Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ზოგჯერ გიჭირთ იმის გაგება, თუ რას ამბობს თქვენი სკოლამდელი ასაკის შვილი? თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მას მეტყველების უნარის განვითარებაში, თუ იქნებით აქტიური მსმენელი. ეს გულისხმობს არა მარტო უსმენდეთ ბავშვის ლაპარაკს, არამედ ჩაერთოთ საუბარში, დაუსვათ კითხვები და მისცეთ  საკუთარი აზრის სიტყვებით გადმოცემის უამრავი საშუალება.

ქვემოთ ჩამოთვლილი თამაშები და აქტივობები დაგეხმარებათ ზემოთ აღნიშნული მიზნის მიღწევაში და რადგან ბავშვები სხვადასხვა გზით სწავლობენ, კატეგორიებად დავყავით სწავლების სტილები.

ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ მოსმენით

ესაუბრეთ მუდმივად.  მოუყევით მას საინტერესო ამბის შესახებ, რომელიც გაზეთში წაიკითხეთ. აღწერეთ დიალოგი, რომელიც მეგობართან გქონდათ სამსახურში. როდესაც ერთად მიდიხართ საყიდლებზე, ხმამაღლა წარმოთქვით,  რას ყიდულობთ.

შეაჩვიეთ ყოველდღიური საქმეების მოყოლას. მაგალითად, თუ ტანსაცმელს რეცხავთ, შეგიძლიათ თქვათ: “მოდი, დავაჯგუფოთ ფერების მიხედვით, გავზომოთ სარეცხი საშუალება, ჩავყაროთ ტანსაცმელი მანქანაში, დავაყენოთ ტაიმერი“.

შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ თქვენი შვილი ყურადღებას არ აქცევს თქვენს ლაპარაკს, მაგრამ ის ითვისებს თქვენს ლექსიკას და წინადადების სტრუქტურას ისე, რომ ამას ვერც კი ხვდება.  ნუ გაგიკვირდებათ, თუ გაიგონებთ, რომ ის იმეორებს თქვენს ნათქვამს სხვასთან საუბრის დროს.

დაუსვით ღია კითხვები. თუ თქვენს შვილს ჰკითხავთ  “რა გააკეთე პარკში?”, მიიღებთ ბევრად უფრო დეტალურ პასუხს, ვიდრე თუ დაუსვამთ ისეთ კითხვას, რომელიც „კი“ ან „არა“ პასუხს მოითხოვს, მაგალითად  “პარკში გაერთე?”

მიეცით თქვენს შვილს შანსი მოგიყვეთ, რა ხდებოდა მის თავს და მოუსმინეთ ენთუზიაზმით მაშინაც კი, თუ ის ერთი შეხედვით წვრილმან დეტალებში დაიკარგება. მისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია.

დატკბით მისი საუბრით, რადგან თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, ისე შეიძლება გადაიქცეს თინეიჯერად, რომელიც უბრად ზის  თქვენს წინ სასადილო მაგიდასთან.

ჩაიწერეთ მისი სიმღერა ან ლაპარაკი. მას მოეწონება საკუთარი ხმის გაგონება და გაუკვირდება, თუ როგორ ჟღერს ის სხვებისთვის.

დაუბრუნდით საყვარელ წიგნებს. აიღეთ თქვენი შვილის ყველაზე გაცვეთილი წიგნი და ხმამაღლა წაუკითხეთ კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად შეჩერდით საკვანძო მომენტებზე, რომ მან გაიხსენოს შემდეგი სიტყვა.

შეცვალეთ სიტყვები ტექსტში. თუ ის ყურადღებით ისმენს, ამას იოლად შეამჩნევს და აუცილებლად შეგისწორებთ.

ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ დანახვით

გადაუღეთ ვიდეო წიგნის თვალიერების ან ისტორიის მოყოლის დროს. უფრო მეტი ეფექტისთვის,  გამოეწყოს პერსონაჟივით და გაითამაშოს სცენა. ანახეთ ვიდეო და სთხოვეთ, ილაპარაკოს მისი პერფორმანსის შესახებ. შეაქეთ მისი მეტყველების უნარი.

ნუ გაამახვილებთ ყურადღებას არასწორ გამოთქმებზე. ამ თამაშის მიზანი ისაა, რომ თქვენმა შვილმა კომფორტულად ისაუბროს სხვების წინაშე და არა მოამზადოს იგი საჯარო თანამდებობებისთვის.

მოაყოლეთ მისი საყვარელი მულტფილმის შესახებ. ბავშვებს უყვართ საუბარი იმაზე, რაზეც იციან და უყვართ. საუბრის დასაწყებად ერთ-ერთი უმარტივესი გზაა თქვენს შვილს ჰკითხოთ, რა ხდება მის საყვარელ მულტფილმში.

ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ ფიზიკურად

გადით ბუნებაში. წაიღეთ პატარა ყუთი და მოაგროვეთ საინტერესო საგნები (მაგალითად, ბუმბული, გირჩა, ფოთოლი). შინ დაბრუნებისას სთხოვეთ მოუყვეს ოჯახის წევრებს თითეული ნივთის მახასიათებლების და პოვნის ისტორიის შესახებ.

ითამაშეთ „ოჯახური ისტორია“. ერთ-ერთი წევრი იწყებს ამბის მოყოლას და დანარჩენები აგრძელებენ.

სთხოვეთ თქვენს შვილს მოგითხროთ მარტივი ისტორია და ჩაიწერეთ. შეგიძლიათ ჰკითხოთ მას კონკრეტული მოვლენის შესახებ (მაგალითად, ბავშვებთან თამაშის ან დაბადების დღის წვეულების). თუ მან გამოტოვა ძირითადი დეტალები ან თქვა ისეთი რამ, რაც არ გესმით, სთხოვეთ დააზუსტოს. დაახატინეთ მონათხრობის შესაბამისი ნახატი და მშვენიერი წიგნი გამოგივათ ძილის წინ საკითხავად.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5