Skip to content Skip to sidebar Skip to footer

არასრულფასოვნების კომპლექსები ხშირად ბავშვობას უკავშირდება. რატომ და როგორ ჩნდება კომპლექსები ღრმა ბავშვობაში და როგორ დავეხმაროთ ბავშვს  არასრულფასოვნების განცდის დაძლევაში? – “დედამ იცის” კითხვებს პასუხობს ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე.

როგორ და საიდან ჩნდება არასრულფასოვნების განცდა ბავშვებში?

ყველა კომპლექსი ბავშვობიდან მომდინარეობს და დაკავშირებულია იმ გარემოსთან, რომელშიც ბავშვი იზრდება. აღზრდა არ არის მხოლოდ მშობლების უკუკავშირი, აღზრდაში შედის ყველა იმ ინსტიტუციის უკუკავშირი და ურთიერთქმედება, რომელშიც ბავშვები იმყოფებიან. ეს ინსტიტუციებია – საბავშვო ბაღი და სკოლა.  არასრულფასოვნების განცდა ნიშნავს იმას, რომ ბავშვს რაღაც აკლია და ბავშვი თავს არ აფასებს სათანადოდ. თვითშეფასება  არც ძალიან არაადეკვატურად მაღალი  ვარგა და არც ძალიან არაადეკვატურად – დაბალი, თვითშეფასება  უნდა იყოს  საკუთარი შესაძლებლობების ამსახველი. სწორი თვითშეფასება კი მომდინარეობს მშობლის, უფროსის, თანატოლის უკუკავშირიდან, როდესაც მოხდა ბავშვის  საქციელის,  პატარა გამარჯვების თუ კარგად შესრულებული საქმით გამოწვეული პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცება.

როგორი უნდა იყოს სწორი უკუკავშირი, რომ სწორად მოხდეს თვითშეფასების განმტკიცება?

უკუკავშირი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. ხშირად მშობლები ამბობენ ასეთ რამეს: “ყველაფერი, რასაც ბავშვს ვეუბნები, მის სასიკეთოდ მინდა”, მაგრამ როდესაც ვეკითხებით, რას ნიშნავს “მის სასიკეთოდ უნდა”, აძლევს თუ არა ბავშვს არჩევანის საშუალებას, აძლევს თუ არა შეცდომის დაშვების საშუალებას, აძლევს თუ არა იმის საშუალებას, რომ ბავშვმა საკუთარი პასუხისმგებლობა აღიქვას და პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს. როდესაც ბავშვი შეცდომას დაუშვებს, შემდეგ კი გამოასწორებს თავის შეცდომას და მშობელი ეტყვის: ”ყოჩაღ! ძალიან კარგად გააკეთე.”- აი, აქ იწყება სწორი თვითშეფასების  ჩამოყალიბება. როდესაც ბავშვი დავარდება და მშობელი მივარდება მის ასაყენებლად, ამ დროს ბავშვს ვუკლავთ სურვილს, დამოუკიდებლად ადგეს. ეს ყველაფერი ბავშვის მცირე ასაკიდან  იწყება, როდესაც ბავშვი ითხოვს, რომ მისცეს ხელში მშობელმა კოვზი, მართალია ის მოითხუპნება, მაგრამ შეჭამს და ამის საშუალებას მშობელი იმიტომ არ აძლევს, რომ მოითხუპნება. ამ დროს ბავშვს მშობელი უკლავს განცდას, რომ მან აღიქვას თავისი ძალები და შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები. შემდეგ მშობელს აღარ უნდა გაუკვირდეს, რომ ბავშვს აქვს არასრულფასოვნების განცდა, რადგან ჰიპერმზრუნველობის ნიადაგზე ბავშვში ჩაიკლა საკუთარი ძალების რწმენა. 

მშობლის ხშირი შენიშვნები, მუდმივი კრიტიკა როგორ მოქმედებს ბავშვზე?

