სასკოლო მზაობის და სასკოლო მზაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შესახებ გვესაუბრება ნეიროფსიქოლოგი თათია მჭედლიშვილი.
რა განსაზღვრავს ბავშვის სასკოლო მზაობას და მის აკადემიურ წარმატებას მომავალში?
სკოლაში მისვლა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში, თუმცა ამ პროცესს გარკვეული მღელვარებაც ახლავს თან. ხშირად ჩნდება კითხვა – რა არის საჭირო ბაღიდან სკოლაში მარტივი და წარმატებული ტრანზიციისთვის? ეს პროცესი შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს წინასწარი დაგეგმვით.
ბევრი ადამიანი სკოლაში წარმატების ძირითად პირობად მხოლოდ წინა-აკადემიური უნარების განვითარებას მიიჩნევს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სასკოლო მზაობა სხვა უნარებსაც მოიცავს. პირველ რიგში სასკოლო მზაობა განისაზღვრება მისი ინდივიდუალურობით, კოგნიტური, ფიზიკური, სოციალურ-ემოციური განვითარებით და არა – აკადემიური ცოდნით (მაგალითად, ანბანის ცოდნა, ციფრები, ანგარიში). ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ვსაუბრობთ სასკოლო მზაობაზე – ეს მხოლოდ ბავშვის სკოლისათვის მზაობას არ ეხება და ამ პროცესში მშობლებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას და სკოლას დიდი როლი აქვს.
რას ნიშნავს წინა–აკადემიური უნარები და როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ეს პროცესი წინასწარი დაგეგმვით?
დაწყებით კლასებში ბაზისური აკადემიური უნარების, კერძოდ, წერის, კითხვის და მათემატიკის ათვისება არის ყველა სასკოლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი. ბავშვები ამისათვის მომზადებას სკოლაში შესვლამდე ბევრად ადრე იწყებენ. კითხვისთვის მზაობა გულისხმობს, მაგალითად, როდესაც ბავშვი ინტერესდება წიგნით – ათვალიერებს, ფურცლავს, ჰყვება ისტორიებს სურათების მიხედვით. მოსწონს, როდესაც წიგნს უკითხავენ და სთხოვს უფროსებს წაუკითხონ წიგნი, ითხოვს სურათების დათვალიერებას. იცის, რომ ასოები და ციფრები მნიშვნელობის მატარებელი სიმბოლოებია. წაკითხულის შემდეგ საკუთარი სიტყვებით ჰყვება მოთხრობის ძირითად ნაწილს. წერისთვის მზაობაში იგულისხმება, როდესაც ბავშვი იჭერს კალამს სწორი კომბინაციით, აფერადებს სხვადასხვა ფორმის ნახატებს, იცის, რომ წერის/ ხატვის მეშვეობით ხდება აზრების ან რაიმე შინაარსის გადმოცემა. ხატავს ასოების მიმსგავსებულ ფორმებს. მათემატიკისთვის მზაობა გულისხმობს, მაგალითად, როდესაც იგებს სივრცით მიმართებებს – „ზევით“, „ქვევით“, „წინ“, „უკან“, „მარჯვნივ“, „მარცხნივ“. ცნობს და ასახელებს მარტივ ფიგურებს: წრე, სამკუთხედი, ოთხკუთხედი. ადარებს ორ მსგავს ფიგურას და ასახელებს მსგავსებას ან განსხვავებას.
კიდევ რა უნარებია საჭირო სასკოლო მზაობისთვის?
წინა-აკადემიური უნარების გარდა, სასკოლო მზაობა მოიცავს შემდეგ უნარებს: მასწავლებლის სიტყვიერი მითითების გაგება და მიყოლა, ქცევის მართვა, თანატოლებთან ერთად აქტივობებში ჩართვა, ნივთების გაზიარება, ზოგადად საკლასო რუტინის მიყოლა, გარკვეული დროით ყურადღების შენარჩუნება და მიზნის შესაბამისად გადანაცვლება, მეტყველების პროდუქცია, მაგალითად, მოთხოვნილებების, აზრების სიტყვების საშუალებით გამოხატვა. თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა.
როგორ შევუწყოთ ხელი სასკოლო მზაობის უნარების განვითარებას?
• შეუწყეთ ბავშვს ხელი ჰქონდეს თანატოლებთან ურთიერთობა სოციალური უნარების გავარჯიშების მიზნით. ეცადეთ წინასწარ დაგეგმოთ, მოაწყოთ ისეთი სიტუაციები, რომლებიც მეტ სოციალურ ინტერაქციას მოითხოვს, დააკვირდით და საჭიროების შემთხვევაში წაახალისეთ მეტი ინტერაქცია. მსგავსი თამაშები შეიძლება დაგეგმოთ სახლში ან სათამაშო მოედანზე.
• წაუკითხეთ ბავშვს ასაკის შესაბამისი დასურათებული წიგნები, რომ გამოუმუშავდეს მოსმენის და თხრობის უნარები. შემდეგ სთხოვეთ საკუთარი სიტყვებით გადმოსცეს მოსმენილი შინაარსი. თუნდაც აღწეროს სურათი ან სურათის მიხედვით საკუთარი სიტყვებით მოიფიქროს ამბავი.
• დაეხმარეთ ბავშვს თვით-მომსახურების უნარების ათვისებაში, მაგალითად როგორიცაა, დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა, საპირფარეშოს მოხმარება, მომზადება სახლიდან გასვლის წინ. ამ აქტივობების შესრულებისას რამდენადაც შესაძლებელია ეცადეთ შემოიფარგლოთ მხოლოდ სიტყვიერი მითითებით, თუმცა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია შესთავაზოთ დახმარებაც.
• შეამზადეთ ბავშვი სკოლის გარემოსთვის. დაგეგმეთ რამდენიმე ვიზიტი სკოლაში. ბავშვთან ერთად წინასწარ მოინახულეთ სკოლა, სადაც ბავშვის მიყვანას გეგმავთ. ერთად დაათვალიერეთ გარემო – ეზო, სასკოლო სივრცე, კლასი, გააცანით მასწავლებელი.
- ბავშვის სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელთან, რომ განსაზღვროთ ბავშვის ძლიერი მხარეები და საჭიროებები, ასევე, დროულად მოხდეს განვითარებაში რაიმე სირთულის იდენტიფიცირება, რათა ამა თუ იმ უნარის განვითარებაზე მუშაობა ბავშვის სკოლაში მისვლამდე დაიწყოს.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ყველა ბავშვი განვითარების ინდივიდუალურ გზას გადის. აღნიშნული ინფორმაცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და ამ მახასიათებლებით არ ხდება გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, აქვს თუ არა ბავშვს სასკოლო მზაობა და შესაბამისად უნდა მივიყვანოთ თუ არა სკოლაში. ეს ინფორმაცია შეიძლება მშობლებმა გამოიყენონ იმისთვის, რომ განსაზღვრონ რა ნაწილში სჭირდება ბავშვს უფრო მეტი მხარდაჭერა სკოლაში მისვლამდე, ასევე თუ საჭიროა გაიარონ კონსულტაცია სპეციალისტთან. წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია რომელი სერვისები დახვდებათ სკოლაში და რა პროგრამებში შეიძლება იყოს ბავშვი ჩართული მისი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე.