Skip to content Skip to sidebar Skip to footer

18-24 ნოემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის კვირეულს. კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და ბიძგი მისცეს იმ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ანტიბიოტიკების საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოყენებას.

პედიატრი მაკა ლომიძე სოციალურ ქსელში ანტიბიოტიკების არასათანადო (საჭიროების გარეშე) გამოყენების შესახებ საუბრობს და ამ საკითხზე ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„გაციების“ სამკურნალოდ საჭიროა  ანტიბიოტიკი?

„გაციებას“  (სურდო, ხველა, გაჭედილი ცხვირი) ვირუსები იწვევს. ის, როგორც წესი, მსუბუქი ინფექციაა და გამოსაჯანმრთელებლად წამლები საჭირო არ არის.

გაციების გართულების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ანტიბიოტიკი?

უხშირესად, ვირუსული ინფექციები  არ რთულდება ბაქტერიულით. საჭიროების გარეშე მიღებულმა ანტიბიოტიკმა კი შეიძლება რეზისტენტული ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის განვითარებას შეუწყოს ხელი. ასევე შესაძლებელია დიარეის (ფაღარათის) და სხვა გვერდითი ეფექტების განვითარება.

ხომ არ არის ცხვირიდან მომწვანო-მოყვითალო, ლორწოვანი გამონადენი ბაქტერიული ინფექციის ნიშანი?

გაციების დროს სავსებით ნორმალურია ცხვირიდან გამჭირვალე ლორწოვანი გამონადენი სქელი, მოყვითალო ან მომწვანო გახდეს. მნიშვნელობა აქვს სიმპტომების ხანგრძლივობას – 10 დღე.

სინუსიტი ცხვირის და წიაღების ამომფენი ლორწოვანის ანთებაა. ასეთი ანთების მიზეზი ვირუსები, ალერგია და ბაქტერიები შეიძლება იყოს.

არის ნიშნები, როცა ვვარაუდობთ, რომ სასუნთქი სისტემის სიმპტომები ბაქტერიით შეიძლება იყოს გამოწვეული. თუ ბავშვი გაციებულია, ახველებს, აქვს მომწვანო ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან და ჯამში ამ სიმპტომების ხანგძლივობა 10 დღეზე მეტია ან თუ ბავშვს უკვე 3-4 დღეზე მეტია მომწვანო ლორწოვან გამონადენთან ერთად აქვს ცხელება (39°<) ექიმები ბაქტერიულ ინფექციას ვვარაუდობთ. ასეთ შემთხვევაში სათანადოდ შერჩეული ანტიბიოტიკი სწორი არჩევანია.

ყურის ყველა ინფექციის დროს საჭიროა  ანტიბიოტიკი?

შემთხვევათა ნახევარში ასეთი ინფექციაც თავისთავად შეიძლება მორჩეს. თუ ბავშვს არ აქვს ცხელება და ტკივილიც ძალიან მწვავე არ არის (ცხადია, გასინჯვის – ოტოსკოპიის – მონაცემებსაც ვითვალისწინებთ) მშობელს დაკვირვებას ვურჩევთ. ხშირად სიმპტომები 1-2 დღეში უმჯობესდება.

მაგრამ თუ ცხელება გრძელდება, ტკივლი მწვავდება და ოტოსკოპიაც ორმხრივ ინფექციას ადასტურებს, ცხადია, ანტიბიოტიკსაც ვნიშნავთ.

ყელის ტკივილის დროს საჭიროა ანტიბიოტიკი?

ყელის ყველა ტკივილი სულაც არ საჭიროებს ანტიბიოტიკს! რადგან ყელის ტკივილს შემთხვევათა 80%-ს ვირუსები იწვევს. გაითვალისწინეთ, თუ ბავშვს სტკივა ყელი, აქვს სურდო და უხეში ხველა, დიდია ალბათობა სიმპტომებს ვირუსი იწვევდეს. ასეთ შემთხვევაში არც ხახის ნაცხის საჭიროება არ არის.

ანტიბიოტიკს მხოლოდ სტრეპტოკოკით გამოწვეული „ყელის ინფექციის“ შემთხვევაში ვნიშნავთ. ეს ბაქტერია კი ინფექციას უხშირესად სასკოლო ასაკის ბავშვებში იწვევს და არა 3 წლამდე ასაკში.

როგორია ანტიბიოტიკის გვერდითი ეფექტები?

იმ ბავშვებს შორის, რომლებიც ანტიბიოტიკს იღებენ, 10-დან ერთს გვერდითი სიმპტომები აღენიშნება: გამონაყარი, ალერგიული რეაქცია, გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი. დავაზუსტებ, რომ გამონაყარი, რომელიც ანტიბიოტიკით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს, ხშირად სულაც არ არის ალერგიული და არც მკურნალობის შეწყვეტას და არც ალერგიის საწინააღმდეგო წამლის მიღებას არ საჭიროებას.

რა დრო სჭირდება ანტიბიოტიკს, რომ მისი ეფექტი გამოვლინდეს?

ეფექტი მკურნალობის დაწყებიდან 48-72 სთ-ში ვლინდება და თუ ასე არ ხდება, ექიმს უნდა დაუკავშირდეთ. არც მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა ივარგებს, რადგან ასეთ დროს ინფექციის სრული განკურნება არ ხდება და სიმპტომები შეიძლება ისევ თავიდან გამოვლინდეს.

რა შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკების ხშირმა და არასწორმა გამოყენებამ?

ასეთ ბაქტერიებზე სამედიცინო პრაქტიკაში ხშირად გამოყენებადი ანტიბიოტიკები უკვე აღარ მოქმედებს. აქ ცუდი ისიცაა, რომ ასეთი რეზისტენტული ბაქტერიები შესაძლოა გავრცელდეს სხვა ბავშვებში ან მოზრდილებში.

ამიტომაა მნიშვნელოვანი – ანტიბიოტიკი დაინიშნოს არა მარტო სწორი ჩვენებით, არამედ სათანადოდაც შეირჩეს კონკრეტული ინფექციისთვის. სულაც არ არის საჭირო ე.წ „ძლიერი“ (სხვათა შორის, ძალიან არასწორი ტერმინია), ბევრ გამომწვევზე ე.წ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკის დანიშვნა.

რეზისტენტული ინფექციის განვითარების შემთხვევაში საჭირო ხდება სპეციფიკური ანტიმიკრობული მკურნალობა, რაც ხშირად მოითხოვს იტრავენურ მკურნალობას ჰოსპიტალში.

როდის არის საჭირო ანტივირუსული მკურნალობა?

ასეთი მკურნალობა საჭირო შეიძლება გახდეს სეზონური გრიპის ვირუსით (influenza) გამოწვეული ინფექციის შემთხვევაში. ინიშნება ბავშვებთან (ცხადია მოზრდილებთანაც), რომლებიც მიეკუთვნებიან მაღალ რისკს მძიმე ინფექციის განვითარების მაღალი ალბათობით. სხვა უხშირესი ვირუსებით გამოწვეული მსგავსი სიმტომებით (ცხელება, გამონადენი ცხვირიდან, ხველა) მიმდინარე ინფექციები ასეთ მკურნალობას არ საჭიროებს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5