პრეეკლამფსია ორსულობის გართულებაა, რომელიც როგორც წესი, ორსულობის 20 კვირის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში გვხვდება ორსულთა დაახლოებით 3-5%-ში. ეს მდგომარეობა უფრო საშიშია დედისა და ნაყოფისთვის, როცა ადრეულ ვადაზე იჩენს თავს. გაეცანით 7 სიმპტომს, რომელიც არ უნდა უგულებელყოთ ორსულობის დროს:
სახის ან ხელების შეშუპება
ფეხების შეშუპება ნორმალურია, მაგრამ სახის (განსაკუთრებით თვალების გარშემო) და ხელების დასიება შეიძლება სერიოზულ გართულებაზე მიუთითებდეს.
კვირაში 2 კგ-ზე მეტი მატება
რა თქმა უნდა, იქნება კვირები, როცა თქვენ ჩვეულებრივზე მეტად მოიმატებთ. მაგრამ ზოგადად წონის მომატება ორსულობის დროს ნელი და სტაბილური უნდა იყოს.
თავის ტკივილი, რომელიც არ ქრება
რა თქმა უნდა, თავის ტკივილი ორსულობის დროს ბევრ ქალს აწუხებს ჰორმონალური ცვლილებების გამო და ზოგს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს. მაგრამ თუ თავის ტკივილს არ გიყუჩებთ მედიკამენტებიც კი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
მხედველობის ცვლილებები ან მხედველობის დაკარგვა
თუ ორსულობის დროს ხედავთ ვარსკვლავებს ან ლაქებს, აუცილებლად დაურეკეთ ექიმს.
მოულოდნელი გულისრევა და ღებინება
ეს არ არის ჩვეულებრივი ტოქსიკოზი. თუ მოულოდნელად შეგაწუხებთ ეს სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.
ტკივილი მუცლის ზედა მხარეს
თუ გრძნობთ გულძმარვისგან ან ბავშვის ბიძგებისგან განსხვავებულ ტკივილს მუცლის ზედა მხარეს, მიმართეთ ექიმს.
სუნთქვის გაძნელება
მართალია, სუნთქვის გაძნელება ორსულობის დროს მზარდმა მუცელმაც კი შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ ყოველთვის გადაამოწმეთ ექიმთან.
აუცილებელია ექიმმა ყოველ ვიზიტზე შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა და შარდში ცილის შემცველობა. მომატებულ წნევად ითვლება 140-ზე მეტი სისტოლური და 90-ზე მეტი დიასტოლური.
წყარო: www.verywellfamily.com