Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი და ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეონა ტაბატაძე.

გვესაუბრეთ დედის რძის უპირატესობაზე და მის სარგებელზე, როგორც ბავშვისთვის, ასევე დედისთვის.

ქალის რძე ჩვილისთვის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად და ხელს უწყობს მის სრულფასოვან განვითარებას. ძუძუთი კვება ამცირებს ბავშვის ავადობისა და სიკვდილის რისკს; ის იცავს ბავშვს მრავალი ინფექციური თუ ალერგიული დაავადებებისგან; ძუძუთი კვება ამცირებს დედასთან სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხეების სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს და იცავს ქალს ხელახალი დაორსულებისგან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია ორი წლის ასაკამდე ძუძუთი კვების გაგრძელება მყარ საკვებთან ერთად. ქალის რძე ამ პერიოდში მნიშვნელოვანი კვებითი ღირებულებებით აღარ გამოირჩევა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ  მის შემადგენლობაში იზრდება დამცველობითი ფაქტორების რაოდენობა.

რატომ არ უწევენ პედიატრები რეკომენდაციას ძუძუთი კვების დასრულებას ზაფხულის პერიოდში?

1-დან 2 წლამდე პერიოდში იზრდება ბავშვის გარემოსთან ურთიერთობის არეალი: პატარა აქტიურად დახოხავს, ხშირად ეცემა სიარულის დროს, თამაშობს ქვიშაში, პირში იდებს სხვადასხვა საგნებს და სათამაშოებს, რაც ზრდის ბავშვის ინფიცირების რისკს. დედის რძის მიღება მას უზრუნველყოფს დამცველობითი ნივთიერებებით. ზაფხული არის გასტროენტერიტით მიმდინარე დაავადებების სეზონი, რომელიც გამოიხატება ძირითადად ღებინებით და ფაღარათით, რა დროსაც დიდი რისკია ბავშვის დეჰიდრატაციის ანუ გაუწყლოების, ამ დროს ძუძუ არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ბავშვის სითხით შევსების. ძუძუთი კვება საჭიროა 0 თვიდან 2 წლამდე, ერთი წლის შემდეგ ძუძუთი კვება საკმარისია დღეში 1-2 ჯერ, ასეთი სიხშირე სრულად უზრუნველყოფს ბავშვს დამცველობითი ნივთიერებების საჭირო რაოდენობით და სწორედ ამიტომ ზაფხულის პერიოდში პედიატრები არ ვუწევთ რეკომენდაციას ძუძუთი კვების შეწყვეტას.

როდის არის რეკომენდებული ძუძუთი კვების შეწყვეტა?

არსებობს ფაქტორები, რომლის დროსაც აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა. ეს არის დედის ავადობა და ისეთი მედიკამენტების მიღების აუცილებლობა, როდესაც ძუძუთი კვება არ შეიძლება. მაგრამ მაშინაც კი,  თუ დედის კვების დეფიციტია, პირველ რიგში ეს აისახება დედის ჯანმრთელობაზე და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქალი არ იკვებება რაციონალურად, დედის რძის შემადგენლობა მნიშვნელოვნად არ იცვლება და  იგი მაინც საუკეთესო დამცავი საშუალებაა ბავშვისთვის.

რას გვეტყვით იმ საშუალებებზე, რომელსაც ქალები მიმართავენ ძუძუთი კვების შეწყვეტის მიზნით. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა – ძუძუს აკვრა.  რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ქალის ჯანმრთელობას ასეთ დროს?

არ არის რეკომენდებული ძუძუს აკვრა, რადგან არსებობს სადინრის დახშობის და მომავალში სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების განვითარების ძალიან დიდი ალბათობა. შესაძლებელია  უზრუნველვყოთ ძუძუთი კვების გადაჩვევა უმტკივნეულოდ, რადგან ეს ფსიქოლოგიურად ბავშვისთვისაც და დედისთვისაც საკმაოდ მგრძნობიარე თემაა. რეკომენდაციები ასეთია: 1. კვების დროს ბავშვთან ურთიერთობის მინიმუმამდე შემცირება; 2. კვებათა შორის ბავშვის დამშვიდება და ხშირი მოფერება; 3. ძუძუთი კვება ღრმა ძილის პერიოდში ან როცა ბავშვი ახალი გაღვიძებულია; 4. კვების პოზიციის ხშირი ცვლა და ბავშვის კვებისთვის სხვადასხვა ადგილის შერჩევა, მაგალითად ოთახის შეცვლა; 5. ძუძუთი კვების ალტერნატიული საკვებით თანდათან ჩანაცვლება.

ძუძუთი კვების შეწყვეტის მიზნით არ არის რეკომენდებული ბავშვის შიმშილი და დედის და ბავშვის ერთმანეთთან დაშორება; აუცილებელია შეწყდეს ძუძუთი კვება, თუ დედისთვის აუცილებელია იმ პრეპარატების დანიშვნა, რომელიც უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5