“დედამ იცის” ესაუბრება ოფთალმოლოგი რევაზ ბეზარაშვილი.
რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ეკრანის ხშირმა მოხმარებამ სკოლის მოსწავლეებში?
ადამიანი ჩვეულებრივ თვალს ახამხამებს წუთში 17-20-ჯერ, ეს უზრუნველყოფს ცრემლის გადანაწილებას თვალის ზედაპირზე და მის დატენიანებას. როდესაც მზერა გვაქვს ფიქსირებული, მითუმეტეს ახლო მანძილზე, ადამიანი თვალს ახამხამებს 4-7 ჯერ. ამის გამო თვალი მეტხანს რჩება ღია მდგომარეობაში, რაც იწვევს “მშრალი თვალის სინდრომის” ჩამოყალიბებას. დიდხანს ახლო მანძილზე მხედველობითმა დატვირთვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მიოპიის (ახლომხედველობის) განვითარებას.
ასევე მზერის ფიქსაციის გამო სხეული არის უმოძრაო და დაძაბულ მდგომარეობაში. რაც ხდება დაძაბვითი თვალების, კისრისა და თავის ტკივილის მიზეზი.
რა ჩივილები ახასიათებს?
- სიწითლე
- ქავილი
- წვა
- ჩხვლეტისა და უცხო სხეულის შეგრძნება
- ხშირი ხამხამი და ცრემლდენა
- დაღლისა და სიმძიმის შეგრძნება
- მხედველობის გაუარესება ახლო და შორ მანძილზე
- ფოტოფობია (სინათლეზე მომატებული მგრძნობელობა)
რას იწვევს ეკრანის ლურჯი ნათება?
თანამედროვე ეკრანები აღჭურვილია ლურჯი ნათებით, რასაც ორგანიზმზე უარყოფითი ზეგავლენა აქვს. აუცილებელია მშობელმა იცოდეს, თუ რას იწვევს დღის განმავლობაში და მითუმეტეს საღამოს საათებში, ბავშვის ეკრანთან დიდხანს ყოფნა.
ჰორმონი მელატონინი გამომუშავდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, კერძოდ ფიჭვის ჯირკვალში, რომელიც ენდოკრინული სისტემის ნაწილია და უზრუნველყოფს ცირკადული (ძილ-ღვიძილის) რიტმის მოწესრიგებას. მელატონინის გამომუშავება მატულობს სიბნელეში და მცირდება სინათლეზე. ეკრანის განათება მის წარმოქმნას აქვეითებს, მითუმეტეს საღამოს საათებში. ამიტომ ტვინი ტყუვდება, ისევ დღე გონია და ძილის ჰორმონი მელატონინიც საკმარისი რაოდენობით არ გამომუშავდება.
ბავშვები მარტივად ღიზიანდებიან, არიან ზედმეტად ემოციურები, ნაკლებად აქტიურები, აქვთ დეპრესიისკენ მიდრეკილება, უჭირთ დაძინება, ძილი არ არის სრულფასოვანი, არასაკმარისი ძილი და ცირკადული რიტმის დარღვევა კი მათ ზრდა-განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს და ვითარდება სხვადასხვა დაავადებები.
რა რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს და მასწავლებლებს?
- ეკრანთან ურთიერთობა 6-18 წლამდე ნებადართულია, დღეში მაქსიმუმ 2 საათი, ყოველ 20-25 წუთში 2-3 წუთიანი შესვენებით. თვალების დასვენება გულისხმობს შორს სივრცეში ყურებას.
- მზერა უნდა იყოს მიმართული ზუსტად ეკრანის პირდაპირ, ან ოდნავ ზემოდან ქვემოთ.
- ეკრანი არ უნდა ირეკლავდეს რაიმე სინათლეს.
- ეცადეთ იჯდეთ სწორად, კომფორტულად და არ იყოთ დაძაბული.
- მანძილი თვალსა და ეკრანს შორის უნდა იყოს 50-60 სმ.
- აუცილებელია თვალის უკონსერვანტო დამატენიანებელი წვეთების ჩაწვეთება 2 საათში ერთხელ, ასევე დამატებით დისკომფორტის დროს.
- აუცილებელია ეკრანს გათიშული ჰქონდეს ლურჯი ნათება, ან ბავშვი უნდა იყენებდეს ლურჯი ნათების მაბლოკირებელ სათვალეს. არეგულირეთ კონტრასტი.
- ნებისმიერი ჩივილის დროს მიმართეთ ოფთალმოლოგს.