“დედამიცისს” ესაუბრება ოკუპაციური თერაპევტი და ადრეული განვითარების სპეციალისტი თამარ ნოზაძე.
როგორ შეგვიძლია ბავშვის ფიზიკური განვითარების სტიმულაცია ადრეული ასაკიდან?
ბავშვისთვის პირველ რიგში აუცილებელია მშობლების მხრიდან უსაფრთხო გარემოს შექმნა ჩვილობის ასაკიდანვე, რათა ბავშვს ჰქონდეს ფიზიკური უნარების განვითარების შესაძლებლობა. 1-2 თვის ბავშვი უნდა დავაწვინოთ მუცელზე, მაშინ როცა არ არის ახალნაჭამი, კარგ ხასიათზეა, გამოძინებულია და ა.შ. რამდენიმე წუთით, რომ ჯამში დღის განმავლობაში 60 წუთამდე მოუწიოს მუცელზე წოლა, რათა შეძლოს თავის დაჭერა, საკუთარი სხეულის კონტროლი და გააძლიეროს ხელები შემდგომში ცოცვისთვის და ხოხვისთვის. ჩვილს არ სჭირდება დიდი სივრცე, მას პატარა სივრცეც ეყოფა, მაგალითად პატარა ხალიჩა. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ დროს არ დავაწვინოთ დივანზე ან ლოგინზე, არამედ რაც შეიძლება მყარ ზედაპირზე, ხალიჩაზე ან დაგებულ ფაზლზე, ოღონდ ისეთ მასალაზე, თავის ჩამოვარდნის შემთხვევაში რომ არ ეტკინოს. მყარ ზედაპირზე ყოფნისას ბავშვები უფრო კარგად აკონტროლებენ სხეულს. მუცელზე წოლის ხელშეწყობა იძლევა, როგორც ცოცვისა და ხოხვის განვითარების წინაპირობას, ასევე ის ავითარებს კისრის და ბეჭის კუნთებს, რომელიც ავტომატურად ამზადებს ბავშვს დამოუკიდებლად ჯდომისთვის.
6 თვის ასაკის ბავშვი უკვე ზის დამოუკიდებლად, რაც ნიშნავს რომ რამდენიმე წუთით ინარჩუნებს წონასწორობას და ჯდომის დროს გადაიწევს წინ, გვერდით, აიღებს საგანს და დაბრუნდება უკან ისე, რომ არ წაიქცეს. ეს ასე არ ხდება თუ ბავშვი 6 თვემდე სულ ხელში გვიჭირავს და უცებ, როდესაც 6 თვის გახდება, მოვინდომებთ, რომ დაჯდეს, რადგან თითოეული უნარის სრულყოფილად გამომუშავებას დაახლოებით 1-2 თვე მაინც სჭირდება ხოლმე. ზოგადად, კარგი იქნება მშობელმა გაიაროს საკითხი ორთოპედთან და განვითარების სპეციალისტთან, თუ რამდენად არის ბავშვი მზად დაჯდომისთვის, მაგრამ ზოგადი წინაპირობაა, რომ ბავშვი კარგად უნდა იჭერდეს თავს მუცელზე წოლისას, რომ დავიწყოთ ჯდომის წახალისება დაახლოებით ოთხი თვის ასაკიდან მისი რამდენიმე წამით დაჯდომით. ჯდომის სწავლებისას აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ მისი უსაფრთხოება, ბალიშები გარშემო, რომ თუ წაიქცევა, უსაფრთხოდ წაიქცეს, თუმცა არ უნდა შევაჩეროთ ბავშვი წაქცევის პროცესში, რომ ბავშვმა იგრძნოს სად არის მისი სხეული სივრცეში და ნახოს რამხელაზე ვარდება, რომ შემდგომში არ გაუჩნდეს დაცემის შიში.
გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც მშობლები ამბობენ, რომ მათ ბავშვს არ უხოხია, ისე გაიარა. არ არსებობს ბავშვი, რომელსაც ხოხვის უნარი არ აქვს, რადგან ყველა ბავშვი სწავლობს მოგვიანებით წამოდგომას. რომ დავაკვირდეთ ნებისმიერ ბავშვს, ის ვერ წამოდგება ავეჯზე დაყრდნობით, თუ მან ხოხვის პოზა არ მიიღო. შესაბამისად, თუ ბავშვი არ ხოხავს, შესაძლოა ეს განპირობებული იყოს იმით, რომ ოჯახს არ მიუცია ბავშვისთვის საკმარისი დროით იატაკზე ყოფნის გამოცდილება, არ ხდება მუცელზე წოლის წახალისება.
მშობლების უმეტესობა, როდესაც ბავშვი იწყებს ფეხებზე ყრდნობას, ძალიან ბედნიერია და ხშირად ახალისებენ მის სიარულს, რა თქმა უნდა, ეს სასიხარულოა, როცა ვუყურებთ ბავშვის მიერ ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ მისი სხეული, როდესაც ჩვენს ხელებზეა ჩამოკიდებული დამოუკიდებლად სიარულისთვის მზად არ არის. ამ დროს ბავშვი მეტად ინტერესდება “ზედა” სამყაროთი და შესაძლოა გააპროტესტოს ხოხვის პოზაზე დაბრუნება. ხოხვა თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რომლის დროსაც ბავშვი აუმჯობესებს კოორდინაციას და კიდურებში კუნთების გამძლეობას და შემდგომში რამდენიმე მნიშვნელოვანი უნარის წინაპირობაა, მაგ. ველოსიპედის ტარება, ცურვა, კლდეზე ცოცვა, წერითი უნარები და სხვა. შეიძლება შემოგვედავონ ის მშობლები, რომელთა შვილებსაც არ უხოხიათ, რომ მათმა შვილებმაც ისწავლეს ცურვა და ველოსიპედის ტარება და მართლაც ასე იქნება, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ამის სწავლისთვის ბავშვებს გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდებათ იმ ბავშვებს ვისაც არ უხოხიათ, ვიდრე იმ ბავშვებს ვინც იხოხა და კოდურადაა ჩადებული და დამახსოვრებულია ეს უნარი, როგორც სხეულის ჩვეულებრივი მოძრაობა.
მას შემდეგ რაც ბავშვისთვის ხოხვის წახალისებას ვეცდებით და ბავშვი დაიწყებს ხოხვას, ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს გარემოდან დროებით იმ ნივთების ალაგებას, რომელიც არაა უსაფრთხო ბავშვისთვის – შესაძლოა ხელი გაიჭრას, პირში ჩაიდოს, გადასცდეს, გატეხოს, დაეცეს და სხვა. ასევე ის უჯრები, რომელშიც ასეთი ნივთები დევს, უნდა იყოს დაცლილი ან დროებით შევუნაცვლოთ ნივთებს ადგილები, მაგალითად სამზარეულოში თუ თეფშები ქვედა კარადაშია, ქვემოთ დავაწყოთ ქვაბები, ჯამები და არამტვრევადი ჭურჭელი, რომ ბავშვსაც არ შევუზღუდოთ კვლევის არეალი და თუ ამის საშუალება არ არის, დავაბათ უჯრები, რომ ბავშვმა თავი არ დაიზიანოს.