Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თუ ჩვილის ბოთლით გამოკვება გიჭირთ, თქვენ მარტო არ ხართ. მშობლების დაახლოებით 25 პროცენტი აცხადებს, რომ შვილების  განვითარების გარკვეულ ეტაპებზე მათ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ, ბოთლის შეთავაზების მცდელობამ შეიძლება გარკვეული გამოწვევებიც გამოიწვიოს. ამერიკის პედიატრთა აკადემია გირჩევთ, არ დაუმატოთ ჩვილს   დედის რძის გარდა სხვა საკვები 6 თვის ასაკამდე, რაც გულისხმობს ექსკლუზიურ ძუძუთი კვებას ამ დრომდე. ბუნებრივი კვების ხელშემწყობი ორგანიზაცია La Leche League International გირჩევთ დაბადებიდან 3-4 კვირის შემდეგ შესთავაზოთ ბავშვს  გამოწველილი რძე ბოთლით. თავიდან შეიძლება ძალიან იმედგაცრუებული დარჩეთ, მაგრამ თავდადებით, ექსპერიმენტებით, მოთმინებით და სიყვარულით, საბოლოოდ შეგიძლიათ შეაჩვიოთ თქვენი ბავშვი ბოთლით კვებას.

რატომ ამბობენ ბავშვები უარს ბოთლზე?

  • ბავშვს ისევ ძუძუსთან ახლოს ყოფნა უნდა;
  • ბავშვი არ არის საკმარისად მშიერი;
  • ბავშვი ავადაა ან კოლიკა აწუხებს;
  • ბავშვი კომფორტულად არ წევს/ზის;
  • ბავშვს არ მოსწონს რძის ტემპერატურა, არომატი ან ტექსტურა;
  • ბავშვს არ მოსწონს ბოთლის ტექსტურა.

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ბოთლს?

  • ნელა, თანმიმდევრულად და თანდათანობით შესთავაზეთ ბოთლით კვება;
  • კვებამდე დაელოდეთ, სანამ თქვენი ბავშვი საკმარისად მშიერი იქნება (მაგრამ ძალიან მშიერი არა, რადგან შეიძლება ამან უფრო გააღიზიანოს);
  • შეეცადეთ შეცვალოთ ბოთლის ზომა და ფორმა, თავი ან ბოთლის სხვა ასპექტები, რომ მიხვდეთ. რას იწუნებს თქვენი ბავშვი.
  • ექსპერიმენტი რძის ან ფორმულის ტემპერატურაზე. დედის რძე თბილია, ამიტომ დარწმუნდით, რომ ბოთლი არ არის ძალიან ცხელი.
  • თუ თქვენს პატარას კბილები ეჭრება, შეეცადეთ შეცვალოთ რძის ტემპერატურა (ამ დროს ზოგჯერ ცივ რძეს ანიჭებენ უპირატესობას).
  • აჭამეთ სხვა პოზაში.
  • მიეცით სხვას უფლება, აჭამოს. ეს განსაკუთრებით შეიძლება გამოსადეგი იყოს ძუძუთი კვების პერიოდში ბოთლით კვებაზე გადასვლის დროს.

თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გყავთ, ფორმულის შეცვლამდე პედიატრს გაესაუბრეთ. რადგან ძალიან ბევრმა ცვლილებამ ან ფორმულის გარკვეულმა ტიპებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა გამოწვევები.

როდის მივმართოთ ექიმს?

მართალია ჩვილებისთვის ბოთლზე უარის თქმა ზოგჯერ ნორმალურია, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც კვებაზე უარი მიუთითებს კვების დარღვევაზე ან დაავადებაზე, რომელიც მოითხოვს სამედიცინო დახმარებას.

მცირეწლოვანი ბავშვების 1-5% აქვს კვების დარღვევა – ისინი არ იღებენ საკმარისი რაოდენობის საჭმელს, რაც ხდება არასრულფასოვანი კვების (მალნუტრაციის) მიზეზი.

საკმარისი საკვების მიღება  აუცილებელია ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში კვების დარღვევების მქონე ბავშვს  შეიძლება ჰქონდეს ზრდის დეფიციტი, კოგნიტური ფუნქციონირების პრობლემები, ნეიროგანვითარების შეფერხება და ქცევითი ან ემოციური დაქვეითება. ამიტომ გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, რომ გაიგოთ, თქვენთვის აქამდე უცნობი რაიმე დაავადება ან ფიზიოლოგიური მდგომარეობა ხომ არ უშლის ბავშვს ხელს ბოთლით კვებაში.

დაუყოვნებლივ დაურეკეთ ექიმს, თუ ბოთლზე უარის თქმის გარდა, თქვენს ახალშობილს აქვს შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე:

  • ცხელება;
  • ღებინება;
  • მუდმივი ტირილი;
  • ფაღარათი;
  • სუნთქვის გაძნელება.

წყარო: www.healthline.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5