როგორ უნდა გავუმკლავდეთ ჩვენი შვილების შიშებს და კითხვებს მაშინ, როდესაც თავადაც ვღელავთ? ეს არ არის მარტივი და თუ გიჭირთ ბავშვებისთვის იმ ყველაფრის ახსნა, რაც ამჟამად მსოფლიოში ხდება, თქვენ მარტო არ ხართ.
რამდენიმე რჩევა, რათა დაეხმაროთ თქვენს პატარებს ამ ახალ ამბებთან გამკლავებაში:
აღიარეთ თქვენი შვილების შიშები.
მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვები არ შეაშინოთ, აუცილებელია, აღიაროთ მათი შიში და შფოთვა იმ ცნობების გამო, რომლებიც ესმით კორონავირუსის შესახებ სკოლაში, ახალ ამბებში თუ მეგობრებისგან.
ჰკითხეთ მათ რა იციან და რა არ ესმით კორონავირუსის შესახებ.
ზოგჯერ შეიძლება ბავშვებმა არ აღიარონ, რომ ეშინიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ღელავენ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მივცემთ საშუალებას ისაუბრონ იმაზე, თუ რა აშინებთ მათ.
გაუქარწყლეთ არასწორი წარმოდგენები.
ბევრი მითი და ჭორი ვრცელდება კორონავირუსთან დაკავშირებით: როგორ შეიძლება შეგხვდეთ, რამდენია შეხვედრის ალბათობა და რა მოხდება, თუ დაავადდებით. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის სიმართლის გაზიარება და მითების დამსხვრევა (არა, ეს არ არის „აზიური“ მოვლენა; არა, ნივრის ჭამა ვერ დაგვიცავს COVID-19-სგან და ა.შ.). გულწრფელი პასუხი არის პასუხი, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის ბავშვებს.
გაეცანით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგულარულად განახლებად ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ, რათა გქონდეთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პასუხი კითხვაზე – როგორ დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახი ამ ვირუსისგან.
დაარწმუნეთ, რომ უფროსები აკეთებენ ყველაფერს ჩვენი უსაფრთხოებისთვის.
მიაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კეთდება ამ ვირუსის შესაჩერებლად, რადგან ბავშვებს ზოგჯერ ამის შეხსენება სჭირდებათ.
გამორთეთ ტელევიზორი და ახალი ამბები.
ახალი ამბების 24 საათიანმა ციკლმა შეიძლება გააღიზიანოს ბავშვები, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ საინფორმაციო პროგრამების დრამატულ ტონს და ნეგატიურის ხაზგასმას პოზიტიურის ნაცვლად.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
მხოლოდ ბავშვებზე არ ახდენს ახალი ამბები გავლენას. თუ გრძნობთ, რომ ვეღარ უძლებთ პანიკის შემოტევას და მალე აფეთქდებით, სცადეთ ყველაფერი, რომ თქვენი შფოთვა გამოხატოთ ჯანსაღი გზებით და დარჩეთ პოზიტიური და სანდო შვილისთვის.
გახსოვდეთ ჩახუტების ძალა.
სიტყვების გარეშე დამშვიდებას ბევრი რამ შეუძლია. უფროსი ბავშვები ფიზიკური დამშვიდების სურვილს შეიძლება იშვიათად გამოხატავდნენ, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, რომ ჩახუტების დროა ფილმის ყურების ან წიგნის კითხვის დროს.
ასწავლეთ ხელების სწორად დაბანა
20 წამის განმავლობაში წყლითა და საპნით ხელის დაბანა, არანაკლებ 60 % ალკოჰოლის შემცველობის ხელის სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება საუკეთესო გზაა ვირუსის თავიდან ასარიდებლად. შეხედვით ვერ ამოიცნობთ, აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსი ან არის თუ არა ერთი შეხედვით სუფთა ზედაპირზე მიკრობები. შესაბამისად, ბავშვებთან ერთად დაიცავით ჰიგიენის საბაზისო წესები.
კორონავირუსის ისტორია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. თქვენი შვილები ამის შესახებ სულ უფრო მეტს გაიგებენ. თქვენი ყურადღება, ნათელი ინფორმაცია და სიყვარული დაგეხმარებათ თქვენ და მათ ამ ქარიშხალთან გამკლავებაში.
წყარო: https://www.babycenter.com/0_how-to-talk-to-kids-about-the-coronavirus_40006950.bc