Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ადრეული განვითარების სპეციალისტი მარიამ ზაქაშვილი. 

ბავშვის ზოგადი ქცევის მდგომარეობიდან რა ითვლება რთული ქცევის ნიშნებად  და როგორ ვმართოთ რთული ქცევა პოზიტიური ხერხებით? 

ქცევა არის გარკვეული ჩამოყალიბებული ურთიერთზემოქმედება ადამიანსა და გარემოს შორის. ყველა ქცევას აქვს წინაპირობა და შედეგი. ანუ რამ გამოიწვია ესა თუ ის ქცევა და როგორ დასრულდა, რა შედეგი მოყვა ამ ქცევას. რთული ქცევაა ქცევა, რომელიც ხელს გვიშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. რთულ ქცევად მშობლები უამრავ რაიმეს ასახელებენ: ტირილი, ყვირილი, კბენა, უჭმელობა, უზრდელი სიტყვების თქმა და ასე შემდეგ. თითოეული აღნიშნული ქცევა, რა თქმა უნდა, არის რთული ქცევა, თუმცა სპეციალისტები რთულ ქცევას ვეძახით ქცევას, რომელიც თვითდამაზიანებელი, სხვათა დამაზიანებელი ან ანტისოციალურია.

თუკი ესა თუ ის ქცევა ბავშვს ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში, აუცილებელია დაუყოვნებლივ მივმართოთ სპეციალისტს, დროული და სწორი რეაგირებისთვის.

ტირილი, ისტერიკა ერთ-ერთი ხშირად დასახელებული რთული ქცევაა მშობლების მიერ. საინტერესოა, რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როცა ბავშვი ტირის? როცა ბავშვი ტირის, არ უნდა დავტოვოთ მარტო, ყოველთვის უნდა იგრძნოს და იცოდეს, რომ მასთან ვართ და გვესმის მისი.  თუმცა ტირილის დროს საუბრისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან, როგორც წესი,  არ ესმის და ვერ იაზრებს რას ვესაუბრებით. მოკლე, 1-2 სიტყვიანი წინადადებებით ვეუბნებით,  რომ მასთან ვართ და გვესმის მისი: „შენთან ვარ“, „შეგიძლია ჩამეხუტო“ ან ნებისმიერი წინადადება, რომელიც მისთვის დამამშვიდებელი შეიძლება იყოს.

უნდა გვესმოდეს და ვაცნობიერებდეთ, რომ ბავშვთან საუბრისას არ უნდა გამოვიყენოთ აკრძალვითი, უარყოფითი კონტექსტის სიტყვები: არა, არ ქნა, ცუდი ხარ, ცუდად იქცევი. დაიწყეთ საუბარი იმგვარად, რომ არ მოგწონთ თქვენ, რასაც ბავშვი აკეთებს. მაგ: არ მომწონს შენ რომ მირტყამ, მე ძალიან მეწყინა, რომ გააფუჭე…

მაქსიმალურად ეცადეთ, როდესაც რთული ქცევა ვლინდება, ხაზი გაუსვათ არსებულ ქცევას და არა ბავშვის პიროვნებას. ანუ, არ ვამბობთ რა ცუდი გოგო/ბიჭი ხარ. უნდა ვუთხრათ: არ მომწონს, რომ მირტყამ, მტკივა.

ოჯახში რუტინისა და ქცევების ჩამოყალიბების და შემუშავების დროს აუცილებელია პოზიტიური მიწოდება ბავშვებისთვის. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წესები, რომელსაც ვიღებთ, შევასრულოთ ჯერ თავად ჩვენ, უფროსებმა. მაგალითისთვის: თუ წესი გვაქვს, რომ ვსაუბრობთ მშვიდად და არ ვყვირით და ამ დროს ჩვენ თავად ვუყვირით ბავშვს ან სხვას ამ წესის დაცვა არ შეგვიძლია მოვთხოვოთ პატარას.

როდესაც რაიმე წესს ვადგენთ, აუცილებელია წინასწარ იყოს შეთანხმებული ის შედეგი, რაც ქცევის დარღვევას მოჰყვება. თუ ბავშვს შევუთანხმდით, რომ არ უნდა ვცემოთ სხვა, და თუკი მაინც ვცემთ, მაშინ ეს ქცევა მის განაწყენებას გამოიწვევს.

ჩემი დიდი რეკომენდაციაა, როდესაც შედეგზე ვთანხმდებით იშვიათად გამოიყენეთ მატერიალური განმამტკიცებლები, ეცადეთ განმამტკიცებელი სოციალური და მეტად საინტერესო იყოს, ვიდრე ერთჯერადი მატერიალური ნივთი. მაგალითად ახსნა იმისა, რომ ძალიან გაგაბედნიერათ მისმა ქცევამ, რომ ახლა შეგიძლიათ გაისეირნოთ პარკში, ბევრი იცეკვოთ ერთად და იმღეროთ. იცოდეს ბავშვმა, რომ ყოველ მის ქცევას რაიმე შედეგი მოჰყვება და თავად აარჩიოს და გადაწყვიტოს იმ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ მოიქცევა.

რომელიმე კონკრეტული რთული ქცევის დროს შეგიძლიათ ყურადღების გადასატანის ტექნიკაც  გამოიყენოთ. აუცილებელია ყურადღება გადატანილი იყოს ბავშვისთვის სასიამოვნო და საინტერესო აქტივობაზე ან ნივთზე და არა რაიმე მისთვის არასასიამოვნოზე, რაც მეტად გაამწვავებს ქცევას. მინდა კარგად გვესმოდეს, რომ ყველა ბავშვი  ინდივიდუალურია და ყველა აქტივობა, რომელიც დაიგეგმება უნდა იყოს ბავშვის სურვილებისგან და ინტერესებისგან შედგენილი. მაგალითად, თუკი მე ყურადღების გადასატანად და ჩემი ქცევის ჩასაქრობად მჭირდება პლასტილინით თამაში, სხვას შეიძლება დასჭირდეს „ლეგო“, ფაზლი, მანქანა, საპნის ბუშტები…

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5