არის და მშობელთან უსაფრთო მიჯაჭვულობა და ემოციური კონტაქტი ჰქონდეს.
თერაპიაზე მოსული ბავშვებისა და მოზარდების უმეტესობა მიზიარებს, რომ გონებით იცის, რომ მშობლებს ძალიან უყვართ, მაგრამ განცდისეულად ვერ გრძნობს, რომ მათ ის უყვართ. ეს მათთვის ძალიან მტკივნეულია და არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემის მიზეზი ხდება. მნიშვნელოვანია მშობლებმა გააცნობიერონ, თუ რა განსხვავებაა ორ ფრაზას შორის: როცა ბავშვი ამბობს – „ვიცი, რომ ჩემს მშობლებს ვუყვარვარ“ და „ვგრძნობ, რომ ჩემს მშობლებს ვუყვარვარ“. სიტყვა „ვიცი“ გულისხმობს, რომ ბავშვი ფიქრობს, კოგნიტურად იცის, რომ მშობელს ის უყვარს, რადგან მშობელი ხშირად ეუბნება სიტყვებით, რომ უყვარს, და ზრუნავს მასზე; ხოლო სიტყვა „ვგრძნობ“ გულისხმობს, რომ ბავშვი განიცდის, განცდილეულად გრძნობს, რომ მშობელს ის უყვარს, რადგან მშობელი თავისი ქცევით, დამოკიდებულებით, მოპყრობით აგრძნობინებს მას, რომ უყვარს.
როგორ დავარწმუნოთ ბავშვი, რომ გვიყვარს? თითქოს უცნაურია ამაში ბავშვის დარწმუნება, რადგან მშობლობა თავისთავად გულისხმობს შვილის სიყვარულს. რატომ უჩნდება ბავშვს ასეთი ეჭვი, რატომ განიცდის ის სიყვარულის დანაკლისს?
გეთანხმებით, რომ ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როდის და როგორ გამოხატავს მშობელი შვილის მიმართ თავის სიყვარულს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, ბავშვი გრძნობს თუ არა მშობლის სიყვარულს. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ შვილი ყოველთვის გრძნობს მის სიყვარულს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის.
ზოგადად, სიყვარული შეიძლება იყოს პირობითი ან უპირობო. როცა მშობელი შვილის მიმართ პირობით სიყვარულს გამოხატავს, ბავშვს ჰგონია, რომ მშობელს ის მხოლოდ იმ შემთხვევაში უყვარს, თუ მშობლის მოლოდინებს ამართლებს, კარგად სწავლობს ანდა კარგად იქცევა და არა ყოველთვის. ამ დროს ბავშვს ეჭვი ეპარება, რომ მშობლებს ის ნამდვილად და უპირობოდ უყვართ (თავისთვის ფიქრობს „მშობლებს არ ვუყვარვარ, არ მიღებენ“); შედეგად აქვს არაადეკვატურობის განცდა, რომ ცუდია და არ არის OK, უყალიბდება დაბალი თვითშეფასება, უჩნდება უარყოფის, მარტოობის, დაუცველობის განცდა, უნდობლობა არამხოლოდ მშობლის, არამედ საკუთარი თავის და გარესამყაროს მიმართ, შიში, ბრაზი, სასოწარკვეთა. ბავშვი, რომელიც ცუდად გრძნობს თავს, ხშირად არის გაღიზიანებული და აგრესიული, მას სწავლაც უჭირს და ცუდადაც იქცევა, რასაც მოჰყვება მშობლისგან უკმაყოფილება. და ასე იკვრება ჩაკეტილი წრე, რომელზეც მოძრაობს მშობელი და შვილი. საგულისხმოა, რომ ეს პროცესი იწყება მაშინ, როცა შვილი ვერ გრძნობს, რომ მშობელს ის უყვარს.
როდის გრძნობს ბავშვი, რომ მშობელს უყვარს?
მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ როდის გრძნობს ბავშვი, რომ მშობელს ის უყვარს, და როდის ვერ გრძნობს.
ბავშვის ხედვით, ნამდვილი სიყვარული მხოლოდ უპირობო სიყვარულია. ბავშვი მხოლოდ მაშინ გრძნობს, რომ გვიყვარს, როცა მის მიმართ გამოვხატავთ უპირობო სიყვარულს. ამ დროს ბავშვს უჩნდება განცდა, რომ მშობლებისთვის ძვირფასია, საჭიროა, მნიშვნელოვანია, კარგია, OK-ია (თავისთვის ფიქრობს „მშობლებს ვუყვარვარ, მიღებენ ისეთს, როგორიც ვარ“), შედეგად უყალიბდება მშობლისადმი ნდობა, უსაფრთხო მიჯაჭვულობა და ნორმალური თვითშეფასება.
როგორ სიყვარულს მოიაზრებს უპირობო სიყვარული შვილის მიმართ?
უპირობო სიყვარული დამოკიდებული არ არის ბავშვით ჩვენს კმაყოფილება-უკმაყოფილებაზე, ბავშვის საქციელზე, ასაკზე, წონაზე, ნიშნებზე, შეცდომებზე, ვის გავს, რას მოველით მისგან და ა. შ. შვილის მიმართ უპირობო სიყვარული გულისხმობს ბავშვის სიყვარულს არა იმიტომ, რომ ის ლამაზია, ჭკვიანია, ყოჩაღია, კარგად სწვლობს ან კარგად იქცევა, მშობლის მოლოდინებს ამართლებს, არამედ უბრალოდ იმის გამო, რომ ის არსებობს ჩვენს ცხოვრებაში. უპირობო სიყვარულის გამოხატვით ჩვენ უმნიშვნელოვანეს მესიჯებს ვუგზავნით შვილს, რომ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ძვირფასია, მოსაწონი და მისაღებია ისეთი, როგორიც არის; რომ ბავშვი მაშინაც გვიყვარს, როცა მისი საქციელი არ მოგვწონს; რაც უნდა მოხდეს, როგორც უნდა მოიქცეს, მაინც ყოველთვის გვეყვარება.
