ჩვილის პირველი კბილი დაახლოებით 4-დან 7 თვემდე იწყებს ამოჭრას (თუმცა, ყველა ბავშვი განსხვავებულია და შეიძლება უფრო გვიანაც დაიწყოს ეს პროცესი). ღრძილების ქავილი, დორბლიანობა და უმადობა კბილების ამოჭრის კლასიკური სიმპტომებია. მაგრამ თუ თქვენს ბავშვს სიცხე აქვს? შეიძლება ეს კიდევ ერთ ნიშნად ჩაითვალოს თუ ბავშვი ავადაა?
კბილების ამოჭრის დროს შეიძლება თქვენი ბავშვის სხეულის ტემპერატურამ მოიმატოს, მაგრამ ოდნავ. 38°-ზე მაღალი სიცხე იმის ნიშანია, რომ თქვენი ბავშვი ალბათ ავად არის.
როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს კბილები ამოსდის?
ყველა ბავშვი განსხვავებულია. ზოგს კბილები ტკივილის გარეშე ამოსდის, ზოგიერთი კი ტირის და გაღიზიანებულია.
თქვენ შეგიძლიათ ივარაუდოთ, რომ ბავშვს კბილები ამოსდის, თუ ის
- მეტად დორბლიანობს;
- ძალიან გაღიზიანებულია;
- ტირის ჩვეულებრივზე ხშირად;
- ღეჭავს ღრძილების მოსაქავებელ სათამაშოებს და სხვა საგნებს.
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ბავშვი ავად?
ავადმყოფი ბავშვი შეიძლება ასევე იყოს გაღიზიანებული და ჰქონდეს ძილის პრობლემები. თქვენს შვილს შესაძლოა ჰქონდეს ვირუსი ან ინფექცია, თუ აქვს:
- სურდო ან გაჭედილი ცხვირი;
- ცემინება ან ხველა;
- ფაღარათი ან ღებინება;
- გამონაყარი.
ამიტომ, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს, სანამ დაასკვნით, რომ ბავშვს „კბილის სიცხე“ აქვს.
კბილების ამოჭრის ტკივილის მოსახსნელად არ გამოიყენოთ გელები. ისინი, როგორც წესი, არ შველის და ზოგიერთი შეიცავს ბელადონას (შხამიანი მცენარე) ან ბენზოკაინს და ორივე შეიძლება საზიანო იყოს ჩვილისთვის. აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) არ უწევს ამ საშუალებებს რეკომენდაციას, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ ჟანგბადის რაოდენობა სისხლში.
თუ თქვენი ბავშვი 6 თვეზე მეტია, შეგიძლიათ მისცეთ იბუპროფენისა და აცეტამინოფენის (პარაცეტამოლის) ჯგუფის წამლები პედიატრის დანიშნულებით.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:
- ბავშვი 3 თვეზე ნაკლებისაა და 38°-ზე მაღალი სიცხე აქვს;
- ბავშვი 3 თვისაა და 38.9°-ზე მაღალი სიცხე აქვს;
- ბავშვს აქვს ცხელება, რომელიც გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს;
- ბავშვს აქვს ფაღარათი, ღებინება ან გამონაყარი ცხელებით;
- ბავშვი მივარდნილია და სულ ეძინება;
- ბავშვი ტირის და ვერ ახერხებთ მის დამშვიდებას.
წყარო: www.webmd.com
წაიკითხეთ ჩვენი სტატია კბილების ამოჭრის შესახებ –
https://dedamicis.ge/rogor-gavuadvilot-bavshvs-kbilebis-amochra/