პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება თეონა ლოდია, ფსიქოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
გვესაუბრეთ ბავშვებში ემოციური თვითრეგულაციის შესახებ. რა სარგებელი აქვს ბავშვისთვის ემოციურ თვითრეგულაციას და როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ამ უნარის განვითარებაში?
ემოციების მართვის, რეგულაციის უნარს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ბავშვის განვითარებაში. ის, ვინც ადრეული ასაკიდან სწავლობს საკუთარ ემოციებთან გამკლავებას, ინტელექტუალურ შესაძლებლობებსაც უკეთ ავლენს, ხასიათდება სტაბილური თვითშეფასებით, შეუძლია პრობლემების გადაჭრა და ასევე, სხვა ადამიანების მხარდაჭერაც. ემოციური რეგულაციის უნარის განვითარება ხანგრძლივი პროცესია და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
პირველ რიგში, ემოციური რეგულაციის უნარს ტემპერამენტი განაპირობებს – რამდენად შეუძლია ბავშვს მართოს ემოციები გარემოს მოთხოვნების შესაბამისად. ყველა ადამიანი იბადება მისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტით, რომელიც დიდწილად გენეტიკურად არის განპირობებული. როცა ვამბობთ ხოლმე – ბავშვი ,,ხასიათით“ დედას ჰგავს ან მამას, როგორც წესი, სწორედ ტემპერამენტს ვგულისხმობთ. ამ მიზეზის გამო, ადვილად შესამჩნევია განსხვავებები იმ მხრივ, თუ როგორ რეაგირებენ ჩვილები, როცა რაიმე აწუხებთ. ზოგი ,,მტირალაა“ და მისი დამშვიდება რთულია, ზოგი – იშვიათად ტირის ან ადვილად მშვიდდება. ტემპერამენტს ვერ შევცვლით, თუმცა თანდაყოლილი განსხვავებების მიუხედავად, ემოციური რეგულაციის უნარის განვითარებაზე სოციალური გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ადრეული ასაკიდან იწყება ბავშვის ემოციური შესაძლებლობების განვითარება მშობლებთან, თანატოლებთან თუ სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობის დროს.
როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვს ემოციური რეგულაციის უნარის განვითარებაში?
პირველ რიგში მშობლები აძლევენ ბავშვს ემოციების მართვის მაგალითს. თუკი ბავშვი ხედავს, რომ მშობელი ვერ უმკლავდება იმედგაცრუებას და აგრესიული ქცევით აზიანებს საკუთარ თავს თუ სხვებს, ბავშვიც იმავეს იმეორებს. ბოლო დროს სულ უფრო მეტი ბავშვისთვის გახდა მედია მოდელის როლის შემსრულებელი. რეალობიდან შორს, ვირტუალურ სამყაროში, ხშირად უკონტროლოდ ბევრი დროის გატარება ბავშვის ემოციური რეგულაციის უნარზე უარყოფით გავლენას ახდენს. ვირტუალურ რეალობაში მრავლადაა არაჯანსაღი მაგალითები, რომლებსაც ბავშვი სწავლობს. შესაბამისად, ვირტუალურ რეალობასთან კონკურენციის პირობებში ოჯახს, სკოლას და ბავშვისთვის სხვა მნიშვნელოვან ადამიანებს საპასუხისმგებლო როლი ეკისრება.
ემოციურად კომპეტენტურმა ბავშვმა კარგად იცის, რას გრძნობს თავად, რა ემოციას იწვევს მისი ქცევა სხვა ადამიანში და, ასევე, შეუძლია ამოიცნოს სხვა ადამიანის ემოციებიც. 6 წლამდე ასაკის ბავშვს აზროვნების ეგოცენტრიზმი ახასიათებს და უჭირს მოვლენების სხვა ადამიანის პოზიციიდან დანახვა, სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობის გააზრება, თუმცა თუ ჩვენ მას ადრეული ასაკიდანვე ვესაუბრებით ემოციებზე, ვეხმარებით მათ ამოცნობასა და გააზრებაში, ის უკეთ უმკლავდება ნებისმიერ გამოწვევას. ,,მე გამიხარდა, რომ დამეხმარე!“, ,,მეწყინა, რომ შენს მეგობარს სათამაშო არ ათხოვე!“ – ამგვარი ფრაზებით ბავშვის ქცევაზე რეაგირება ერთ-ერთი გზაა, რომლითაც მას ემოციური რეგულაციის უნარის განვითარებაში დავეხმარებით.
ემოციური რეგულაციის უნარის მნიშვნელოვანი ნაწილია მოთმინება, რომლის განვითარებაზე ადრეული ასაკიდან ზრუნვა ბავშვის სოციალური გარემოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს. უნარი – უარი თქვა მომენტალურ სიამოვნებაზე, ჯილდოზე და დაელოდო უფრო დიდ სარგებელს – ადამიანის ცხოვრებისეული მიღწევების განმაპირობებელ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს.
როგორ ვასწავლოთ ბავშვს მოთმინება?
თუკი ბავშვის ყოველდღიურობა ასაკის შესაფერისი ამოცანების დამოუკიდებლად შესრულების შესაძლებლობებით არის მდიდარი და მშობელი საკმარისად (და არა ზედმეტად ან არასაკმარისად) ეხმარება მას, მოთმინებაც ვითარდება.
ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვს ვასწავლოთ საკუთარი ქცევის შედეგებზე დაფიქრება. როცა მას ძლიერი ემოცია უჩნდება, გააზრების გარეშე მოქმედებს, რაც დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვის. მაგალითად, თუკი ბავშვს ვასწავლით, რომ როცა მისი ბრაზი ან სევდა იმდენად ძლიერია, რომ უჭირს დაფიქრება, აჯობებს დრო მისცეს საკუთარ თავს, ცოტა ხნით შეჩერდეს. ამ დროს ემოციის ინტენსივობა იკლებს და ჩნდება სივრცე დაფიქრებისთვის. საკუთარი ქცევის შედეგების გააზრებით ხდება შესაძლებელი ემოციების მართვა, ცვალებად, გამოწვევებით სავსე გარემოსთვის მზაობის განვითარება.