როგორ გამოვხატოთ უპირობო სიყვარული შვილის მიმართ?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი. პრობლემა ისაა, რომ ბავშვი ვერ გრძნობს ამ სიყვარულს, რადგან მშობლებმა არ იციან, არამხოლოდ როგორ, არამედ როდის გამოავლინონ თავიანთი უპირობო სიყვარული შვილის მიმართ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა მშობელმა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა – როგორ და როდის გამოვხატო უპირობო სიყვარული შვილის მიმართ, რომ ყოველდღიურად ვაგრძნობინო მას, რომ ძალიან მიყვარს?
უპირობო სიყვარულის გამოხატვის ყველაზე ეფექტური ფორმა არის მშობლის ქცევა და არამხოლოდ სიტყვები (მაგალითად, მოსიყვარულე თვალებით შეხედვა, მოფერება, ჩახუტება, სიტყვები: „ჩემო სიხარულო“, „რა კარგია, რომ გაგვიჩნდი“, „როგორ მიხარია შენი დანახვა“, „მიყვარს, როცა სახლში ხარ“, „რა კარგია, როცა ერთად ვართ“ და სხვ.).
ასევე აღსანიშნავია, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როდის გამოხატავს მშობელი სიყვარული შვილის მიმართ. თუ მშობლები მოსიყვარულე თვალებით მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისას შეხედავენ შვილს (მაგ., როცა ბავშვი კარგად იქცევა ანდა მშობლები მისი აკადემიური მოსწრებით ამაყობენ), ამას ბავშვი პირობით სიყვარულად აღიქვავს.
ასევე, გაგიზიარებთ ბავშვებთან ურთიერთობის 5 ჯადოსნურ სტრატეგიას, რომელთა ავტორები არიან ბავშვის სამყაროს საერთაშორისო ექსპერტები (ვ. ოკლანდერი, თ. გორდონი, გ. მატე, რ. კემბელი):
- ვეცადოთ, დავასრულებინოთ ბავშვს მისი ინტერესის ობიექტთან კონტაქტის პროცესი (ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილების მხარდაჭერა). მაგალითად, ვაცადოთ ბავშვს, რომ თავად დაასრულოს ჩვენთან ჩახუტების პროცესი.
- თვალით, ფიზიკური კონტაქტით გამოვხატოთ შვილის უპირობო სიყვარული (და არა გაღიზიანება, ბრაზი, მისით უკმაყოფილება) მაგალითად, დილით გაღვიძებისას, ბაღიდან, სკოლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ შეხვედრისას.
- გამოვყოთ დრო თითოეულ შვილთან ინდივიდუალური ურთიერთობისთვის, მხოლოდ მასთან ყოფნისთვის, თამაშისთვის, საუბრისთვის – დავუთმოთ მას სრული ყურადღება (მობილურზე და სხვა საქმეებზე გადართვის გარეშე!!!); ვესაუბროთ ძილის წინ.
- გამოვიჩინოთ ინიციატივა, ვიდრე ბავშვი გვთხოვს, ჩვენ დავასწროთ და მოულოდნელად თავად შევთავაზოთ ის, რაც ბავშვს სჭირდება ან გულით უნდა, როცა ბავშვი ამას არ ელის და სანამ თავად მოითხოვს.
- შევასრულოთ ბავშვისთვის კომპასის როლი – ბავშვს სჭირდება ორიენტაციის მიცემა ნებისმიერ ახალ სიტუაციაში, რა მოხდება, ვის შეხვდება, რას ნიშნავს ესა თუ ის რაღაც – სახლში, ეზოში, საბავშვო ბაღში, ექიმთან … ასევე თუ რა ხდება მასში, მისი განცდების, ემოციების გაჟღერება და სახელდება.
როგორ ვმართოთ მშობლებმა მშობლობის პროცესი და რა არის მნიშნელოვანი ასეთ დროს?
მშობლობის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია შვილის სიჯიუტესთან, ბრაზთან თუ ტანტრუმთან გამკლავება. როცა ბავშვი გაღიზიანებულია, მისი დასჯის ნაცვლად, ვეცადოთ საკუთარი თავი მის ადგილას წარმოვიდგინოთ და გავარკვიოთ, რას განიცდის, რა აკლია, რა სჭირდება – ჩვენთან თვალით კონტაქტი, ფიზიკური კონტაქტი, ჩვენი ყურადღება, მხარდაჭერა თუ სხვა რამ.
დაბოლოს, არსებითად მნიშვნელოვანია მშობლის თვითზრუნვა. ყოველივე ზემოთ თქმულის განხორციელება მშობლისგან მოითხოვს შინაგან მზაობასა და უდიდეს ემოციურ რესურსს. არადა, ისინი, ვინც სხვაზე ზრუნავენ, ხშირად აიგნორებენ საკუთარ თავზე ზრუნვის საჭიროებას. როცა მშობელი აიგნორებს თვითზრუნვას და სტრესშია, მაშინ დიდია ალბათობა, რომ შვილს უხეშად მოექცეს და გული ატკინოს … გამოსავალია ემოციური კავშირის აღდგენა – შვილისთვის გულწრფელი გაზიარება, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება, ბოდიშის მოხდა და თვითზრუნვა!
მაგდა მაჭავარიანის პროფესიული გვერდი: https://www.facebook.com/MagdaMachavariani.Gestalt
მაგდა მაჭავარიანის გვერდი იუთუბზე: