ფსიქიკური ჯანმრთელობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. ბავშვებს კი იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნონ, სჭირდებათ სუფთა ჰაერზე ყოფნა და ბევრი მოძრაობა. მშობლები ღელავენ, რამდენად უსაფრთხოა სათამაშო მოედნები პანდემიის დროს? ექსპერტთა უმეტესობა ამბობს, რომ მთავარია, დავიცვათ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ არსებული რეკომენდაციები.
მცირეწლოვან ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ წესების ბოლომდე შესრულება, ამიტომ დისტანციის დაცვა და ნიღბები სერიოზული გამოწვევაა მშობლებისთვის. თუმცა, კვლევების თანახმად, COVID-19 იშვიათად ვრცელდება გარეთ, ამიტომ სათამაშო მოედანი შესანიშნავი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, რომ მეგობრებთან ერთად გაატარონ დრო უფრო უსაფრთხო გარემოში, ვიდრე დახურულ სივრცეში.
დღემდე ჩატარებული კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ვირუსი ზედაპირებით უფრო ნაკლებად გადაეცემა, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ. ეს დამაიმედებელია მშობლებისთვის, რადგან ბავშვებს სჭირდებათ მოედნებზე თამაში გონებრივი და ფიზიკური კეთილდღეობისთვის. ასეთი თამაშის სარგებელი კი აღემატება პოტენციურ რისკებს.
მაგრამ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ სათამაშო მოედანზე უსაფრთხო თამაშისთვის:
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს
ხალხით სავსე ადგილები, იქნება ეს შენობაში თუ გარეთ, შეიძლება მარტივად გადაიქცეს ვირუსის ცხელ წერტილებად. ასე რომ, თუ სათამაშო მოედანზე მიხვალთ და ის ბავშვებით არის სავსე, უმჯობესია წახვიდეთ სხვაგან ან დაელოდოთ, სანამ ისინი დაიშლებიან.
დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექცი ხსნარით
თან გქონდეთ მინიმუმ 60%-იანი ალკოჰოლის შემცველობის სადეზინფექციო ხსნარი და რეგულარულად გაიწმინდეთ ხელები. ბავშვებში სანიტაიზერის გამოყენებაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი სტატია.
ატარეთ ნიღაბი
სათამაშო მოედანი არ განსხვავდება სხვა საზოგადოებრივი ადგილისგან პანდემიის დროს: ნიღაბი სჭირდება 2.2 წელზე უფროსი ასაკის ადამიანს (საქართველოში 6 წლამდე დაშვებულია უნიღბოდ ყოფნა). დროა, ასწავლოთ მათ, რომ როგორც ფეხსაცმელია საჭირო სათამაშო მოედანზე წასასვლელად, ასევე აუცილებელია ნიღბებიც.
დაიცავით დისტანცია
ფიზიკური დისტანციის დაცვა ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების შენელებას და ამით მცირდება რისკი, რომ საუბრისას, ცემინებისას ან ხველის დროს გამოფრქვეული წვეთები მიაღწევს სხვა ადამიანამდე.
დარჩით სახლში, თუ ავად ხართ
როგორც ყოველთვის, თუ თქვენ, თქვენს შვილებს ან ოჯახის რომელიმე წევრს გაციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომები გაქვთ, უმჯობესია თავი შეიკავოთ სათამაშო მოედანზე გასვლისგან, სანამ არ გამოჯანმრთელდებით.
წყარო: www.verywellfamily.com