პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება “მენტალ ჰაბის” კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი თამარ ფაცაცია.
წინა ინტერვიუში თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ რომანტიკული ურთიერთობების წარმატებისთვის სასურველია წყვილებმა ერთმანეთის სიყვარულის ენა გაიგონ, შეისწავლონ ერთმანეთის საჭიროებები, მისწრაფებები, მოერგონ ერთმანეთის საჭიროებებს, ისე რომ პარტნიორმაც ისწავლოს და გაითვალისწინოს მეორე ადამიანის სიყვარულის ენა. მაგრამ, როცა ეს ასე არ ხდება, ხშირია კონფლიქტები, რომლებმაც შეიძლება ძალიან დააზიანოს ურთიერთობა. კიდევ რა დამცავი ფაქტორები შეიძლება არსებობდეს ურთიერთობაში კონფლიქტების პრევენციისთვის?
კონფლიქტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორებმა ხელი არ გაიშვირონ ერთმანეთისკენ, არ დაადანაშაულონ ერთმანეთი, გაითვალისწინონ საკუთარი ქცევა და არ ეცადონ მთელი პასუხისმგებლობა პარტნიორს დააკისრონ. მსგავს სიტუაციაში თავდაცვასა და თავდასხმაზე გადავდივართ, რადგან ყველაფერი რაც ჟღერდება მტკივნეულ კრიტიკად აღიქმება. განსაკუთრებით, როდესაც საუბარს ვიწყებთ სიტყვით“შენ”. არსებობს კამათის უფრო სტრუქტურული გზები, რათა ადამიანს ჩვენი სათქმელი გავაგებინოთ. უნდა დავიწყოთ ჩვენთვის უსიამოვნო სიტუაციის აღწერით, რათა გაგებული იქნას კონტექსტი, შემდეგ ავხსნათ კონკრეტულად რა ქცევები იყო ჩვენთვის უსიამოვნო, და ბოლოს აღვწეროთ რა გრძნობები გამოიწვია ჩვენში ამ სიტუაციამ, რა გავლენა მოახდინა ჩვენზე. ამ დროს ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის კონკრეტულ საქციელზე და არ განვაზოგადებთ მის პიროვნებაზე. როდესაც ვსწავლობთ ჩვენი ემოციების კონსტრუქციული გზით გამოხატვას უფრო კარგად ვაგებინებთ მეორე ადამიანს, რა იყო მტკივნეული და გასაბრაზებელი.
წყვილი ნეგატიურ ინტერაქციას მეტად იმახსოვრებს. ზოგი ფსიქოლოგი თვლის, რომ ერთი ნეგატიური შემთხვევის გასანეიტრალებლად საჭიროა ხუთი დადებითი გამოცდილება. შესაბამისად, სასარგებლოა კონფლიქტის შემდეგ ორივე პარტნიორი ეცადოს ერთმანეთს ასიამოვნოს. სასურველია წყვილმა კონფლიქტი მოგვარებამდე მიიყვანოს და არ დატოვოს ღიად, ხოლო შემდეგ იფიქროს, როგორ დააკომპენსიროს უსიამოვნო ეპიზოდი.
ასევე ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ მეგობრობაც, როდესაც პარტნიორებს შეუძლიათ ერთმანეთთან იყვნენ ლაღები, გაიცინონ, ეხუმრონ ერთმანეთს (რა თქმა უნდა, წითელი ხაზების გათვალისწინებით). სიმსუბუქის განცდა ურთიერთობაში დადებითად მოქმედებს წყვილის ურთიერთობაზე. ადამიანები ხომ მეგობრებთან არ ვართ დაძაბულები, არ ვაკონტროლებთ ყოველ სიტყვას. არ არის აუცილებელი პარტნიორები ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ, ან ყველა ინტერესი საერთო ჰქონდეთ, მთავარია იცოდნენ ერთმანეთთან საუბრის ენა.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის შექმნამდე კარგად დაფიქრება, ერთმანეთის კარგად გაცნობა, შეყვარებულობის პერიოდში (ე.წ. თაფლობის თვის პერიოდში) აქტიურად გამოიყოფა დოფამინი და ოქსიტოცინი, რომლებსაც უწოდებენ “ბედნიერების ჰორმონებს”. ამ პერიოდში შესაძლოა პარტნიორის ნეგატიურ ქცევებსა და თვისებებს იგნორირებას ვუკეთებდეთ, ან ვამჩნევდეთ, მაგრამ არ გვაწუხებდნენ ისინი. დროთა განმავლობაში ჰორმონების გამოყოფა მცირდება და უფრო მკაფიოდ შეგვიძლია დავინახოთ მეწყვილის ნეგატიური ნაწილები, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია. ასეთ დროს ჩნდება პრობლემები, შეუთავსებლობა, რადგან ვერ ხერხდება საერთო წესებზე შეთანხმება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ორივე პარტნიორი იყოს თანამშრომლობით სიტუაციაში, თუ ასე არ ხდება, დგება კრიზისული პერიოდი, როცა შეიძლება მოგვწყინდეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, ვიყოთ იმედგაცრუებული, ვეღარ ვგრძნობდეთ სიყვარულს პარტნიორის მიმართ და ჩნდება მუდმივი დაძაბულობა, აგრესია, რომელიც გადაიზრდება კონფლიქტში და ა.შ. კონფლიქტების და კრიზისების გადალახვა სავსებით შესაძლებელია, თუ ორივე ადამიანი მონდომებულია, რესურს დებს ამაში და მზად არის გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს.