Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება მეტყველების თერაპევტი სოფიო ქურასბედიანი.

გვესაუბრეთ, რა არის ლოგონერვოზი და რა პრობლემები შეინიშნება ბავშვების ექსპრესიულ მეტყველებაში ამ დარღვევის დროს?

ენაბორძიკობა არის მეტყველების ტემპისა და რითმული ორგანიზაციის დარღვევა.

ენაბორძიკობის ძირითად სიმპტომს წარმოადგენს სამეტყველო აქტის დროს სამეტყველო კუნთების კლონური ან ტონური მდგომარეობა, გამოყოფენ ენაბორძიკობის სხვადასხვა ფორმებს: 

  • ტონური, 
  • კლონური,
  •  შერეული, 

ტონური ფორმის დროს ადგილი აქვს კუნთების ხანმოკლე ან ხანგრძლივ სპაზმურ შეკუმშვას. შედეგად სიტყვა გამოითქმება შემდეგნაირად: „კ – არი“.  კლონური ფორმის დროს აღინიშნება კუნთების რითმული შეკუმშვა უფრო ნაკლებად გამოხატული დაძაბულობით. შედეგად სიტყვა გამოთქმება შემდეგნაირად: „კა-კა – კარი“. შერეულის დროს მეტყველებისას აღინიშნება როგორც ტონური, ასევე კლონური მდგომარეობები.

საარტიკულაციო აპარატის (ტუჩების, ენის, რბილი სასის) კუნთების მუშაობის დარღვევა ხშირად განაპირობებს ენაბორძიკობას  თანხმოვნების (კ, გ, პ, ბ, ტ, დ) წარმოთქმისას, უფრო იშვიათად ხმოვნების წარმოქმნის დროს. ასევე ხშირია სიტყვის თავში.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ენაბორძიკობა ძლიერდება იმის მიხედვით, თუ რამდენად რთული და მძიმეა წარმოსათქმელი მასალა სემანტიკურად და ემოციურად. ენაბორძიკობა გაცილებით უფრო იშვიათია კარგად ნაცნობ საგნებსა და მოვლენებზე თხრობისას და უფრო ხშირია რთული მსჯელობისა და კამათის დროს.  

ენაბორძიკობის მქონე ბავშვების ექსპრესიულ მეტყველებაში აღინიშნება ფონეტიკურ-ფონემატური და ლექსიკურ-გრამატიკული პრობლემები.  დარღვეულია მეტყველების ინტონაცია და რიტმი. ენაბორძიკობის მქონე ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე დამოკიდებულია მეტყველების ტემპი, ხმის სიმაღლე, ძალა და ტემბრი.  

ენაბორძიკობის გამოვლინების დროს ასევე ხშირია მეტყველებითი და ზოგადი მოტორიკის სხვადასხვაგვარი დარღვევები, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც უნებლიე (სახისა და კისრის ტიკები, მიოკლონიები), ასევე ნებისმიერი დამხმარე მოძრაობები, რომლებსაც მიმართავს ენაბორძიკობის მქონე ადამიანი, იმისათვის რომ შენიღბოს ან შეამსუბუქოს მეტყველების პრობლემები. 

ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომლის შედეგადაც ყალიბდება ეს პრობლემა არის შფოთვა,  საკუთარი არასრულფასოვნების განცდა. რაც უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ადამიანი თავის ენაბორძიკობას, მით უფრო ძლიერდება ის.  

განასხვავებენ ენაბორძიკობის  სამ ხარისხს: მსუბუქს, საშუალოსა და მძიმეს.

  1. მსუბუქი ხარისხის ენაბორძიკობა  მჟღავნდება მხოლოდ აგზნებულ მდგომარეობაში ან რაიმე აზრის სწრაფად გამოხატვის გადმოცემისაკენ სწრაფვისას. ასეთ შემთხვევებში დეფიციტის დაძლევა უფრო იოლად ხდება, რადგან ენაბორძიკობის  მქონე ბავშვები ლაპარაკობენ საკუთარი პრობლემის მიუხედავად.
  2. საშუალო ხარისხის ენაბორძიკობის  დროს ბავშვები მშვიდ და ნაცნობ სიტუაციაში საუბრობენ თავისუფლად, იშვიათად მჟღავნდება მათი დეფიციტი. ხოლო ემოციურ მდგომარეობაში ენაბორძიკობა ძლიერდება.
  3. მძიმე ხარისხის ენაბორძიკობის  დროს დეფიციტი თავს იჩენს გამუდმებით. მეტყველების პროცესს თან ახლავს მოძრაობები.

მიმდინარეობის მიხედვით ენაბორძიკობა  არის სამი ტიპის: 

  1. მუდმივი –  ენაბორძიკობა მჟღავნდება მეტყველების სხვადასხვა ფორმაში, სიტუაციაში მუდმივად;
  2. ტალღისებური – ენაბორძიკობა ხან ძლიერდება და ხან სუსტდება, მაგრამ არ ქრება;
  3. რეციდივული – რეციდივული ტიპის ენაბორძიკობის დროს ბავშვი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მეტყველებს თავისუფლად, შემდეგ ისევ იწყება ენაბორძიკობა,  ადგილი აქვს რეციდივს.