რეფლუქსი ჩვილებში გავრცელებული მოვლენაა, რომელიც როგორც წესი იწყება ცხოვრების პირველ 2 თვეში. წამოქაფება ჩვილების ნახევარზე მეტს ახასიათებს და მათ უმრავლესობას ეს არ უქმნის დისკომფორტს. თუმცა, არსებობს სერიოზული შემთხვევები, როცა რეფლუქსი იწვევს ტკივილს, რაც გავლენას ახდენს ბავშვების ცხოვრების ხარისხზე.
ადვილია რეფლუქსის დიაგნოზის დასმა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც აღებინებენ და გაღიზიანებულები არიან. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება წამოქაფების გარეშე ჰქონდეთ ჩუმი რეფლუქსი.
ჩუმი რეფლუქსის მქონე ჩვილებს აქვთ გასტროეზოფაგალური რეფლუქს დაავადების სხვა სიმპტომები, მაგალითად გაღიზიანებულობა ან კვების ცუდი ჩვევები. ხშირად მშობლები ამ ქცევებს კოლიკას მიაწერენ.
რა არის ჩუმი რეფლუქსი?
რეფლუქსის დროს კუჭის შიგთავსი ბრუნდება უკან – საყლაპავისკენ. ნორმალური რეფლუქსის მქონე ბავშვები ამის გამო აქაფებენ დედის რძეს ან ხელოვნურ ნარევს. ჩუმი რეფლუქსის დროს კი ამას ვერ ახერხებენ და საყლაპავში რჩება საკვები.
ჩუმი რეფლუქსის სიმპტომები
- გაღიზიანებულობა;
- ძილის პრობლემები;
- საკვების გადაცდენა;
- ღებინების რეფლექსი;
- ცხვირის გაჭედვა;
- კვებისას ზურგის მორკალვა;
- ქრონიკული ხველა;
- ჭამაზე უარის თქმა;
- სუნთქვის შეჩერება (აპნოე);
- ხმაურიანი სუნთქვა ან ხიხინი;
- ხმის ჩახლეჩვა;
რეფლუქსით დაავადებულ ბავშვებს ხშირად აქვთ კვების სირთულეები, რამაც შეიძლება შეანელოს წონაში მატება და წონის დაკლებაც კი გამოიწვიოს.
ჩუმი რეფლუქსის მიზეზები
კუნთების ჯგუფი, რომელიც მდებარეობს კუჭსა და საყლაპავს შორის (საყლაპავის ქვედა სფინქტერი), პასუხისმგებელია საყლაპავის გახსნასა და დახურვაზე სითხის გასატარებლად. ჩვილებში ეს კუნთები ხშირად არასაკმარისადაა განვითარებული, რაც იწვევს რეფლუქსს. ბავშვის ზრდასთან ერთად სფინქტერი მხოლოდ მაშინ გაიღება, როდესაც ბავშვი იკვებება, ხოლო სხვა დროს იქნება დახურული და ხელს შეუშლის კუჭის შიგთავსის უკან მოძრაობას.
რეფლუქსის რისკი მომატებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ნევროლოგიური დარღვევები, როგორიცაა ცერებრალური დამბლა;
- დღენაკლულობა;
- რეფლუქსის ისტორია ოჯახში;
- საყლაპავის თიაქარი;
- სუსტი კუჭის ზედა სარქველი.
ჩუმი რეფლუქსის მკურნალობა
აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ ეჭვი გაქვთ ჩუმ რეფლუქსზე. ის შეაფასებს მდგომარეობას და სამედიცინო ჩარევის საჭიროებას.
ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით სცადეთ, შეუმსუბუქოთ რეფლუქსი ბავშვებს:
აჭამეთ ხშირად და ცოტა. ძუძუთი კვებაზე მყოფმა ბავშვებმა შეიძლება ტკივილის შესამსუბუქებლად უფრო ხშირად მოითხოვონ ძუძუ, რამაც შეიძლება გაამწვავოს სიტუაცია. ხელოვნურ კვებაზე მყოფმა ბავშვებმა შეიძლება დიდი შუალედი გააკეთონ კვებებს შორის, რაც ასევე არ არის იდეალური რეფლუქსისთვის. ამიტომ, 2-3 საათში ერთხელ კვება სასურველია, რადგან ზედმეტი საკვები ზრდის მუცელზე დაწოლას და ამძაფრებს რეფლუქსს.
თუ ბავშვი ბოთლიდან ჭამს, ეცადეთ საწოვარას თავი იყოს წვრილი ნახვრეტით, რათა რძის ნაკადი წამოვიდეს შენელებულად. შეარჩიეთ ისეთი ბოთლი, რომელიც არ შეუწყობს ხელს ჰაერის ყლაპვას ჭამის დროს.
ეცადეთ ბავშვი ვერტიკალურად დაიჭიროთ ჭამის დროს და შემდეგი 30 წუთი. ეს შეამცირებს რეფლუქსის სიმპტომებს.
ნუ დაელოდებით ამოქარვებისთვის კვების დასრულებას. დაეხმარეთ ბავშვს ამოქარვებაში კვების დროსაც, დაახლოებით ყოველი 30-60 მლ-ის შემდეგ.
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, გადახედეთ თქვენს მენიუს. კოფეინი, შოკოლადი, ნიორი შესაძლოა ამწვავებდეს რეფლუქსს. ასევე, შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს ძროხის რძის ცილის, სოიას ან კვერცხის აუტანლობა. თუ შეამჩნევთ, რომ რომელიმე პროდუქტის გასინჯვის შემდეგ ბავშვი უფრო გაღიზიანებულია ან მეტად აღებინებს, სცადეთ მათი ამოღება რაციონიდან, სანამ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ საკვებს, როგორიცაა რძის პროდუქტები, შეიძლება ორი კვირა დასჭირდეს თქვენი ორგანიზმიდან გამოსასვლელად.
ასევე, ზოგ ქალს შეიძლება უფრო სწრაფად მოსდიოდეს რძე ძუძუდან, რაც გადაცდენის ალბათობას ზრდის. ასეთ შემთხვევაში, ოდნავ გამოიწველეთ კვების დაწყებამდე ან აჭამეთ უკან გადაწოლილ პოზაში. თუ ძუძუში გამაგრებების გამო ბავშვს უჭირს მოჭიდება, შეიძლება მეტ ჰაერს ყლაპავდეს კვების დროს. ნახეთ ჩვენი სტატია ამ თემაზე.
მედიკამენტები ჩვეულებრივ განიხილება, როგორც უკიდურესი საშუალება რეფლუქსით დაავადებული ჩვილებისთვის და წამალი უნდა მისცეთ მხოლოდ პედიატრის დანიშნულებით.
როგორც წესი, რეფლუქსს ჩვილები 12 თვისთვის დასძლევენ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე.
წყარო: www.verywellfamily.com/