Skip to content Skip to sidebar Skip to footer

დასწავლის უნარის დარღვევაზე, გამოწვევებზე და დახმარების სწორ სტრატეგიებზე პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი, სპეციალური განათლების მაგისტრი ქეთი გოგოლაძე.

ქეთი, გვესაუბრეთ დასწავლის უნარის დარღვევაზე ბავშვებში. როდის შეიმჩნევა, რა თავისებურებები ახასიათებს და როგორ ავირჩიოთ  ისეთი სტრატეგია, რომ ეფექტურად დავეხმაროთ ბავშვს?

დასწავლის უნარის დარღვევის კვლევები ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს. უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 59 ბავშვში  ერთს დასწავლის უნარის დარღვევა აქვს. როგორც წესი, ამ დარღვევის დიაგნოსტიკა საკმაოდ გვიან ხდება, რისი მიზეზიც  არის ის, რომ სანამ ბავშვი არ მივა სკოლაში, არ დაიწყებს წერის, კითხვისა და ანგარიშის სწავლას, მანამდე დასწავლის უნარის დარღვევის შემჩნევა საკმაოდ რთულია, როგორც ოჯახის წევრების მხრიდან, ასევე  სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში. 

ისევე, როგორც ყველა დარღვევას, სწავლის უნარის დარღვევასაც ბევრი ინდივიდუალური თავისებურება აქვს. არ არსებობს ამ დარღვევის მქონე ორი ერთნაირი ადამიანი, თუმცა აქვთ საერთო მახასიათებლები. ძირითადი გამოხატულებებია:

  • დისლექსია, რომელიც გულისხმობს, კითხვის უნარის დარღვევას;
  • დისგრაფია – წერის უნარის დარღვევა 
  • დისკალკულია – ანგარიშისა და მათემატიკური მოქმედებების შესრულების სირთულეები. 

ასევე, არსებობს სწავლის უნარის დარღვევის  სხვა გამოხატულებები. შესაძლოა ბავშვს აღენიშნებოდეს მათგან რომელიმე ერთი, რამდენიმე ან ყველა ერთად, ეს უშუალოდ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული.

სწავლის უნარის დარღვევას ახასიათებს მოზაიკური განვითარება, რაც გულისხმობს, რომ ამ დროს ინტელექტი ნორმის ფარგლებშია. ბავშვი თითქოს დაბადებიდან კარგად ვითარდება, არ გამოირჩევა თანატოლებთან ურთიერთობისას და მხოლოდ სკოლაში სწავლისას გამოიკვეთა გარკვეული სირთულეები, ამ დროს დარღვევაზე ეჭვის მიტანა გამოუცდელი ადამიანისთვის საკმაოდ რთულია. ამიტომ მშობლები და მასწავლებლებიც, ბავშვს მიაკრავენ ხოლმე „ზარმაცის“ იარლიყს და ძალიან ხშირად თავიანთი კომპენსირებული უნარების ხარჯზე გადიან ხოლმე ფონს, სწავლის პროცესშიც (გააჩნია დარღვევის ხარისხს).

თუ თქვენი შვილის წერის, კითხვისა და ანგარიშის უნარები მკვეთრად განსხვავდება მისი თანატოლების  ამ უნარებისგან, მაშინ როცა თქვენი შვილი ბევრ ენერგიასა და რესურსს დებს მეცადინეობის პროცესში, თუ გამორიცხავთ სენსორულ (მხედველობის ან სმენის დარღვევას), ასევე ინტელექტუალურ დარღვევას, არ არის ხელმიშვებულ გარემოში მასწავლებლისა და ოჯახის მხრიდან, მაშინ სჯობს დროულად მიმართოთ სპეციალისტს სწორი დიაგნოსტირებისათვის.

რაც შეეხება დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვთან მუშაობის სტრატეგიებს, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ემოციური მდგომარეობა. მაშინ როცა, ბავშვი ცდილობს ანგარიშის, წერისა თუ კითხვის უნარების განვითარებას, ამაში დიდ დროსა და ენერგიას დებს და ვერ ხედავს შედეგს, ეს პირველ რიგში მის ემოციებზე ახდენს გავლენას. ამიტომ უმეტესად აქვთ თვითშეფასებასთან დაკავშირებული სირთულეები და შფოთვა, აქვთ წინასწარი ნეგატიური განწყობა და შიში, რომ ეს არ გამოუვათ, ხშირად იბნევიან, ავიწყდებათ ინსტრუქციები.

რა უნდა გავითვალისწინოთ მეცადინეობის დახმარებისას?

მეცადინეობის პროცესში დახმარებისას, მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობა, ზუსტად უნდა იცოდეთ, სად აქვს სირთულე, ამჯერად რა ეტაპზეა მოსწავლის უნარები და დავიწყოთ იქიდან ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება, ჯერ გააცანით რა აქტივობებს გააკეთებთ, ინსტრუქციები უნდა მიაწოდოთ დანაწევრებულად, ხშირად შეახსენოთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. 

  • ყოველი წარმატებულად შესრულებული აქტივობა შეუქეთ და წარუმატებლობის შემთხვევაში დაეხმარეთ და გაამხნევეთ. 
  • ასევე, უნდა ეცადოთ, ზოგადად მეცადინეობა დაკავშირებული იყოს პოზიტიურ სიტუაციასთან, ამიტომ  ამ ქცევის განსამტკიცებლად შესთავაზოთ მეცადინეობის შემდგომ  მისი სასურველი აქტივობა, მაგალითად ერთად გასეირნება პარკში, ან რისი კეთებაც მას მოსწონს, ეცადეთ მეცადინეობის დრო თავიდან დაიწყოთ იმ დროით, რა დროის განმავლობაშიც ბავშვი იქნება აქტიური, შემდგომ შეასვენოთ და ნელ-ნელა გაზარდოთ მეცადინეობის ხანგრძლივობა.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს დარღვევა ადამიანს თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ სწორი დახმარებისა და მისი ძლიერი მხარეების გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ დიაგნოზმა ხელი არ შეუშალოს მას წარმატებაში და საერთოდ შეუმჩნეველიც კი იყოს. ჩვენ გარშემო ბევრი ცნობილი ადამიანია ამ დარღვევის მატარებელი და დღეისთვის არსებობს ბევრი სხვადასხვა ტიპის რესურსი, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ მათ ამ საჭიროებებთან გამკლავებაში.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5