Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ამერიკის პედიატრთა აკადემიის  რეკომენდაციით, ჩვილებს დაახლოებით 6 თვიდან დედის რძის ან ფორმულის გარდა სჭირდებათ მყარი საკვების დამატება.  ბავშვები ინდივიდუალურად ვითარდებიან, ამიტომ იმის გასაგებად, არის თუ არა თქვენი შვილი მზად დამატებითი კვებისთვის, გაეცანით მზაობის ნიშნებს:

  • შეუძლია მცირე დახმარებით ან დამოუკიდებლად ჯდომა;
  • შეუძლია თავის კონტროლი;
  • გამოხატავს ინტერესს უფროსების საჭმლის მიმართ;
  • გაორმაგებული აქვს დაბადების წონა;
  • აღარ აქვს საჭმლის ენით გადმოგდების რეფლექსი;
  • აღებს პირს და წინ იხრება, როცა საჭმელს სთავაზობთ.

რომელი საკვები უნდა დავუმატოთ ბავშვს პირველ რიგში?

ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიხედვით, ბავშვების უმეტესობისთვის არ არის საჭირო კონკრეტული საკვებით დამატებითი კვების დაწყება. 7-8 თვის ასაკში თქვენი  შვილი უნდა მიირთმევდეს პროდუქტებს საკვები სხვადასხვა საკვების ჯგუფებიდან. მაგალითად, ბურღულეულს, ხორცს ან სხვა ცილებს, ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს, საბავშვო იოგურტს და ა.შ.

სასურველი ბურღულეულია შვრია, ქერი და მრავალმარცვლიანი. არ არის რეკომენდებული ბრინჯი დარიშხანის შემცველობის გამო.

როგორ დავიწყოთ დამატებითი კვება?

ბავშვს პროდუქტები 3-5 დღის მონაცვლეობით დაუმატეთ.  ეს დაგეხმარებათ დააკვირდეთ, აქვს თუ არა თქვენს შვილს რაიმე პრობლემა კონკრეტულ საკვებთან დაკავშირებით, მაგალითად ალერგია.

ყველაზე გავრცელებული ალერგიული პროდუქტებია: რძე, კვერცხი, თევზი, მოლუსკები, თხილეული, ხორბალი და სოიო. ამის მიუხედავად, ახალი კვლევების მიხედვით, თქვენ არ უნდა გადადოთ მათი შეტანა ბავშვის მენიუში. თუმცა,  თუ ოჯახში გაქვთ რომელიმე საკვებზე ალერგია, ესაუბრეთ თქვენი ბავშვის პედიატრს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ.

როგორ მოვამზადოთ საჭმელი ჩვილისთვის?

თავდაპირველად, თქვენს შვილს გაუადვილდება პიურირებული, დაჭყლეტილი და ძალიან რბილი ტექსტურის მქონე საჭმლის ჭამა. მას დრო დასჭირდება ახალ ტექსტურებთან შესაჩვევად და შეიძლება დაახველოს, გულისრევის შეგრძნება გაუჩნდეს ან აღებინოს ჭამის დროს. მისი პირის ღრუს უნარების განვითარებასთან ერთად შესაძლებელია უფრო სქელი და უხეში საკვების შეთავაზება.

ზოგიერთი საკვები წარმოადგენს გადაცდენის საფრთხეს, ამიტომ მნიშვნელოვანია აჭამოთ თქვენს შვილს მისი ასაკის შესაფერისი ტექსტურის საკვები. ასაცილებლად მოამზადეთ საკვები, რომელიც ადვილად იშლება ნერწყვით და არ საჭიროებს ღეჭვას. აჭამეთ მცირე ულუფებით და წაახალისეთ თქვენი ბავშვი ნელა იკვებოს. იყავით მასთან ერთად, სანამ ჭამს.

ქვემოთ მოცემულია რჩევები საჭმლის მოსამზადებლად:

  • მარცვლეული მოამზადეთ დედის რძით, ფორმულით ან  წყლით, რათა ბავშვს არ გაუჭირდეს მისი გადაყლაპვა.
  • ბოსტნეული, ხილი და სხვა საკვები დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • მაგარი ხილი ან ბოსტნეული, მაგალითად ვაშლი და სტაფილო გამოაცხვეთ, რათა იოლად დაჭყლიტოთ.
  • საჭმელი ხარშეთ მანამ, სანამ ის საკმარისად დარბილდება იმისთვის, რომ ჩანგლით დაისრისოს.
  • მომზადებამდე მოაცილეთ ცხიმი, კანი და ძვლები ფრინველს, ხორცსა და თევზს.
  • მოაცილეთ კურკები ხილს და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  • რბილი საკვები დაჭერით პატარა  ან წვრილ ნაჭრებად.
  • დაჭერით მცირე ზომის სფერული საკვები, როგორიცაა ყურძენი, ალუბალი, კენკრა და პომიდორი პატარა ნაჭრებად.

წყარო: ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5