Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რატომ არის ხელების დაბანა ასე მნიშვნელოვანი?

ხელების დაბანა არის საუკეთესო საშუალება მიკრობების, ავადმყოფობებისა და ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, ხელების დაბანა ხელს უშლის:

  • დიარეის (ფაღარათის) 3-დან 1 შემთხვევას.
  • სასუნთქი გზების ინფექციების, მაგალითად გაციებისა და გრიპის 5-დან 1 შემთხვევას.

ხელების სწორად დაბანა და ბავშვებისთვისაც იმავეს სწავლება თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის შენარჩუნების ყველაზე ძლიერი საშუალებაა. სახლში ხელების დაბანის წესების დაცვა ხელს უშლის ოჯახის წევრებს შორის შორის დაავადებების და ინფექციების გავრცელებას. ეს ადვილი, მარტივი და იაფია.

4 რჩევა გაციების და გრიპის სეზონისთვის

როდის არის ხელების დაბანა საჭირო?

თქვენ და თქვენმა შვილებმა ხელები უნდა დაიბანოთ:

  • ჭამის წინ
  • საჭმლის მომზადების დაწყების წინ და შემდეგ, ასევე ამ პროცესის განმავლობაში
  • ავადმყოფ ადამიანთან ახლო კონტაქტამდე და შემდეგ
  • ჭრილობის ან დაჭრილის შეხებამდე და შეხების შემდეგ
  • დასვრილი საფენის შეხების შემდეგ
  • დაცემინების, დახველების ან ცხვირის მოხოცვის შემდეგ
  • ტუალეტის შემდეგ
  • ნაგავთან შეხების შემდეგ
  • საკუთარ შინაურ ცხოველთან კონტაქტის  ან სხვა ცხოველებთან, მათ საჭმელთან ან განავალთან შეხების შემდეგ
  • ეზოში ან სათამაშო მოედანზე თამაშის შემდეგ

როგორ დავიბანოთ ხელები სწორად?

საპნის და წყლის გამოყენება, ზოგადად, საუკეთესო გზაა ხელების დასაბანად. დაიცავით ხელების დაბანის 5 ეტაპი:

  1. დაისველეთ ხელები გამდინარე თბილი ან ცივი წყლით და წაისვით საპონი.
  2. გაუსვით ხელები ერთმანეთს, ისე  რომ გაიქაფოთ ხელების ზურგიც, თითებს შორის და ფრჩხილების ქვეშ სივრცეც.
  3. სთხოვეთ შვილებს, სანამ ხელებს იბანენ 2-ჯერ წაიღიღინონ დაბადების დღის სიმღერა. ეს ზუსტად იმდენ ხანს წაიღებს, რამდენიც საჭიროა ხელების საფუძვლიანი დაბანისთვის – დაახლოებით 20 წამი. 
  4. კარგად ჩამოიბანეთ ხელები გამდინარე წყლის ქვეშ.
  5. დაბანის შემდეგ ხელები საგულდაგულოდ გაიმშრალეთ სუფთა ხელსაწმენდით.

თუ საპნითა და წყლით დაბანის საშუალება არ გაქვთ, მაგალითად პარკში უნდა აჭამოთ ბავშვს, თან იქონიეთ 60%-იანი ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება, მაგალითად ანტიბაქტერიული ხსნარი ან ხელსახოცი. მისი გამოყენების წესიც იგივეა, მინიმუმ 20 წამი კარგად დაიტანეთ ხელებზე, სანამ არ გაშრება. ის მნიშვნელოვნად ამცირებს მიკრობების რაოდენობას და სწრაფად მოქმედებს, თუმცა ვერ ცვლის საპნით დაბანას.

როგორ ვასწავლოთ ხელების დაბანა ბავშვებს?

  • დაიწყეთ ადრე. 2 წლის ასაკის ბავშვებს უკვე შეუძლიათ ხელების დაბანა თქვენი დახმარებით. თქვენ შეგიძლიათ დაიჭიროთ ბავშვი ხელში ან დააყენოთ ასამაღლებელზე, რომ მისწვდეს ნიჟარას.
  • აქციეთ ხელების დაბანა სახალისო აქტივობად. იმღერეთ ნაცნობი სიმღერა ან შეადგინეთ საკუთარი სიმღერა ხელების დასაბანად.
  • გაახსენეთ რეგულარულად. შესაძლოა, რომ თქვენს შვილს თავიდან არ ახსენდებოდეს ხელების დაბანა, განსაკუთრებით თუ მათ ჭუჭყი არ ეტყობათ. აუხსენით მას, რომ ყოველთვის ვერ დავინახავთ ჭუჭყს  და მიკრობებს.
  • მიეცით მაგალითი. როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ ხელებს იბანთ, ისინი მოგბაძავენ. თქვენ ხომ მისაბაძი მაგალითები ხართ.

როგორ დავბანოთ ჩვილს ხელები?

კარგი აზრია, რომ ხშირად დაბანოთ ხელები თქვენს პატარას, როცა ის ხოხვას დაიწყებს. რადგან ის ყველაფერს შეეხება და ბევრ ჭუჭყთან და მიკრობთან მოუწევს კონტაქტი.

  • გაუსუფთავეთ ბავშვს ხელები სუფთა, სველი ნაჭრით, პირსახოცით ან ქაღალდის ხელსახოცით და საპნით.
  • კიდევ ერთი სუფთა, სველი ნაჭრით, პირსახოცით  ან ქაღალდის ხელსახოცით ჩამობანეთ ხელები საპნის ნარჩენების მოსაშორებლად.
  • კარგად გაუშრეთ ხელები.

გაითვალისწინეთ, ჩვილის სველი ხელსახოცები არ არის გათვლილი მიკრობებთან საბრძოლველად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჭუჭყისგან  ასუფთავებს ხელებს.

წყარო: https://www.babycenter.com/0_proper-hand-washing-for-kids-and-parents_10317767.bc

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5