პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი ეკა კუცია.
რა უნდა ვიცოდეთ მშობლებმა ბავშვის ფსიქო–მოტორული განვითარების ასაკობრივი ნორმების შესახებ?
ყველა ბავშვი ინდივიდუალური და განსხვავებულია, თუმცა არის ნორმალური განვითარების გარკვეული საერთო ნიშნები ყველა ბავშვისთვის.
ერთი თვის ასაკში
მოძრაობა/მოტორიკა
- ხელები მუშტად შეკრული, ხელების მიტანა სახესთან და პირთან.
- მუცელზე წოლისას თავს ამოძრავებს მარჯვნივ და მარცხნივ.
- თავი უკან ვარდება, თუ საყრდენი არ აქვს.
- ახალშობილთა რეფლექსები (ავტომატური სიარულის, ძუძუს ძებნის და ა. შ. )
- ვიზუალური და სმენითი აქტივობა: 20-30 სმ მანძილზე კარგად შეუძლია ფოკუსირება, ანუ მკაფიოდ ხედავს, უფრო შორეულ საგნებს უფრო მკრთალად.
- თვალების უკონტროლო, უნებლიე მოძრაობა და შესაძლო პერიოდული სიელმე.
- ურჩევნია დიდი ზომის, შავ-თეთრი ორნამენტები.
- ურჩევნია ადამიანის სახის ყურება,ვიდრე ყველა სხვა რამის.
- სმენა უკვე სრულად მოწიფულია.
- ცნობს ზოგიერთ ბგერას, ნაცნობ ხმას.
- ბრუნდება ნაცნობი ბგერების და ხმის გაგონებაზე.
ყნოსვა და შეხება:
- ურჩევნია ტკბილი სურნელი,
- არ სიამოვნებს მწარე და მჟავე სურნელი და გემო.
- ცნობს დედის რძის გემოს.
- ურჩევნია რბილი შეგრძნებები (რბილი ზედაპირის შეხება)
რა არის ის საგანგაშო ნიშნები, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება და მივმართოთ პედიატრს?
- ცუდად წოვს და ძალიან ნელა იკვებება.
- მკაფიო შუქზე არ რეაგირებს, არ ცდილობს თავის არიდებას, ან არ ახამხამებს თვალს.
- არ აყოლებს მის წინ 20-30სმ-ით დაშორებულ მოძრავ საგანს თვალს.
- თითქმის არ ამოძრავებს ფეხებს და ხელებს, სულ მოდუნებული და უმოძრაოა.
- ქვედა ყბა, ნიკაპი მუდმივად უკანკალებს (ნორმალურია პერიოდულად კანკალებდეს ტირილის ან გაღიზიანების დროს).
- არ რეაგირებს ხმაურზე.