ზომა
მოზარდებს მეტი წყალი სჭირდებათ, ვიდრე პატარა ბავშვებს, განსაკუთრებით თუ სპორტით არიან დაკავებულნი, ამიტომ წყლის დიდი ბოთლი, დაახლოებით 700 მლ და მეტი მოცულობის, უფრო შეესაბამება მათ საჭიროებებს. 350 მლ ბოთლი მისაღებია უფრო პატარა ბავშვებისათვის.
სასურველია ბოთლს არ ჰქონდეს ძალიან ვიწრო ყელი, რადგან ეს შეიძლება უსაფრთხოების პრობლემებთან იყოს დაკავშირებული. მოსახსნელთავიან ბოთლებს, საიდანაც ბავშვები პირდაპირ სვამენ წყალს, ფართო ყელი უნდა ჰქონდეს, რათა დარწმუნდეთ, რომ ბავშვს მასში ენა არ გაეჭედება. ყოფილა შემთხვევები, როცა წყლის სწრაფად დალევისას ბავშვს ენა გასჭედვია ბოთლის ყელში, რასაც სერიოზული დაზიანება მოჰყოლია.
გამოყენება
წყლის ბოთლი შეიძლება იყოს ფართოყელიანი, ვიწროთავიანი ან საწრუპიანი. გაითვალისწინეთ მთავარი მიზეზი, რისთვისაც ბავშვი გამოიყენებს ბოთლს, როდესაც მის ყიდვას გადაწყვეტთ. მაგ. ვიწროთავიანი ბოთლები უკეთესია ბავშვებისათვის, რომლებიც სპორტით არიან დაკავებული, რადგანაც შეუძლიათ წყლის მოსმა მისი აქა-იქ დაღვრის გარეშე.
ვიწროყელიანი და საწრუპიანი ბოთლები კარგია ასევე უფრო პატარა ბავშვებისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ტანსაცმლის დასველება, რაც ხდება ფართოყელიანი ბოთლიდან წყლის დალევისას. ბავშვებისათვის, ვისაც წყალში ყინულის ან ხილის დამატება სურს, უმჯობესია ფართოყელიანი ბოთლი, რაც არა მხოლოდ გაუადვილებს მასში სასურველი „დანამატის“ მოთავსებას, არამედ გაწმენდასაც აიოლებს.
მასალა
წყლის სიცივის რამდენიმე საათის განმავლობაში შესანარჩუნებლად, შეარჩიეთ უჟანგავი ფოლადის ბოთლი. სხვა შემთხვევაში, არჩევანი თქვენზეა. პლასტმასის ბოთლების უმრავლესობა არ შეიცავს ბისფენოლ A-ს (BPA), მაგრამ მაინც გადაამოწმეთ. პლასტმასის უარყოფითი მხარე ის არის, რომ წყლის სიცივეს არ ინარჩუნებს ისე დიდხანს, როგორც იზოლირებული ბოთლი, მაგრამ დადებითი მხარეა ის, რომ პლასტმასის ბოთლი არ არის უჟანგავი ფოლადის ბოთლივით მძიმე და მისი ტარება გაცილებით იოლია.
რა მასალაც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ, რომ სვამთ, რათა შეინარჩუნოთ სიგრილე.
რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს ბავშვმა დღის განმავლობაში?
წყალთან დაკავშირებული რეკომენდაციები ასაკთან ერთად იცვლება. ერთ წლამდე ბავშვებს მხოლოდ 120-250 მლ წყალი სჭირდებათ დღეში. 1-3 წლის ბავშვებს დაახლოებით 1 ლიტრამდე სასმელი სჭირდებათ დღეში, უპირატესად წყალი და რძე, უფრო ნაკლებად – წვენები.
4-8 წლის ბიჭებსა და გოგონებს დღეში 1600 მლ-ზე მეტი წყალი სჭირდებათ, 9-13 წლის გოგონებს – დღეში 2100 მლ-ზე მეტი, ბიჭებს – 2400 მლ-მდე, 14-18 წლის გოგონებს – დღეში 2400 მლ-მდე, ბიჭებს – 3300 მლ-ზე მეტი. გახსოვდეთ, რომ ეს ეხება ზოგადად მიღებულ სითხეებს, სხვა სასმელებს, ხილსა და ბოსტნეულს, შესაბამისად, უშუალოდ წყლის რაოდენობა შეიძლება მითითებულზე ნაკლები იყოს.
სჭირდება ბავშვებს წყლის ბოთლი სკოლისათვის?
სკოლებს ამ საკითხისადმი შეიძლება სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდეთ, მაგრამ სასურველია ბავშვებს სკოლაში წყლის ბოთლის მიტანის უფლება მიეცეთ, რათა თავიდან აირიდოთ გაუწყლოვნება. თუკი გსურთ დარწმუნდეთ, რომ თქვენი შვილი სკოლაში ყოფნისას საკმარის წყალს სვამს, წყლის ბოთლის გატანება კარგი იდეაა.
შეარჩიეთ საწრუპიანი ბოთლი სარქვლის გარეშე, რათა ადვილი იყოს მისი გაწმენდა. იდეალურ შემთხვევაში საწრუპი არ უნდა იყოს მართკუთხა და არ უნდა ითხოვდეს კბენა-წრუპვის (bite-and-sip) პატერნებს, რადგან ბავშვებისათვის ეს არ არის ბუნებრივი და მეტყველების პათოლოგიების სპეციალისტები არ ურჩევენ ამ ტიპის წყლის ბოთლების გამოყენებას.
წყარო: www.verywellfamily.com