Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე.

ოგორ უნდა ამოვიცნოთ სექსუალური ძალადობის ნიშნებში  ბავშვებში?

არ არის ადვილი სექსუალური ძალადობის გამოვლენა, რადგან დამნაშავე ძალიან მოხერხებულად ახერხებს დამალოს თავისი დანაშაული. 

მაგ. დაშინებით, შერცხვენით, მსხვერპლის დარცხვენით, შანტაჟით და სხვა სოციო-კულტურული ფაქტორებიც ამაში ხელს უწყობს.

გარდა ამისა, როდესაც მოძალადე ახლობელი ადამიანია, ვის მიმართაც ბავშვს აქვს სიყვარული (რაც ძალიან ხშირია), ბავშვი ვერ ხვდება, რა ხდება მის თავს,  რატომაა მის მიმართ განხორციელებული ქცევა ძალადობა. ხშირად ბავშვს შეიძლება ეს სიყვარულის ერთ-ერთ ფორმად მიაწოდოს მოძალადემ. რაც კიდევ უფრო ართულებს დროულად გამოვლენის ალბათობას. თუმცა სექსუალური ძალადობა იმდენად მძიმე ტრავმაა, რომ ის სადღაც მაინც ვლინდება. მაგ. ბავშვი ხატვას იწყებს. ან მოულოდნელად ამ საკითხში მისი ასაკისთვის შეუფერებელ ცოდნას ავლენს, ან თამაშისას სექსის იმიტირებას ახდენს. დაკვირვებული უფროსი აუცილებლად შეამჩნევს, რომ რაღაც რიგზე არაა. 

მე მინდა პირველ რიგში ხაზი გავუსვა კონკრეტულ მარკერებს.. განგაშის სიგნალს, რაც აღმზრდელმა/მშობელმა არ უნდა უგულებელყოს.  

თუმცა ეს ცალსახად ნამდვილად არ ნიშნავს, რომ თქვენი შვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. თქვენი შვილის ქცევა შეიძლება შეიცვალოს მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ მნიშვნელოვანია განიხილოთ სექსუალური ძალადობა, როგორც შესაძლო ვერსია. და ეს ვერსია არ იყოს უგულებელყოფილი და გამქრალი. 

საყურადღებო მარკერებს გამოყოფდით ამ მხრივ?

ფიზიკური ნიშნები:

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი);
  • აუხსნელი სისხლდენა გენიტალიებიდან;
  • სისხლჩაქცევები სხეულის რბილ ნაწილებზე, როგორიცაა დუნდულები ან ბარძაყები;
  • სისხლი, საცვლებზე ან სხვა ტანსაცმელზე;
  • გამონადენი, ქავილი, სიწითლე გენიტალიებზე;
  • შარდვის გართულება;
  • სიარულის ან ჯდომის გართულება. 

მოზარდების შემთხვევაში  ამას ემატება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჩავარდნა.

ასეთ დროს ბავშვს აუცილებლად უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება. 

ქცევითი და ფსიქოლოგიური ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია? 

  • აღარ აინტერესებს თამაში ან ის აქტივობები, რაც ადრე აინტერესებდა;
  • თავს არიდებს კონკრეტულ ადგილებს ან ადამიანებს;
  • მეგობრებისადმი ინტერესის დაკარგვა ან დაქვეითება ან სრულიად ახალ წრეში ტრიალი;
  • სასკოლო აქტივობებსა და სწავლაში ჩამორჩენა;
  • სექსუალური თემების მიმართ მოჭარბებული ინტერესი;
  • ასაკისთვის შეუსაბამო ცოდნა სექსუალურ საკითხებთან მიმართებაში;
  • ავლენს სექსუალური ხასიათის ქცევებს – შიშვლდება საზ. ადგილებში, მასტურბირებს ხშირად საჯარო ადგილას, მის თამაშში ჩნდება სექსუალური ხასიათის პოზები და მესიჯები; 
  • აქვს შიში გარკვეულ ადამიანებთან მარტოდ დარჩენისას, მშობლის ან  აღმზრდელებისგან შორს ყოფნის შიში, განსაკუთრებით თუ ეს საქციელი მანამდე არ შეიმჩნეოდა;
  • რეგრესული ქცევები, როგორიცაა ცერა თითის წოვა ან საწოლში ჩასველება;
  • ღამის ენურეზი (საწოლში ჩასველება);
  • ხდება ზედმეტად დამთმობი, დამყოლი, არაფერს აღარ აპროტესტებს;
  • იზოლირდება;
  • ცდილობს თავიდან აიცილოს ტანსაცმლის გამოცვლა, თავს არიდებს მშობლებთან გაშიშვლებას; 
  • კვებაში ცვლილება – როდესაც არ ჭამს ან პირიქით მოჭარბებულად ჭამს;
  • არის ჩვეულზე აგრესიული, გაღიზიანებული, ხშირად ტირის ;
  • მოზღვავებული სევდა და უნდობლობა; 
  • გადაჭარბებული შფოთვა ან შიში;
  • ძილის დარღვევა- ღამის კოშმარები ან ღამით მარტო დარჩენის შიში;
  • თვითდაზიანების ქცევები, რაც თინეიჯერებს უფრო ახასიათებთ;
  • ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, სამკაულები ან ელ. ნივთები გაურკვეველი წყაროდან, რაც აგრეთვე უფრო ხშირია მოზარდებში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რაც ჩამოვთვალე შესაძლოა სრულიად განსხვავებული მიზეზით იყოს გამოწვეული.  მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სიმპტომების არსებობა მიგვანიშნებს იმას, რომ ბავშვი დისკომფორტშია, რომ რაღაც რიგზე არაა და ამიტომ გვმართებს თვალის მიდევნება ქცევის ასეთ უეცარ ცვლილებებზე. 

