Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ორსულობის დასაწყისში ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, შეიძლება თუ არა ისევ მიიღოთ ალკოჰოლი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი გამოცდილი დედა მოგიყვებათ იმის შესახებ, თუ როგორ სვამდნენ დღეში ერთ ჭიქა ღვინოს მთელი ორსულობის განმავლობაში (ექიმის ნებართვით, ჰემოგლობინის ასაწევად და ა.შ.) და როგორი ჯანმრთელი შვილები ჰყავთ. სამწუხაროდ, კვლევებით არ დასტურდება, რომ ალკოჰოლის მიღება ორსულობის დროს უსაფრთხო არჩევანია.

ამერიკის პედიატრთა ასოციაცია გვაფრთხილებს, რომ არ არსებობს ალკოჰოლის რაოდენობა, რომელიც უსაფრთხო იქნება ორსულისთვის. ცნობილია, რომ ორსული არასდროს სვამს მარტო. თითოეულ ჭიქა ღვინოს, კოქტეილსა თუ ლუდს ის უყოფს თავის პატარას. როდესაც ორსულობის დროს სვამთ, ალკოჰოლი თქვენი სისხლიდან პლაცენტის გავლით მიეწოდება თქვენს პატარას. ნაყოფის ღვიძლი ერთ-ერთი ორგანოა, რომელიც ორსულობის ბოლოსკენ ვითარდება. ამის გამო, ნაყოფს სჭირდება უფრო მეტი დრო, ვიდრე დედას, ალკოჰოლის ორგანიზმიდან გამოსადევნად.

ორსულობის დროს ალკოჰოლის მიღებამ, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, როგორიცაა მუცლის მოშლა, ნაადრევი მშობიარობა, მკვდარი ნაყოფი ან ბავშვის მცირე წონა.

პირველი 3 თვის შემდეგ დალევამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, რომლებიც ბავშვის დაბადების შემდეგ ან უფრო მოგვიანებით გამოჩნდება, მაგალითად ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი, რომელიც იწვევს ქცევით და განვითარების პრობლემებს, არასტანდარტული ზრდა, განვითარების პრობლემები და დაბალი ინტელექტი ბავშვობაში

ორსულობის დროს მძიმე სმის რისკები

მძიმე სმა (3 ან მეტი სტანდარტული დალევა ყოველდღე) ან გაბმული (გაღრევებული) სმა (5 ან მეტი დალევა დღეში)  ორსულობის დროს იწვევს ნაყოფის ალკოჰოლურ სინდრომს – „ნაბახუსევს, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება“. ამ მდგომარეობას შედეგად მოჰყვება სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, ბავშვის მცირე ზომა და გონებრივი დეფექტები, ასევე მრავალგვარი დეფორმაციები (განსაკუთრებით თავის, სახის, კიდურების, გულისა და ცენტრალური ნერვული სისტემის). რაც უფრო მალე შეწყვეტს მძიმე მსმელი დალევას ორსულობისას, მით უფრო შემცირდება რისკები ბავშვისათვის.

მოგვიანებით, ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის მქონე ბავშვები მიდრეკილი არიან მხედველობის, სწავლის, ქცევითი და სოციალური პრობლემებისკენ. ასევე ხშირია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, დეპრესია და შფოთვა, ალკოჰოლიზმი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუსტად არ ვიცით, რა რაოდენობის ალკოჰოლი შეიძლება საფრთხის შემცველი გახდეს კონკრეტული ქალის ორგანიზმისთვის და ნაყოფისთვის. ასევე, ორსულობის დროს “ჭიქა ღვინისგან” მიღებული შესაძლო ზიანი შესაძლოა მოგვიანებით გამოჩნდეს და არა ორსულობის ან მშობიარობის დროს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ორსულმა სწორად შეაფასოს რისკები და უარი თქვას ალკოჰოლის თითოეულ წვეთზე საკუთარი და პატარას ჯანმრთელობის გამო.

თუ სვამდით, სანამ გაიგებდით, რომ ორსულად ხართ

რა თქმა უნდა, უმჯობესია, უარი თქვათ დალევაზე, როცა ორსულობას დაგეგმავთ. თუმცა, საბედნიეროდ, კვლევების მიხედვით, ადრეულ ეტაპზე, მანამ სანამ გაიგებთ ორსულობის შესახებ, ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა ემბრიონზე არ დასტურდება. უბრალოდ, შეწყვიტეთ დალევა, როგორც კი ეჭვი გაგიჩნდებათ შესაძლო ორსულობაზე.

ორსულობის დროს დალევის შეწყვეტის მეთოდები:

1. თუ თქვენ სვამთ განტვირთვისთვის, სცადეთ სხვა მეთოდები, მაგალითად მუსიკა, თბილი აბაზანა, მასაჟი, ვარჯიშები, კითხვა ან თუნდაც სექსი.

2. ჩაანაცვლეთ თქვენი საყვარელი სასმელი არაალკოჰოლური ალტერნატივით (განსაკუთრებით მაშინ, თუკი რეგულარული სმა რიტუალის ნაწილია). შეგიძლიათ სცადოთ „ქალწული მერი“ („სისხლიანი მერი“ არყის გარეშე) გვიან საუზმეზე, გაზიანი წვენი ან არაალკოჰოლური ლუდი სადილზე, ან წვენის შპრიტცერი (ნახევარი წვენი, ნახევარი გაზიანი წყალი) ჩვეულ დროს ჩვეულებრივ ჭიქებში. არსებობს ბევრი სხვა მოქტეილიც, რომელიც უსაფრთხოა ორსულობისას.

3. კარგი იქნება, თუ თქვენი პარტნიორი ან ოჯახის წევრები და მეგობრები შემოგიერთდებიან (თუნდაც მხოლოდ თქვენთან ყოფნის დროს). ეს უფრო გაგიმარტივებთ ალკოჰოლის დანებების პროცესს.

თუ თქვენ უკვე შეგექმნათ პრობლემები ალკოჰოლისთვის თავის დანებებასთან დაკავშირებით, შეატყობინეთ თქვენს ექიმს.

კარგი ამბავი: ბავშვის გაჩენის შემდეგ, დროდადრო თქვენ ისევ შეძლებთ რამდენიმე ჭიქის დალევას, თუნდაც ძუძუთი კვების დროს, თუკი ამ დროს გარკვეულ წესებს გაითვალისწინებთ.

წყარო:

www.whattoexpect.com

www.babycenter.com

www.nhs.uk

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5