მშობელთა უმრავლესობა პერმანენტულად აძლევს ბავშვს შენიშვნებს, იმ მიზნით რომ ბავშვი უკეთესი გახადოს. წარმოუდგენელია ისე გაიაროს დღემ, რომ ბავშვმა რაღაც კარგი არ გააკეთოს. მაგალითად: რაღაც დახატა კარგად, ამაზე თუ ჩვენ ბავშვს არ გავუმახვილებთ ყურადღებას, რომ ის პატარა მონაკვეთი, რაც მან დახატა კარგი იყო, თვითონ ის ვერ მიხვდება, რომ რაღაც კარგად გააკეთა. ამიტომ, ჩვენ ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ შეიძლება შეცდომის დაშვება  და თუ მშობელი თავად ვერ ხვდება, რომ თავის მშობლობაში თავად უშვებს შეცდომებს და თვითონ არ აანალიზებს თავის ქმედებებს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს კონკრეტულ სტრატეგიებს, ძალიან რთული იქნება გავზარდოთ ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ბავშვი, რომელსაც არ ექნება არასრულფასოვნების განცდები. ხშირად მშობლები ბავშვს არ  აჩვენებენ კმაყოფილებას.  სწორი უკუკავშირი კი  გულისხმობს იმას, რომ ჯერ კარგს  ვეუბნებით ადამიანს, ვუხსნით რა არის  მისი სიძლიერე და შემდეგ გადავდივართ სიუსტეების ანალიზზე და კრიტიკაზე. ზუსტად იგივე უნდა გამოვიყენოთ ბავშვთანაც. ასეთ დროს ბავშვი ხვდება, რაღაც ასში ერთი კარგიც გააკეთა, ის ერთი გამოუვიდა და ის ერთიც დაუფასეს.  

არსებობს მეორე უკიდურესობა- გადამეტებული და უსაფუძვლო ქება. რა ხდება ასეთ დროს? 

მე პრაქტიკაში ვხვდები პერმანენტული, ნეგატიური უკუკავშირის მქონე მშობლებს , რომლებსაც ჰგონიათ, რომ შექება ბავშვს გააფუჭებს. არის  მეორე უკიდურესობა, როდესაც მშობლების ჰიპერმზრუნველობით ბავშვს ყველაფერზე აქებენ, შესაქებია თუ არ არის შესაქები ბავშვი. ასეთ დროს შექება უფასურდება და ბავშვი ვეღარ ხვდება რა უნდა გააკეთოს, რას აკეთებს სწორად და რას აკეთებს არასწორად. როდესაც ოჯახის სისტემიდან გადის ბავშვი  და იწყებს სკოლაში სიარულს, იქ უკვე აღარ ხვდება ასეთი არაადეკვატური შეფასება და ვარდება პედესტალიდან, რადგან აქამდე, დედა, მამა, ბებიები და ბაბუები ეუბნებოდნენ არაფრის გამო, რომ  ყოჩაღი  და  გენიალური იყო.  შეფასება, თუ  ფაქტზე დაფუძნებული არ არის და ბავშვი ამას მიჩვეულია, ეს მისთვის არის საზიანო. შემდეგ, როდესაც  ვინმე კრიტიკულ კომენტარს გააკეთებს მის პერფორმანსთან დაკავშირებით,  ეს იქნება  მისთვის სრული შოკი. ასეთ დროს ის მთელ სამყაროს მის მტრად მიიჩნევს და ვეღარ პოულობს თავის ადგილს ვერსად, რადგან არც იცის თავისი შესაძლებლობები და თავისი სისუსტეები. 

არასრულფასოვნების  კომპლექსები ალბათ ბავშვის  აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება…  როგორი  მიდგომა არის საჭირო, რომ ბავშვმა ეს პრობლემა დაძლიოს? 

არასრულფასოვნების განცდა, ნამდვილად მოქმედებს ბავშვის სწავლის ხარისხზეც და ის  ჩამორჩება სწავლაში – არ არის აქტიური გაკვეთილზე, არ იწევს ხელს, არ სურს პრეზენტაცია გააკეთოს, არ სურს პოლემიკაში შევიდეს, ვერ იცავს საკუთარ აზრს  და ხშირად გადადის სხვის აზრზე, იმიტომ რომ არ სჯერა საკუთარი აზრის და არ იცავს თავის პოზიციას აქტიურად. მას ასევე  ეშინია და არ არის დარწმუნებული, რომ რასაც იტყვის სიმართლეა და არც იმაშია დარწმუნებული, რომ რასაც იტყვის ეს უმტკივნეულოდ აღიქმება საზოგადოებისგან, რადგან  ბავშვს შეიძლება ეშინოდეს დაცინვის ან აგდებული კომენტარის. სწორი და პოზიტიური უკუკავშირით  შეიძლება ბავშვს გადავალახინოთ ეს პრობლემა. მან  უნდა გაიაზროს,  რომ აქვს შეცდომის დაშვების უფლება და ამაში, პირველ რიგში მშობლები უნდა დავეხმაროთ. აღზრდის წესებს რომ გადავხედოთ უფროსებმა, დავინახავთ რომ ფაქტობრივად ბავშვს არ ვაძლევთ უფლებას,  დაუშვას შეცდომა. ბავშვმა უნდა იგრძნოს მხარდაჭერა, რომ მშობელი მის გვერდით იქნება შეცდომის დაშვების დროსაც, ასეთ დროს  მას  არ ექნება არასრულფასოვნების განცდა და არ შეეშინდება ცხოვრების.