Skip to content Skip to sidebar Skip to footer

როგორ უნდა იკვებონ ბავშვებმა იზოლაციის პერიოდში და როგორი უნდა იყოს მათი ჯანმრთელი დღის რუტინა კარანტინში. ექიმი ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა “დედამ იცის”-თან საუბარში, ბავშვებსა  და უფროსებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაზე და სასარგებლო წესების დანერგვაზე გვიყვება.

ზოლაციის პერიოდში როგორ უნდა იკვებონ ბავშვებმა?

კვება, როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებშიც მუდმივად უნდა იყოს ჯანსაღი და რა თქმა უნდა, ეს მეტად მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში. რადგან არ არის ჯერ ჩამოყალიბებული ნივთიერებათა ცვლა, ჰორმონალური ბალანსი, ამიტომაც ისევე, როგორც იზოლაციის პირობებში, ჩვეულ რეჟიმშიც ბავშვთა კვება უნდა იყოს ჯანსაღი. ამ პერიოდში ბავშვებს  ძირითადად სახლში უწევთ ყოფნა, რის გამოც მოდუნებულია კუნთოვანი სისტემა და მეტაბოლიზმი არ არის აქტიური, ამ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ბალანსირებული, რაციონალური და ჯანსაღი, სადაც იგულისხმება, რომ დღის განმავლობაში ორგანიზმში უნდა შევიდეს ყველა ის საკვები პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის, ესენია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მიკრო-მაკროელემენტები და ვიტამინები. მესმის, რომ არა ბავშვებისათვის, ზრდასრულებისთვისაც კი რთულია ამ პერიოდში რეჟიმის დაცვა, მაგრამ ეს აუცილებელია ორგანიზმის სრულყოფისათვის.

ოგორი უნდა იყოს უფროსების ჯანმრთელი რუტინა ამ პერიოდში? 

უფროსებმა მაგალითი უნდა მისცენ ბავშვებს და სწორედ ისინი უნდა დაეხმარონ ბავშვებს დღის რუტინის შექმნაში, რათა გაუადვილდეთ  ყოფნა იზოლაციის პირობებში. სასურველია უფროსებმა კერძის მზადების პროცესში ჩართონ პატარებიც და ჯანსაღი ინგრედიენტებისგან შექმნან ჯანსაღი კერძები. რეკომენდებულია მთელი ოჯახი ერთად შეიკრიბოს კვების დროს, რაც ძალიან დადებით ემოციებს ქმნის, ამაღლებს გუნება-განწყობილებას, ეს ყველაფერი ერთად კი ხელს უწყობს იმუნური სისტემის აქტიურ მუშაობას.

რამდენად საჭიროა ამ პერიოდში ვიტამინების მიღება და  კერძოდ, D ვიტამინის? 

რა თქმა უნდა, აქტუალური საკითხია საკვები დანამატების (მინერალების და ვიტამინების) როლი და ხშირ შემთხვევაში გვიხდება მათი დანიშვნა, რადგან ეკოლოგიური მდგომარეობის, გარემოს დაბინძურების, გენური ინჟინერიის, ემულგანტების და კონსერვანტების გამო საკვებ პროდუქტებში არ არის ნუტრიენტების ის რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის. თუმცა ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, თვითნებურად მივიღოთ ესა თუ ის ვიტამინი ან მინერალი, რადგან ზოგიერთი მათგანის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა ორგანიზმზე.

ფიზიკური აქტივობა რამდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია  ამ პერიოდისთვის?

როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესზე, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ მოისაზრება ძირითადი სამი კომპონენტი: ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სწორი ძილი. ეს არის ის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ორგანიზმის გამართულ მუშაობას, გამართულ მეტაბოლიზმს, შესაბამისად რომელიმე კომპონენტის ამოგდება წყვეტს ჯაჭვს. მხოლოდ კვებას ან მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას ვერ დავარქმევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. მიუხედავად თვითიზოლაციისა, ფიზიკურ აქტივობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა  გამოვყოთ ამისთვისაც დრო. დღესდღეობით უამრავი სავარჯიშო პროგრამებია განთავსებული სოციალურ ქსელებში, თუ  როგორ უნდა ვივარჯიშოთ სახლის პირობებში და აქაც, რა თქმა უნდა,  მშობლები უნდა იყვნენ მისაბაძი პატარებისათვის.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5