Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე. 

გვესაუბრეთ რატომ და როდის მანიპულირებს ბავშვი და გამკლავების რა ხერხები უნდა გამოიყენოს მშობელმა? 

ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები საზოგადოებრივ ადგილას (მაღაზიაში, სკვერში…) ტირიან, ძირს წვებიან, ფეხებს ურტყამენ მშობელს, იზიანებენ თავს. ეს მანიპულაციის ყველაზე გავრცელებული  ფორმაა, რომელსაც ქცევის დარღვევად, კერძოდ, ტანტრუმად მოვიხსენიებთ. ამ დროს მშობელი განიცდის ძალიან დიდ სირცხვილის გრძნობას და ოღონდ მალე დასრულდეს ეს სიტუაცია, მზადაა ბავშვს ყველა სურვილი შეუსრულოს. თუმცა აქ არის ყველაზე დიდი პრობლემა. 

ამ დროს ბავშვი მანიპულირებს, რადგან  სურს სასურველის მიღება და მშობელს უპოვა სუსტი წერტილი. ნებისმიერ ქცევას ახასიათებს შემდეგი – გარკვეული ქცევის განხორციელების შემდეგ თუკი მიზანი იქნება მიღწეული, მომდევნო ჯერზეც ბავშვი ანალოგიურ ქცევას მიმართავს, რომლის შემდეგაც მიზანი უმეტესად კვლავ მიღწეულია, მესამედაც ამ სტრატეგიას მიმართავს და ამასობაში მისი ეს არაჯანსაღი ქცევა მტკიცდება, ჩვევად ყალიბდება. ბავშვები ძალიან კარგად ხვდებიან, რომელ მშობელს როგორ მიუდგნენ, რით იმანიპულირონ მათზე, ზოგი ტირის იმიტომ, რომ მშობელს ეცოდება, ზოგი კი იმიტომ, რომ ირგვლივ ხალხია და იცის, დედას შერცხვება და ყველაფერზე დათანხმდება. 

კონკრეტულად ეს ქცევა უფრო მცირე ასაკში გვხვდება. იმისთვის, რომ ტანტრუმს ვებრძოლოთ, მნიშვნელოვანია ბავშვმა მისი ამ დასწავლილი ქცევით ვერ მიიღოს სასურველი, ყურადღება გადავატანინოთ სხვა რამეზე და ამასობაში თან  ვასწავლოთ ჯანსაღი კომუნიკაციის ფორმები. როდესაც ტვინი ხვდება, რომ კონკრეტული ქცევა სასურველ შედეგს ვეღარ იწვევს, ეს ქცევა ნელ-ნელა ქრება. 

უფრო მოზრდილ ასაკში, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში, გავრცელებულია ისეთი  მანიპულაციის ფორმა, როდესაც მოზარდი იმუქრება სახლიდან წასვლით ან თვითმკვლელობით. ეს ბევრად კომპლექსური საკითხია, ამიტომ აქ არც დაიგნორება გამოდგება  და მითუმეტეს არც დასჯა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმის გამორკვევა, თუ რა მიზეზი იწვევს მოზარდის ამ ქცევას. შესაძლოა ეს იყოს: მშობლებისგან ყურადღების მოთხოვნა, არაჯანსაღი კომუნიკაციური უნარები, ზრდასრულებისგან დასწავლილი ქცევა, შანტაჟი…

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მანიპულაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა  პროვოკაციების იგნორირება (აქ საუბარია არა გულგრილობაზე, არამედ გონივრულ მიდგომაზე, როდესაც მშვიდად და თავშეკავებულად რეაგირებთ ბავშვთა ისტერიის გამოვლინებაზე.) , ასევე შემიძლია შემოგთავაზოთ დამატებითი რეკომენდაციები: 

– პირადი მაგალითი. აზრი არ აქვს ბავშვისგან ელოდო იმას, რასაც თავად არ აკეთებ. იყავით თანმიმდევრული თქვენს მოთხოვნებში და საკუთარი ქცევით აჩვენეთ, რა არის კარგი და რა – ცუდი.

– შეწყვიტეთ ბავშვის კრიტიკა და მუდმივი შედარება სხვებთან. როდესაც ბავშვი გამუდმებით იმას ისმენს, თუ რა კარგია მისი კლასელი, თავად კი როგორი ზარმაცი ან ბინძური, ის იწყებს მანიპულირებას, რათა დაიცვას თავი დამცირებისგან და ასე მიიღოს ყურადღება და სიყვარული.

– ემოციური აღზრდა. ესაუბრეთ თქვენს შვილებს, აგრძნობინეთ, რომ მათი გრძნობები გესმით და გაინტერესებთ, რომ იზიარებთ და თანაუგრძნობთ მას, ასევე მუდმივად ესაუბრეთ თქვენს განცდებზეც. ემოციურად განვითარებული ბავშვი მანიპულაციას არ მიმართავს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5