Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჩაგვრისა და ძალადობის განცდის შემდეგ ბავშვებს უჭირთ ამის შესახებ მოუყვნენ სხვებს. დუმილის მიზეზები მრავალია და განსხვავდება ბავშვების პიროვნული და სხვა მახასიათებლების მიხედვით.

ბულინგი – აგრესიული ქცევის ფორმა, რომლის დროსაც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ხანგრძლივად და განმეორებით ცდილობს მეორე ადამიანს მიაყენოს ზიანი ან შეუქმნას დისკომფორტი.

კიბერბულინგი – ბულინგი ინტერნეტის საშუალებით.

ბულინგი ხშირად საშიში და დამაბნეველია, განსაკუთრებით დასაწყისში და ბავშვების უმრავლესობამ არ იცის, როგორ აარიდოს თავი მას.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ჩაგვრის მსხვერპლი მოსწავლეების 64%-ს არასდროს არავისთვის უთქვამს ამის შესახებ. დაზიანების შემთხვევაშიც კი, 40% მაინც არასოდეს აცხადებს ინციდენტის შესახებ. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ბავშვები თავს იკავებენ გაუმხილონ სხვებს მათი ჩაგვრის შესახებ.

სირცხვილი და უხერხულობა

ბულინგი უკავშირდება ძალაუფლებასა და კონტროლს და მის სამიზნედ ყოფნამ შეიძლება ბავშვებს თავი აგრძნობინოს სუსტად. ბევრი ბავშვისთვის ეს ქმნის ძლიერი სირცხვილისა და უხერხულობის გრძნობას. თუ ბავშვი ბულინგის მსხვერპლი ხდება იმის გამო, რის მიმართაც ის უკვე მოწყვლადია, მაგალითად გარეგნობის გამო, ის უხერხულად იგრძნობს თავს ამაზე საუბრისას.

ბულინგზე საუბრისას ბავშვს მოუწევს სხვებისთვის საკუთარი “დეფექტის” ხაზგასმა, რაც მისთვის შეიძლება გაცილებით უარესი იყოს, ვიდრე თავად ბულინგი.

სამაგიეროს გადახდის და პრობლემის გაუარესების შიში

ხშირად, ბავშვებს ჰგონიათ, რომ ბულინგის შესახებ განცხადება კარგს არაფერს მოუტანთ. არამხოლოდ სუსტად გრძნობენ თავს, არამედ შფოთავენ, რომ მჩაგვრელი ამის შემდეგ მათ ცხოვრებას უფრო უარესს გახდის.

ბავშვების უმრავლესობას ურჩევნია, ამას მარტო გაუმკლავდეს, რადგან ეშინია, რომ აღიარება პრობლემას გაამძაფრებს. ზოგჯერ მათ ისიც სჯერათ, რომ სიჩუმის შენარჩუნებით ბულინგი თავისით დასრულდება. თუ უფროსთან ამაზე საუბრობენ, მხოლოდ იმ პირობით, რომ ის ამას არ გაამჟღავნებს ან არაფერს გააკეთებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ შეამსუბუქოთ ბავშვის პოტენციური შფოთვა, მნიშვნელოვანია შეზღუდოთ თქვენი პირველადი რეაქცია და მალევე არ გადახვიდეთ მოქმედებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება მის სკოლას ან სხვა მონაწილე მხარეებს.

ამის ნაცვლად, გააძლიერეთ თქვენი შვილი, შეადგინოს ბულინგის მოგვარების გეგმა. ჰკითხეთ მას, როგორ სურს გაუმკლავდეს სიტუაციას და რას მოელის თქვენგან. თუ მას ურჩევნია, რომ არაფერი თქვათ, პატივი ეცით მის თხოვნას. სანამ კანონი არ დაირღვევა, თქვენ უნდა მისცეთ შესაძლებლობა, ყველაფერი გაკეთდეს თქვენი შვილისთვის კომფორტული ტემპით. ნუ იქნებით მშობელი, რომელიც სოციალურ ქსელში აქვეყნებს შეტყობინებებს, ეძახის მოძალადეების მშობლებს ან დგამს სკოლაში სცენას. ასეთი ქცევა უფრო ართულებს ბავშვის სიტუაციას, რადგან ის ამჯერად არამხოლოდ ბულინგს უნდა გაუმკლავდეს, არამედ იყოს ის, ვისმა მშობელმაც სცენა დადგა.

