პლატფორმა “დედამ იცის” გთავაზობთ ინტერვიუების ციკლს ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე და მის პრევენციაზე. კითხვებს უპასუხებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ივანე საათაშვილი.
პრევენციული მექანიზმებიდან ერთ–ერთად შეიძლება დასახელდეს ბავშვის მიერ საიდუმლოს არ შენახვა და მისი გამჟღავნება ახლობელი ადამიანებისთვის. როგორ უნდა მიხვდეს ბავშვი, რომ აუცილებელია საიდუმლოს გამჟღავნება, თუ მასზე ხორციელდება მოძალადისგან ზეწოლა, რომ საიდუმლო არ ითქვას?
ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციული მექანიზმები აგებულია იმ ნარატივებზე, რომლებიც შეიკრიბა ბავშვთა მიმართ ძალადობის შედეგად. ამ შემთხვევების შესწავლის შედეგად შეიქმნა ეს მექანიზმები და ერთ-ერთი დიდი მექანიზმი, რომელიც ბავშვს აიძულებს გაჩუმდეს სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, არის საიდუმლოს შენახვა. საიდუმლო იყოფა ორ ნაწილად და მშობლებმა შეიძლება ავარჯიშონ ბავშვი იმაში, თუ რომელია უსაფრთხო და რომელი საფრთხის შემცველი საიდუმლო. ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის დროს მოძალადე მიმართავს ბავშვის „დამუშავებას“, „ტვინის გამორეცხვას“, რომ მსხვერპლი ჩუმად უნდა იყოს, შემთხვევა არ უნდა გააჟღეროს და შემდეგ ბავშვს დაჰბრალდეს ეს ყველაფერი. ზოგჯერ სექსუალური ძალადობა ბავშვების მიმართ შეიძლება წლობითაც გაგრძელდეს, თუ ის ახლობელი ადამიანის მხრიდან ხდება და მთელი ეს მექანიზმი, როდესაც ბავშვი სიჩუმეს ინარჩუნებს, არის სწორედ საიდუმლოს შენახვა და მუქარა ბავშვის მიმართ. დიდი ბავშვისთვის შეიძლება მუქარა არ იყოს შემაშინებელი, მაგრამ პატარების შემთხვევაში ასეთი მუქარა ძალიან საშიშია. ის შეიძლება იყოს ასეთი: „შენ თუ იტყვი ამის შესახებ, შენ არავინ დაგიჯერებს, ისევ შენ დაგბრალდება, შენ წაგეჩხუბება შენი მშობელი.“ პრევენცია საუკეთესო გამოსავალია, რათა ასეთი საიდუმლო არ შეინახოს ბავშვმა და თუ კი რაიმე ინციდენტი იქნება, ან ბავშვს ექნება რაიმე ეჭვი, როდესაც ის უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, მაშინ უნდა გაჟღერდეს.
როგორ ვასწავლით ბავშვს საიდუმლოებების გარჩევას მისთვის გასაგებ ენაზე?
ჩვენ გვაქვს უსაფრთხო, კარგი საიდუმლო და სახიფათო, ცუდი საიდუმლო. კარგი საიდუმლო, როგორც წესი ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის. კარგი საიდუმლოა, თუ დედას დაბადების დღე მოდის და სიურპრიზს ვუკეთებთ და მხოლოდ ერთ ადამიანს ვუმალავთ ამის შესახებ. მეორე ინდიკატორი, რომელიც ბავშვს მიახვედრებს არის თუ არა საიდუმლო კარგი, ეს გახლავთ ის, რომ როგორც წესი, კარგი საიდუმლოს შენახვა ძალიან მალე მთავრდება და განსაზღვრული პერიოდი, ვადა აქვს. თუ 15 ივნისს მამას დაბადების დღეა, 15 ივნისს გამჟღავნდება სიურპრიზი და სხვებიც გაიგებენ. საიდუმლოს გამჟღავნება ყოველთვის იწვევს დადებით ემოციებს, გვაქვს სიხარულის, ბედნიერების შეგრძნება. შემდეგი ინდიკატორია საიდუმლოს უსაფრთხოება – ეს საიდუმლო არავისთვის არ არის საშიში, ყოველთვის კარგის მომტანია კარგი საიდუმლო და თუ ბავშვს ძალიან მოუნდება ამ საიდუმლოს თქმა, მაგრამ ვეღარ ითმენს, შეუძლია თქვას და ამით არაფერი დაშავდება. სახიფათო საიდუმლოს შემთხვევაში ეს ინდიკატორები საპირისპიროდ ლაგდება – სახიფათო საიდუმლოს არ აქვს ვადა, ასეთი საიდუმლო ბავშვმა არავის და არასდროს არ უნდა გაუმხილოს, განსაკუთრებით, როდესაც სექსუალურ ძალადობას ეხება. ასეთ დროს მოძალადე ბავშვს აშინებს, რომ მან არასდროს არავის არ უნდა გაუმხილოს ეს ყველაფერი და ეს საიდუმლო მხოლოდ მათ შორის უნდა დარჩეს, მხოლოდ მათ უნდა იცოდნენ და ყველას დაუმალონ. სახიფათო საიდუმლო, როგორც წესი უკავშირდება სხეულის პირად ნაწილებს, კარგი საიდუმლოსგან განსხვავებით ცუდი საიდუმლო ბავშვს ყოველთვის თავს ცუდად აგრძნობინებს: ბავშვებს აქვთ დანაშაულის განცდა, სირცხვილის განცდა, ნეგატიური ემოციები და ბავშვს თრგუნავს ეს ემოციები, რადგან მას ამ საიდუმლოს გამჟღავნება არავისთვის არ შეუძლია. ამას ვასწავლით ჩვენ ბავშვებს? როგორც კი ბავშვები იგრძნობენ, რომ საიდუმლო, რომლის შენახვასაც სთხოვენ, სახიფათოა, მაშინვე უნდა გაამჟღავნონ ის.