Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმასდედამ იცისესაუბრება ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სპეციალისტი, რეაბილიტოლოგი ნინო ჭითანავა. 

ტანადობის დარღვევა კუნთოვანი სისტემის არათანაბარი განვითარების გამო ყალიბდება, რის გამოც იოგები და მყესები ცუდად ვითარდება.

ტანადობის დარღვევის   ნიშნები ვლინდება იმით,  რომ ბავშვს არ აქვს სწორად დგომის, სწორად ჯდომის უნარი, რაც  შემდგომ ჩვევაში გადადის.  ამდენად, ტანადობის დარღვევის დროს წამყვანია ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის სისუსტე.

განსაკუთრებულად ბავშვებში ტანადობის დარღვევის პროცესები მარტივად ყალიბდება, ვინაიდან მათი კუნთოვანი, ძვალსახსროვანი სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია და არასწორად შერჩეული მაგიდა, სკამი, საწოლი, მძიმე ჩანთა გავლენას ახდენს მათი ტანადობის დარღვევაზე.

იმ შემთხვევაში, თუ:

  • ბავშვი უჩივის წელის ტკივილს.
  • ბავშვი ადვილად იღლება.
  • ბავშვი დადის მოხრილი ან გვერდზე გადახრილი.
  • ბავშვს ცალი მხარი ჩამოშვებული აქვს.
  • გვერდიდან დაკვირვების დროს შეამჩნევთ, რომ ბავშვს ზედმეტად გამოწეული ან, პირიქით, ჩავარდნილი მკერდის ძვალი აქვს.
  • ბავშვი სწორად არ ზის;
  • ბავშვი ფეხებს სწორად არ დგამს.

ამ ნიშნების გამოვლენისას აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

რა არის გამომწვევი მიზეზები, რატომ ირღვევა ბავშვის ტანადობა?

უმოძრაობა, ხანგრძლივი უწყვეტი მეცადინეობა, მეცადინეობის პროცესში არასწორად შერჩეული ინვენტარი,  სკოლაში დავიწროებული სტანდარტული მერხები, რომელიც მუშაობის დროს აიძულებს ბავშვს  შემობრუნებას და ერთ ხელზე დაყრდნობას,  მონიტორთან დიდხანს  ჯდომა, “სქროლვის” დროს წამოწეული თავი, რის გამოც  კისრის კუნთებს უწევთ ძლიერი დატვირთვა და ეს ხშირად თვის ტკივილის მიზეზიც ხდება, მძიმე ჩანთა, ერთ მხარზე მოკიდებული ჩანთის სიმძიმე აიძულებს კუნთებს დისბალანსში ყოფნას, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა  არის მთავარი ხელშემწყობი.

რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს  ეს პრობლემა ?

ხუთ წლამდე ბავშვი წელიწადში 4-6 სმ-ს იმატებს, შემდეგ- 7-10 სმ-ს. – იწყება პირველი ფიზიოლოგიური აჭიმვის პერიოდი, რომელიც 2 წელიწადს გრძელდება, სწორედ ამ პერიოდში მართებთ მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება, რომ ხერხემლისა და ძვალსახსროვანი სისტემის სხვა ნაწილების მცირედი გადახრაც კი არ გამოეპაროთ.

რა კავშირში შეიძლება იყოს ტანადობის დარღვევა ბავშვის აკადემიურ მოსწრებასთან?

როდესაც ბავშვი მოხრილია, მხრები, თავი წინ აქვს დახრილი და  ჩავარდნილი, მკერდი აფერხებს სუნთქვას და ამ დროს ბავშვი გრძნობს დაღლას, სისუსტეს, სტკივა კისერი,ზურგი. ამ დროს, რა თქმა უნდა, ირღვევა კონცენტრაცია, რაც ხელს უშლის სწავლის პროცესს და აისახება ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე. 

როგორ ავირიდოთ თავიდან ტანადობის დარღვევის შემთხვევები ბავშვებში? 

ბავშვი უნდა მიაჩვიოთ ზურგზე წოლას, საწოლი არ უნდა იყოს ჩავარდნილი.

ბალიში კარგად უნდა იყოს მორგებული სხეულზე, უნდა ავსებდეს კეფის და ზურგის ნადრეკებს შორის სივრცეს, უნდა იწყებოდეს მხრებიდან და ბავშვს თავი ისე უნდა ედოს რომ არც წამოწეული ჰქონდეს და არც უკან გადავარდნილი.

საწერ მაგიდასთან ჯდომისას ზურგი აუცილებლად სკამის საზურგეს უნდა ეხებოდეს, წინამხარი იდაყვის სახსრამდე მაგიდაზე უნდა იდოს, იმ შემთხვევაში თუ იატაკზე არ დევს ტერფი მთელი ზედაპირით, უმჯობესია პატარა სკამზე ან რაიმე საყრდენზე დავადგმევინოთ.

სასკოლოდ უნდა გამოვიყენოთ ზურგჩანთა, რომლითაც სიმძიმე გადანაწილდება ორივე მხარეს თანაბრად. დაუშვებელია ისეთი სახის ჩანთის გამოყენება, რომელიც ტვირთავს მხოლოდ ერთ მხარეს.  

გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებს, რაც შეხება ცურვას, ცურვა კარგია, მაგრამ იგი ავითარებს მოქნილობას და ჯობია ცურვაზე მიყვანამდე ჯერ გავუმაგროთ კუნთები და მერე განვავითაროთ მოქნილობა. პროფილაქტიკის მიზნით ზურგდამჭერის გაკეთება არ არის გამართლებული, რადგან  იმისთვის, რომ კუნთოვანი სისტემა ადეკვატურად ჩამოყალიბდეს, მოზარდმა მაქსიმალურად თავისუფლად უნდა იმოძრაოს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5