Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ენურეზი, ეს არის განმეორებითი, უნებლიე შარდვა 5 წლის,  ან უფრო მეტი ასაკის ბავშვებში და იგი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. 3 წლამდე ასაკში შარდის შეუკავებლობა, ან ერთჯერადი ინციდენტები ნორმად ითვლება. ენურეზი იყოფა დღის, ღამის და შერეულ ენურეზად. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ბავშვებში ღამის ენურეზი უფრო ხშირად გვხვდება. შეიძლება თუ არა ენურეზს ჰქონდეს ფსიქოლოგიური მიზეზები და როგორ უნდა დაეხმაროს ბავშვს მშობელი ასეთ დროს – გვესაუბრება ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტი და ფსიქოკონსულტანტი – ზანდა ჩეჩელაშვილი. 

შეიძლება თუ არა ენურეზს ჰქონდეს ფსიქოლოგიური მიზეზები?

ჩვეულებრივ, ენურეზის მიზეზებად სხვადასხვა ფაქტორებს განიხილავენ. როგორიცაა: შარდის ბუშტის დისფუნქცია, მისი ტევადობის შემცირება და ღამით შარდის შეკავების უნარის დაქვეითება, ღამით ღრმა ძილი და გამოღვიძების სირთულე. განიხილავენ გენეტიკურ ფაქტორებსაც, კერძოდ, როცა ანამნეზში ერთ ან ორივე მშობელს ჰქონდა ენურეზი. შემთხვევების დიდ ნაწილში, ენურეზს სწორედ ფსიქოლოგიური ფაქტორები უწევს პროვოცირებას. ასეთ ფაქტორებში მოიაზრება: ახლობლის გარდაცვალება, ან ოჯახში ახალი წევრის დაბადება, მშობლების განქორწინება, ან ხშირი კონფლიქტები, სკოლაში სირთულეები, ძალადობა ბავშვის მიმართ სახლის ან სკოლის გარემოში, ან მისი უგულვებელყოფა. შესაძლოა მას პროვოცირება გაუწიოს ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანმა ცვლილებებმაც, როგორიცაა საცხოვრებლის შეცვლა, ბაღში, ან სკოლაში წასვლა და ა.შ. 

დამატებით რა სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს ენურეზმა და  როგორ აისახება ეს ბავშვზე? 

გამომდინარე იქიდან, რომ როცა ენურეზზე ვსაუბრობთ, ბავშვი ასაკით უკვე დიდია, გაცნობიერებულიც საკმაოდ კარგად აქვს, რომ ეს უხერხული და ასაკისთვის შეუსაბამოა. შესაბამისად, ენურეზს თან ახლავს სირცხვილის და უხერხულობის განცდა, განსაკუთრებით დილით, როცა  საწოლი სველია ან გამოცვლილია. აქვს შფოთვა, რომ ამას ვინმე გაიგებს, მაგ. კლასელი, თანატოლი, ნათესავი, ან თუნდაც მისი დედმამიშვილი. თუ ამას ბავშვის დარცხვენაც ემატება გარშემომყოფების მხრიდან, შფოთვა კიდევ უფრო იზრდება. ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს დაბალი თვითშეფასებაც, ფიქრობდეს, რომ მნიშვნელოვნად და თანაც ნეგატიური ნიშნით განსხვავდება თანატოლებისგან. იგი უარს ამბობს ისეთ აქტივობებზე, რომელიც ღამის სხვაგან გათევას გულისხმობს. მაგ. ნათესავთან დარჩენაზე, ან დასასვენებლად წასვლაზე.  

თუ ენურეზი ფსიქოლოგიური ფაქტორით არის გამოწვეული, როგორ უნდა დაეხმაროს ბავშვს მშობელი?

საწოლის დასველების  პირველივე შემთხვევაზე რეაგირება, ექიმთან ვიზიტი აუცილებელი არაა, რადგან ერთჯერადად შესაძლოა ნებისმიერ ბავშვთან გამოვლინდეს და სასურველია ეს ნორმალურად მივიჩნიოთ. იმ შემთხვევაში, თუ იმატებს მისი სიხშირე, სასურველია, პირველ რიგში მივმართოთ ნეფროლოგებს, რომლებიც გამოიკვლევენ, ხომ არ არის ენურეზი რაიმე ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემით გამოწვეული. შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ ნეფროლოგი წყვეტს ბავშვს სჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა, თუ ფსიქოთერაპია.  

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა გამოირიცხება და საქმე სუფთად ფსიქოლოგიურ სირთულესთან გვაქვს, არსებობს მთელი რიგი სტრატეგიები, რომლებსაც შეგვიძლია მივმართოთ ენურეზთან გამკლავების პროცესში. თუმცა, შესაბამისი მეთოდის შერჩევა უმჯობესია ფსიქოლოგის კონსულტაციის საფუძველზე შეირჩეს. 

