შესაძლოა, ძალიან ბევრი იკითხოთ ორსულობის დროს ბავშვის მოვლასა და აღზრდაზე, მაგრამ მაინც განიცდიდეთ შფოთვასა და შიშს, თუ როგორ წარიმართება თქვენი ახალი მოვალეობები და საქმიანობები.
ფრჩხილების დაჭრა: ხელები მიკანკალებს. კი, წავიკითხე „როგორ დავაჭრათ ფრჩხილები ახალშობილს?“, ვუყურე ვიდეოებს, მაგრამ… ღმერთო ჩემო, რა პატარა თითები აქვს და რა დიდი მაკრატელია, მერე რა, რომ საათობით ვარჩევდი, რომელი მეყიდა და თითქოს ყველაზე უსაფრთხო ვიყიდე. ბავშვის მამა და მე ვერსიებს ვცვლით: „იქნებ შენ გინდა, პირველად დააჭრა ფრჩხილები? ხომ არ გავითვალოთ? პედიატრს ხომ არ დავაჭრევინოთ?“. ჩემი მეგობარი, რომელიც 3 შვილის დედაა, სიცილით მეუბნება: მიდი, გამოიყენე ეგ დრო, სანამ ბევრს ვერ მოძრაობს და სძინავს.
ძუძუთი კვება: ძუძუ სწორად უნდა ჩავუდო, არ უნდა მეტკინოს, არ უნდა დამისკდეს ძუძუსთავები. რა პატარა პირი აქვს… ნეტა, რძე მაქვს? აა, ხო, თავიდან ხსენი უნდა მქონდეს, რომელიც ახალშობილს ცოტაც ჰყოფნის.
ბანაობა: მე ხომ ვუყურე ვიდეოს, სადაც ჩვილს ლამის ეძინა და ისე აბანავებდნენ. ჩემი პატარა რატომ ფართხალებს და ბჟირდება ტირილისგან? ყველაფერი ხომ ისე გავაკეთე, როგორც საჭიროა? წყალი ხომ 37 °-ია? კიდევ კარგი, ყოველდღე შამპუნი არაა საჭირო!
კოლიკის პირველი შეტევა: საღამოს 7 საათია და არაფერია გენიალურად! კი წამიკითხავს კოლიკაზე რაღაცები, მაგრამ ეს… ეს რა საშინელებაა? ასეთი ტირილი ნორმაა? მოიცა, 3 საათი გადაბმულად შეიძლება იტიროსო? ძუძუც ვერ ამშვიდებსო ზოგიერთს? დედა მინდაააა!
მანქანის ტარება ბავშვთან ერთად: როგორ უნდა ვადევნო თვალი გზას, როდესაც თვალები აკვიატებულად ამოწმებენ უკანა სარკეს? და თუ მას კოლიკის შეტევა დაეწყო საცობში ყოფნის დროს?