როგორ ადასტურებენ ექიმები ტყუპებზე ორსულობას?
ორსულობის 6-9 კვირაზე ულტრაბგერითი გამოკვლევით ექიმმა შეიძლება დაასკვნას, რომ თქვენ ერთზე მეტ შვილს ელოდებით. ექოსკოპიის უფრო ადრეულ ვადაზე გაკეთება შეიძლება, თუ ნორმაზე მეტად მომატებული გექნებათ ქორიონული გონადოტროპინის (hCG-ის) ან ალფა-ფეტოპროტეინის დონე. პირველი არის ორსულობის ჰორმონი, მეორე კი – ცილა, რომელიც გამოიყოფა ნაყოფის ღვიძლში და ხვდება ორსულის სისხლში.
ტყუპებზე ორსულობის ნიშნები
მეტი “დილის ავადმყოფობა”. თქვენ შეიძლება გქონდეთ გამძაფრებული გულისრევა და ღებინება ტყუპებზე ორსულობის დროს, HCG-ის მაღალი დონის გამო. შეიძლება ის უფრო ადრე დაიწყოს და უფრო დიდხანს გაგრძელდეს. მისი მძიმე ფორმაც – hyperemesis gravidarum უფრო ხშირად ტყუპებზე ორსულობის დროს გვხვდება.
მუცლის პრობლემები. საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტი, როგორიცაა გულძმარვა, საჭმლის მონელების მოშლა და შეკრულობა.
უკიდურესი დაღლილობა. თქვენი სხეული ორჯერ მეტს მუშაობს 2 ნაყოფის გასაზრდელად. “დილის ავადმყოფობა” და ძილის ნაკლებობაც იწვევს ძლიერი დაღლილობის შეგრძნებას.
წონის უფრო ადრე მატება. ექიმები ტყუპებზე ორსულ, ნორმალური წონის ქალებს ურჩევენ 16-24 კგ-ის ფარგლებში მატებას. ეს კი ნიშნავს, რომ პირველ სემესტრში კვირაში დაახლოებით 0.4 კგ-ს მოიმატებთ.
გაზრდილი მადა. ეს ხელს შეუწყობს საჭირო წონის მატებას, თუმცა ზოგიერთ ქალს “დილის ავადმყოფობის” გამო უჭირს მიიღოს საკმარისი კალორია.
ნაყოფის მეტი მოძრაობა თქვენი მუცლის სხვადასხვა მხარეს, ერთდროულად. მიუხედავად იმისა, რომ ორსული ქალების უმეტესობა ხანდახან შეიძლება გრძნობდეს, რომ მუცელში რვაფეხა (ან პროფესიონალი მოკრივე) ჰყავს, ტყუპებზე ორსულობის დროს თქვენ იგრძნობთ, რომ ბავშვები ერთდროულად მოძრაობენ, მაგრამ თქვენი მუცლის სხვადასხვა ნაწილში.
წყარო: www.whattoexpect.com
გაეცანით ჩვენს სტატიას, რომელი ფაქტორები ზრდის ტყუპებზე დაორსულების ალბათობას – https://dedamicis.ge/faqtorebi-romlebic-xels-uwyobs-tyupebis-yolas/