Skip to content Skip to sidebar Skip to footer

აპრაქსია ნევროლოგიური დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანებს ხშირად არ შეუძლიათ კონტროლირებადი, მიზანმიმართული მოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ ამის სურვილი, შესაბამისი ფიზიკური ძალა და აზროვნების უნარი. ის შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან ტვინის დაზიანების შედეგი.

მეტყველების აპრაქსიის მქონე ადამიანს უჭირს ენის, ტუჩების და ყბის გამოყენება სიტყვების წარმოსათქმელად. ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე, რაც ართულებს ან  შეუძლებელს ხდის სიტყვიერ კომუნიკაციას.

მეტყველების აპრაქსიის ნიშნები:

  • დამახინჯებული ხმიანობა;
  • სწორი ხმიანობის ან სიტყვების პოვნის გაძნელება;
  • კონკრეტულ სიტყვაზე სხვადასხვა შეცდომის დაშვება;
  • შეცდომები ტონში, რიტმში ან მახვილის დასმისას;
  • ასოების გადაბმისას თანმიმდევრობის დაცვის გაძნელება;
  • ჩვილობის პერიოდში მინიმალური ღუღუნი;
  • რთული ან გრძელი სიტყვების წარმოთქმის გაძნელება;
  • სიტყვების გამოთქმის განმეორების მცდელობები;
  • თანხმოვნების გამოტოვება სიტყვების დასაწყისში და ბოლოში.

ბავშვებს შეიძლება უჭირდეთ კითხვა, უძნელდებოდეთ ის საქმიანობები, სადაც წვრილი მოტორული უნარებია საჭირო (მაგალითად წერა), და ჰქონდეთ მეტყველების შეფერხება, ღეჭვის და ყლაპვის პრობლემები.

ეს სიმპტომები პირველად 18 თვიდან 2 წლამდე შეიმჩნევა.

როგორ მკურნალობენ მეტყველების თერაპევტები აპრაქსიას?

მეტყველების თერაპევტები მუშაობენ ბავშვებთან ინტენსიურად, კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად. თერაპიის დროს შესაძლებელია ბავშვებს სთხოვონ თითი მიიდონ ტუჩებზე, რათა იგრძნონ მოძრაობა ბგერების წარმოთქმისას. ასევე, მიღებული მეთოდია სარკის წინ ლაპარაკი და საკუთარი თავის დაკვირვება, ხმების ჩაწერა და შემდეგ მოსმენა.

აპრაქსიის მქონე მოსწავლეების საჭიროებები საკლასო ოთახში

აპრაქსიის მქონე მოსწავლეებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები აქვთ და ხშირად მათ სჭირდებათ სპეციალისტის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ ინფორმაციის და ინსტრუქციების გაგება,  შეიძლება გაუჭირდეთ ნასწავლის ეფექტური დემონსტრირება და ამის გამო იმედგაცრუება განიცადონ.

ზოგიერთ შემთხვევაში, აპრაქსიის დროს ჟესტების ენა შეიძლება იყოს სალაპარაკო ენის სასარგებლო დანამატი, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია სცადოთ სალაპარაკო ენის გამოყენება ჟესტებთან ერთად. აპრაქსიის მქონე მოსწავლეებმა შეძლონ მნიშვნელოვნად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.

ეს მდგომარეობა თითოეულ ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს და მოსწავლეებთან მომუშავე ოკუპაციურ, ფიზიკურ და მეტყველების თერაპევტებს შეუძლიათ მიაწოდონ სკოლას ღირებული ინფორმაცია ინსტრუქციებისა და სასკოლო მასალების ადაპტაციის შესახებ, რომელთა დახმარებითაც აპრაქსიის მქონე მოსწავლეები მნიშვნელოვნად ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.

წყარო: www.healthline.com, www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5