– ბავშვის მოტივირება  – გულისხმობს ბავშვის წახალისებას, მოტივირებას რომ ჩაერთოს ენურეზთან გამკლავების პროცესში. აქ მთავარია მშობლის ჩართულობა და ემოციური მხარდაჭერა. ასევე ბავშვის წახალისება, ყოველ ჯერზე, როცა ცდილობს ამ პრობლემასთან გამკლავებას. 

– მაღვიძარები – შეგიძლიათ თავად გააღვიძოთ ბავშვი ან დააყენოთ მაღვიძარა გარკვეულ პერიოდში ერთხელ, ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, სანამ იგი დამოუკიდებლად გაღვიძებას მიეჩვევა. ასევე აქტიურად გამოიყენება სასიგნალო სისტემები/ მოწყობილობები, რომლის მიზანია სისველეზე სენსორული, ხმოვანი  რეაგირება, რაც ბავშვს გაღვიძებაში ეხმარება.

– მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ, რა რაოდენობით სითხეს იღებს ბავშვი დღის მანძილზე. შარდის ბუშტის მოცულობისა და მოქნილობის გაზრდისთვის აუცილებელია დღის განმავლობაში ( არა უშუალოდ ძილის წინ) ბავშვმა მიიღოს ბევრი სითხე. 

ხშირად ბავშვს კიცხავენ და  არცხვენენ ამ პრობლემის გამო მშობლები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორი უნდა იყოს მხარდაჭერა მათი მხრიდან?

– პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს და კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამას ბავშვი ვერ აკონტროლებს და ეს მისი ბრალი არაა. 

– არავითარ შემთხვევაში არ დასაჯოთ, გაკიცხოთ, ან უსაყვედუროთ ბავშვს. 

– შეეცადეთ უზრუნველყოთ, რომ მისი ინციდენტების შესახებ არ გაიგონ ადამიანებმა, რომლებიც უახლოესი ოჯახის წევრები არ არიან.

– აუცილებლად აუხსენით ბავშვს, რომ ამაში არაფერია სასირცხვილო და რომ აქ არაფერია მისი ბრალი. 

– ხაზი გაუსვით იმას, რომ იგივე პრობლემა სხვა ბავშვებსაც შეიძლება ჰქონდეთ და ის ერთადერთი გამონაკლისი არაა.

– მიეცით ბავშვს საშუალება გამოხატოს თავისი განცდები და გესაუბროთ იმაზე, რა უქმნის დისკომფორტს.

– შეეცადეთ გაარკვიოთ რა სტრესორმა გამოიწვია ენურეზი და ბავშვთან თანამშრომლობით დაძლიოთ იგი. 

– ხშირად მშობლები ბავშვს არ ასმევენ წყალს დიდი რაოდენობით, რათა თავიდან აირიდონ ინციდენტები, რაც ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. პირიქით, შარდის ბუშტის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია დღის მანძილზე ბავშვმა დიდი რაოდენობით სითხე მიიღოს. 

– შეეცადეთ, თეთრეული თუ ტანსაცმლის გამოცვლის პროცესი იყოს სწრაფი და მაქსიმალურად კომფორტული ბავშვისთვის. შეეცადეთ, ამ დროს არ გეტყობოდეთ გაღიზიანება, ან ბრაზი, არ დაადანაშაულოთ ბავშვი. 

– ხშირად, ბავშვს არქმევენ ხოლმე ზედმეტსახელებს ამ ინციდენტებიდან გამომდინარე, რასაც ერთი შეხედვით ხუმრობის ფორმა აქვს. ეს ყოვლად დაუშვებელია, შეურაცხმყოფელია ბავშვისთვის და ნამდვილად არ აღიქმება ხუმრობად მისი მხრიდან. არავითარ შემთხვევაში არ შეარქვათ ბავშვს ზედმეტსახელი, რომელიც მის ღამის ინციდენტებს ეხება.

– მოიკრიბეთ მოთმინება, რაკი ეს ხანგრძლივი პროცესია და მასთან გამკლავება არ არის მარტივი არც მშობლისთვის და არც ბავშვისთვის. 

– და რაც მთავარია, დროულად მიმართეთ შესაბამის სპეციალისტებს. 

დაბოლოს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დროთა განმავლობაში, სწორი რეაგირებისა და მკურნალობის თუ გამკლავების სტრატეგიების თანმიმდევრულად გამოყენების შემთხვევაში, ღამის ენურეზთან გამკლავება საკმაოდ ეფექტურად ხდება. მთავარია მოიკრიბოთ მოთმინება და მიჰყვეთ დასახულ გეგმას.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5