და აგრეთვე, როდესაც  ბავშვი გეუბნებათ, რომ ვინმე დისკომფორტს უქმნის, ვიღაცასთან კონტაქტი არ სიამოვნებს, თუმცა კონკრეტულად ვერ გისახელებთ მიზეზს,  მოუსმინეთ და იმოქმედეთ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე.

ვინ შეიძლება გახდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი?

სექსუალური ძალადობის და ზოგადად ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი, მაგრამ, აუცილებელია ხაზი გავუსვათ ბავშვების  იმ ჯგუფს ვინც ე.წ. „რისკ-ჯგუფს” წარმოადგენს. ესენი  არიან  მაგ. ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ბავშვები, ვისი დედებიც განიცდიან ძალადობას, ბავშვები,  რომელთა მშობლებიც ალკოჰოლზე და/ან ნარკოტიკზე არიან დამოკიდებული და ა.შ.

როგორ ამოვიცნოთ მოძალადე?

მსოფლიო სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მოძალადე ბავშვის ნდობით სარგებლობს, უფრო მეტიც ძალადობის მსხვერპლთა 90 %-ზე მეტი იცნობს მოძალადეს და ხშირად ის ოჯახის წევრია ან ოჯახის ახლობელი. შესაბამისად, ბავშვების დაცვა შეიძლება იყოს ძალიან რთული ამოცანა.

ყურადღება გვმართებს ისეთ დროს, როდესაც, ზრდასრული, ვინც ბავშვთან დიდ დროს ატარებს ავლენს შემდეგ ქცევებს:

  • პატივს არ სცემს ბავშვის საზღვრებს და არ ესმის – “არა”;
  • აგრძელებს ბავშვთან შეხებას, მაშინაც კი, როდესაც ბავშვი ან ბავშვის მშობელი/მეურვე უკრძალავს ან უშლის ხელს; 
  • ცდილობს იყოს ბავშვის მეგობარი, ვიდრე შეასრულოს ზრდასრული ადამიანის როლი ბავშვის ცხოვრებაში;
  • არ აქვს ასაკის შესაბამისი ურთიერთობა ბავშვთან;
  • ესაუბრება ბავშვს თავის პირად პრობლემებსა და ინტიმურ ურთიერთობებზე;
  • ცდილობს ბავშვთან საბაბის და შესაბამისი აუცილებლობის გარეშე განმარტოებას; 
  • გამოხატავს უჩვეულო ინტერესს ბავშვის სექსუალური განვითარების მიმართ;
  • ახდენს ბავშვის ჩვეულებრივი  ქცევის სექსუალიზაციას;
  • ჩუქნის ბავშვს საჩუქრებს განსაკუთრებული  მიზეზის გარეშე;
  • აკეთებს სექსუალური ხასიათის კომენტარებს ბავშვთან მიმართებით;
  • უზღუდავს ბავშვს კონტაქტს  სხვა უფროსებთან;

ამ ჩამონათვალის ცოდნა მნიშვნელოვანია, თუმცა გარანტია არ გვაქვს რომ ამოცნობა მარტივი იქნება. ბავშვთა სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირება ურთულესი მომენტია, რადგან მსხვერპლი შიშის და სირცხვილის გამო იკავებს თავს, არ სჯერა, რომ დაეხმარებიან და სიტუაციის გართულების ეშინია. ხოლო ის ვინც დახმარებას ცდილობს, აგრეთვე ყოყმანობს ხშირად, რომ შეცდომა არ დაუშვას, უდანაშაულო ადამიანს არ დაადოს ხელი და ა.შ. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5