Skip to content Skip to sidebar Skip to footer

აი, ბავშვი პირველად მიდის სკოლაში, ეს არა მარტო მისთვის,  ოჯახისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. კითხვები ბევრია – ეყვარება თუ არა  ბავშვს სკოლა, ხომ არ შეეშინდება ახალი გარემოსი, ადამიანების, როგორ დავეხმაროთ ახალი გამოცდილების მიღებაში და ა.შ.  განათლების ფსიქოლოგი და ნიუტონის თავისუფალი სკოლის სკოლამდელი განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნინუ კიკნაველიძე გვირჩევს, რა  ველაპარაკოთ ბავშვს სკოლაზე  და როგორ ჩავერთოთ მასთან ერთად, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისას. 

სკოლაში პირველად წასვლა ბავშვისთვის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის პერიოდია, ამიტომ  ბევრ ბავშვს უჭირს  შეგუება. როგორ უნდა დაეხმაროს მას ოჯახი   მშვიდად შეხვდეს  მნიშვნელოვან ცვლილებას?

როდესაც ბავშვი პირველად მიდის სკოლაში, ეს გარემოს შეცვლის პირველი გამოცდილება იქნება საბავშვო ბაღის შემდეგ, სადაც მას მოუწევს შეგუება ახალ რეალობასთან და თანატოლებთან. ამ ასაკში სერიოზულმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ემოციების და ფიქრების ცვლილება. ზოგიერთი მათგანი ამ ცვლილებებს მარტივად იღებს, ვიდრე სხვები, თუმცა, მიუხედავად ამისა, საჭიროა მშობლების მიერ ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია სკოლის პირველ პერიოდში. გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ მოამზადოთ თქვენი შვილი პირველი კლასისთვის:

– სასურველია ბავშვს წინასწარ ვანახოთ მისთვის შერჩეული სკოლა, სადაც ის სწავლას დაიწყებს. ზოგიერთ სკოლას აქვს ტრადიცია სწავლის დაწყებამდე მიიწვიოს მშობლები და ბავშვები, სადაც ერთად მოინახულებენ სასწავლო გარემოს, გაეცნობიან პედაგოგებს და თანაკლასელებს;

– სკოლის დაწყებამდე შეგიძლიათ ბავშვს წაუკითხოთ და დაათვალიერებინოთ  სკოლაში წასვლასთან დაკავშირებული ლიტერატურა, რომელიც დაგეხმარებათ მასთან დიალოგის წარმართვაში. აქვე, მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილების გაზიარება პოზიტიური კუთხით, თუ როგორ გაუმკლავდით გამოწვევებს;

– შეეცადეთ ბავშვს წინასწარ გააცნოთ სკოლის რუტინა, როგორიცაა მაგალითად გაკვეთილების ცხრილი და მათთვის ახალი აქტივობები (გაკვეთილებს შორის დასვენებები; კვების დრო და პირობები; ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები; რა შემთხვევაში მიაკითხოს სკოლის პედიატრს და ა.შ.); 

– სკოლის დაწყებამდე მიუახლოვეთ ბავშვის ყოველდღიურობა სკოლის რუტინას. ასწავლეთ, რომ დილით სკოლაში წასვლას სჭირდება დაგეგმვა, როგორიცაა დროულად გაღვიძება, პირადი ჰიგიენა, საუზმე, საჭირო ნივთების მოწესრიგება, სამოსის შერჩევა და დღის აქტივობების განრიგის გაცნობა, რაშიც თქვენი ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია;

– იმისათვის, რომ თქვენმა შვილმა უკეთ გაითავისოს მოსწავლის როლი, შეგიძლიათ ამ პროცესს მისცეთ თამაშის სახე და შესთავაზოთ სოციალურ-როლური თამაშები, როგორიცაა მაგალითად ,,სკოლობანა’’. ეს პროცესი თქვენც დაგეხმარებათ, დაინახოთ ბავშვის რეალური მოლოდინები და მისი მზაობა გახდეს სკოლის მოსწავლე. ასევე, შეგიძლიათ ბავშვს სთხოვოთ მოირგოს მასწავლებლის როლი. მის თამაშზე დაკვირვება გიკარნახებთ, რა მოლოდინები აქვს მას ზოგადად პედაგოგის მიმართ და როგორი წარმოუდგენია იგი. თუ მის წარმოდგენაში პედაგოგი ასოცირდება არასასიამოვნო ემოციებთან და შფოთთან, იყავით ყურადღებით, იზრუნეთ ამ დამოკიდებულების შეცვლაზე და ასწავლეთ, როგორ მიმართოს მას დასახმარებლად;

– დაეხმარეთ თქვენ შვილს შეარჩიოს რაიმე ნივთი, რომელიც ასოცირდება სახლთან და წაიღებს სკოლაში. ეს შესაძლებელია იყოს მშობლების ფოტო, რაიმე სათამაშო ან ნებისმიერი მისთვის საყვარელი ნივთი, რომელიც მასში იწვევს დაცულობის შეგრძნებას; 