აღიარების სურვილი

ხშირად, ბავშვები ემორჩილებიან თანატოლების ზეწოლას და იღებენ ბულინგს, რათა დარჩნენ ჯგუფში. მსხვერპლს ზოგჯერ სურს, მჩაგვრელისგან მიიღოს აღიარება და შეიძლება შეეგუოს ყალბ მეგობრობას და მავნე ქცევას მის მიმართ.

დამიჯერებენ?

ხშირად, მჩაგვრელები არიან ისეთი ბავშვები, რომელთაგან მშობლები და მასწავლებლები ამას არ ელიან. ამიტომ, მსხვერპლმა შეიძლება თავი შეიკავოს გამჟღავნებისგან, რადგან შეიძლება არავინ დაუჯეროს.

“ჩამშვების” იარლიყი

ბავშვებს შესაძლოა უფრო მეტად ეშინოდეთ “ჩამშვების” იარლიყის მიწებების, ვიდრე თავად ბულინგის. ამის გამო დუმილს ირჩევენ. ამის დასაძლევად მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შექმნას გარემო, სადაც ბულინგის შესახებ შეტყობინება არამხოლოდ მისაღები, არამედ მოსალოდნელიც არის.

დაბალი თვითშეფასება

ბავშვები ხშირად ძალიან კარგად აცნობიერებენ საკუთარ შეცდომებს. და თუ ამას მათ წინააღმდეგ გამოიყენებენ, მათ შეიძლება ავტომატურად დაასკვნან, რომ ისინი ასეთ მოპყრობას იმსახურებენ. განსაკუთრებით, თუ გადაჭარბებულად თვითკრიტიკულები არიან ან დაბალი თვითშეფასება აქვთ.

არის თუ არა ეს ბულინგი?

ფიზიკური ძალადობა ადვილად ამოსაცნობია და უფრო მეტია ალბათობა, რომ მის შესახებ განაცხადებენ. თუმცა, ბავშვებს ზოგჯერ უჭირთ, გააცნობიერონ, რომ მსხვერპლები არიან, მაგალითად ჭორების გავრცელებას ან აგრესიულ ურთიერთობებს შეიძლება არ დაარქვან ბულინგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მშობლებმა, მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვებს მიეწოდოთ სათანადო ინფორმაცია ბულინგის და ჯანსაღი ურთიერთობების შესახებ.

“თავად გავუმკლავდები”

ბავშვები ფიქრობენ, რომ თავად უნდა გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს, რადგან მათი აზრით, უფროსები ვერ დაეხმარებიან და მეტიც, შეიძლება გაუბრაზდნენ ან დასცინონ ამის გამო. ამასთანავე, სკოლები ხშირად ვერ არჩევენ “ჩაშვებასა” და ძალადობის შესახებ განცხადებას, რადგან უფრო აკადემიური მიზნების მიღწევით არიან დაკავებული.

კიბერბულინგის შემთხვევაში:

არ იციან, როგორ განაცხადონ

კიბერბულინგის შემთხვევაში მჩაგვრელი ხშირად ანონიმური ან უცნობია და ბავშვებმა არ იციან, ამის შესახებ განცხადება შეაჩერებს თუ არა მათ.

ციფრული მოწყობილობების ჩამორთმევის შიში

კიბერბულინგის შემთხვევაში, ბავშვებს ხშირად ეშინიათ, რომ უფროსები ჩამოართმევენ ციფრულ მოწყობილობებს. მსგავსი ქცევა ბავშვებს 2 შეტყობინებას უგზავნის. პირველ რიგში, რომ უფროსები არასანდონი არიან და მეორე – რადგან დაისაჯნენ, ე.ი. დააშავეს კიდეც.

ამის ნაცვლად, ასწავლეთ ბავშვებს მიმოწერის ასლების შენახვა, მოძალადის დაბლოკვა, პაროლის შეცვლა და კიბერბულინგის შესახებ განცხადება.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5