– სკოლისათვის საჭირო ნივთები და ტანსაცმელი აუცილებლად ბავშვთან ერთად შეარჩიეთ, ერთად წადით საყიდლებზე. ეს პროცესი ზრდის მის მზაობას სკოლისთვის. აუცილებლად ასწავლეთ ბავშვს პირადი და სხვისი ნივთების გაფრთხილება; 

– სკოლაში ბავშვის ადაპტაციის უნარი პირდაპირ კავშირშია მის დამოუკიდებლობის ხარისხთან, რაც გულისხმობს მის დამოუკიდებლობას კვების, ტუალეტის და ჩაცმა-გახდის დროს; წაახალისეთ და მიეცით მათ დრო ამ უნარების გამომუშავებისთვის და განსამტკიცებლად; 

– ითამაშეთ ბავშვთან ერთად სამაგიდო თამაშები, რომელიც მას დაეხმარება ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა რიგის დაცვა, გაზიარება, შეთანხმებების და წესების დაცვა და საკუთარი ემოციების გამოხატვა მისაღები ფორმით;

– წინასწარ შეამზადეთ ბავშვი თქვენ გარეშე დამოუკიდებლად ყოფნისთვის. გაამრავალფეროვნეთ მისი სოციალური გარემო და ხელი შეუწყვეთ მისი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობას; 

– აუცილებლად გამოხატეთ კეთილგანწყობა პედაგოგის მიმართ თქვენი შვილის თანდასწრებით. მან უნდა იგრძნოს, რომ თქვენ მას ტოვებთ თქვენთვის სანდო ადამიანთან, რომლის იმედიც გაქვთ; 

– ხელი შეუწყვეთ ბავშვის წინარე აკადემიური უნარების განვითარებას, როგორიცაა წერა, კითხვა, თხრობა და ანგარიში. მაგალითისთვის: მან უნდა იცოდეს საკუთარი სახელის წაკითხვა და დაწერა, რომ ამოიცნოს საკუთარი ჩანთა, პირადი კარადა ან სხვა ნივთი; კალმის ხელში დაჭერის უნარი; დათვლა თამაშის ფორმით, დაითვალეთ კიბის საფეხურები, მანქანის ნომრები, შენობის სართულები  და სხვა; 

– უმნიშვნელოვანესია ბავშვი ფლობდეს ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ, კერძოდ: საკუთარი სახელი და გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი, ოჯახის წევრების სახელი/გვარი, მშობლების პროფესია და ტელეფონის ნომერი;  

– ასწავლეთ ბავშვს თვით-დამშვიდების სტრატეგიები. ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ მოახერხოს საკუთარი ემოციების მართვა როცა რაღაც წყინს, აღელვებულია და თქვენ იმ მომენტში მის გვერდით არ ხართ. ასწავლეთ ასეთ დროს გამოიყენოს რაიმე ნივთი, მაგალითად: ჩაიხუტოს საყვარელი სათამაშო, ხელში ათამაშოს სენსორული ბურთები, დალიოს წყალი, სველი ხელსახოცით გაიწმინდოს სახე და სხვა. მნიშვნელოვანია თქვენი შვილის დამშვიდების სტრატეგიები გაუზიაროთ მის პედაგოგს; 

– ერთობლივად შექმენით დამშვიდობების რიტუალი. ეს შეიძლება იყოს ჩახუტება, ხელის დაქნევა, ტრიალი ან თუნდაც რამდენიმე წამიანი ხელებით თამაში. ნებისმიერ შემთხვევაში ამ რიტუალის თანმიმდევრული შესრულება სკოლაში მიყვანის დროს თქვენს შვილს გაუმარტივებს განშორებას და აუმაღლებს განწყობას, რაც საშუალებას მისცემს დროულად და უმტკივნეულოდ გადაერთოს სასკოლო პროცესზე. 

მშობლებო, ნუ დაანახებთ ბავშვებს თქვენ ღელვას და შფოთს პირველ კლასში წასვლასთან დაკავშირებით. თქვენი განწყობა მისი დამოკიდებულების პირდაპირ პროპორციულია. აგრძნობინეთ და უთხარით, რომ ენდობით მას და ყოველთვის მზად ხართ მხარდასაჭერად. გაითვალისწინეთ, რომ სკოლასთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო თითოეული ბავშვის შემთხვევაში ინდივიდუალურია და შესაძლოა ერთი დღიდან რამოდენიმე კვირამდეც გაგრძელდეს.  თუკი ბავშვი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვერ ახერხებს სკოლის გარემოსთან შეგუებას (შფოთავს, ტირის, არ ერთვება აქტივობებში) შეხვდით და გაესაუბრეთ სკოლის პედაგოგებსა და ფსიქოლოგს შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5