Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი “დედამიცისთან” საუბრობს ჰემანგიომის შესახებ. რა არის ჰემანგიომა, როდის უნდა მოხდეს დიაგნოსტირება, რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროება, შეიძლება თუ არა აცრების გაკეთება ჰემანგიომის დროს და როდის არის ქირურგიული ჩარევა საჭირო?- წაიკითხეთ ჩვენს ინტერვიუში.

რა არის ჰემანგიომა და რა ფორმით არის გამოხატული ახალშობილებში?

ჰემანგიომა არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისხლძარღვოვანი სიმსივნე. როგორც წესი, დაბადებისას ჰემანგიომა არ ფიქსირდება და თვალსაჩინო ხდება დღეების თუ თვეების განმავლობაში. ჰემანგიომის განვითარების ადგილას, თავდაპირველად, შესაძლებელია ვერაფერი შევამჩნიოთ, რადგან პირველი დაზიანება ხშირად ჰგავს ნაკაწრს ან პატარა მექანიკურ დაზიანებას, ან პირველადი დეფექტი გამოვლინდეს ტელეანგიექტაზიის სახით (კაპილარების ერთობლიობა, რომელიც კარგად ჩანს კანზე). ყველაზე ხშირად ვითარდება თავისა და კისრის არეში, თუმცა, მათი განვითარება შესაძლებელია ყველგან: კანზე, ლორწოვან გარსებზე და შინაგან ორგანოებზე. მათი ზომაც საკმაოდ ცვალებადია და იცვლება უმნიშვნელოდან გიგანტურ ზომებამდე.

რა ტიპის ჰემანგიომა არსებობს?

ჰემანგიომა არსებობს სამი ტიპის: ზედაპირებული, ღრმა ანუ კანქვეშა და შერეული.

ზედაპირულ ჰემანგიომას ძველად უწოდებდნენ კაპილარულ და მარწყვისებრ ჰემანგიომას, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ჰემანგიომას არ აქვს ერთნაირი შესახედაობა და მათი გამოხატულება სხვადასხვანაირია, უპირატესობა ენიჭება ამ ტერმინს – ზედაპირული. ამ ტიპის ჰემანგიომა  კანიდან წამოწეულია, არის წითელი ფერის და აქვს ბუშტუკის ან/და კვანძის ან/და ლაქის შესახედაობა. ღრმა ანუ კანქვეშა ჰემანგიომა არის ამობურცული კვანძი, რომელსაც აქვს კანის ფერი ან ალაგ-ალაგ მოლურჯო-მოვარდისფრო შესახედაობა 

და რომლის შუაშიც შესაძლებელია იყოს ტელეანგიექტაზია. შერეული ჰემანგიომები საკმაოდ ხშირია და მოიცავს ორივე კომპონენტს – ზედაპირულსა და ღრმასაც.

რა ვადაზე არის სასურველი მოხდეს ჰემანგიომაზე დიაგნოსტირება? როდის არის საშიში და როდის უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს?

იქიდან გამომდინარე, რომ ჰემანგიომა დაბადებისას ძალიან იშვიათად ვითარდება და ზრდას იწყებს დაბადებიდან პირველი დღეებში და შესამჩნევ ზომას აღწევს სიცოცხლის პირველ თვეებში, პირველ დღეებსა თუ თვეებში შეიძლება ვერ დაისვას დიაგნოზი, თუმცა, როგორც კი ზრდას დაიწყებს და დეფექტი გამომჟღავნდება, მშობელმა უნდა მიაკითხოს პედიატრს. 

ჰემანგიომების უმრავლესობა არ არის სახიფათო, თუმცა, საჭიროა, ზუსტად შეფასდეს რისკები. 

უნდა გაირკვეს, არის ლოკალიზებული, მრავლობითი თუ სეგმენტური; უნდა დადგინდეს გამოვლენის ზომები და ადგილი.

ამ მონაცემთა გაანალიზებისას ექიმმა უნდა შეაფასოს, არის ეს ჰემანგიომა ცალკე მდგომი დაავადება თუ სხვა დაავადების, ან სინდრომის ერთ-ერთი გამოვლინება; აგრეთვე, განსაზღვროს რისკის დონე და ამის შესაბამისად დაიგეგმოს ჩარევა.

რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროება ჰემანგიომას და რა ასაკიდან არის სასურველი დაიწყოს მკურნალობა?

მას შემდეგ, რაც განისაზღვრება რისკის დონე, უნდა გადაწყდეს ჩარევა. რისკის დონეში იგულისხმება ორ ჯგუფად დაყოფა: დაბალი რისკი და  გაურთულებელი ჰემანგიომა, მაღალი რისკი და/ან გართულებული ჰემანგიომა. 

დაბალი რისკის და გაურთულებელი ჰემანგიომის შემთხვევაში ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ჩარევა არის – მოცდითი (wait and see) ტაქტიკა, იგივე აქტიური  არაინტერვენცია, რაც მოიცავს ჰემანგიომის ზომის პერიოდულ მონიტორინგს (აუცილებელია ჰემანგიომის დასურათება და შედარება).

თუ ჰემანგიომა არის დაბალი რისკის და გაურთულებელი, ასევე, არ არის კანიდან ზედმეტად წამოწეული და გარკვეული კოსმეტიკური დეფექტის დარჩენის შანსი არის, შესაძლებელია, გამოვიყენოთ ადგილობრივი მკურნალობის მეთოდები – ტოპიკური ბეტა-ბლოკერები (პროპრანოლოლის 1%-იანი ხსნარი/მალამო ან თიმოლოლი 0.5%-იანი ხსნარი). ასევე, შესაძლებელია, გამოვიყენოთ მაღალი პოტენციის ტოპიკური ან ჰემანგიომაში შესაყვანი კორტიკოსტეროიდები და იმიქვიმოდი; თუმცა, ბეტა-ბლოკერების ეფექტიანობის გამო იშვიათად გამოიყენება. მაღალი რისკის ან გართულების მქონე პაციენტებში აუცილებელია, ჩარევა დაიწყოს, რაც შეიძლება მალე.  პირველი რიგის პრეპარატი დღეისათვის არის დასალევი ბეტა-ბლოკერი, პროპრანოლოლი, რომელიც იწყება მცირე დოზით 0.5მგ/კგ ან 1მგ/კგ და ეტაპობრივად იზრდება 2 მგ/კგ-მდე. მიუხედავად იმისა, რომ პროპრანოლოლი დღეისათვის არის საუკეთესო არჩევანი და ყველაზე ნაკლებ გართულებას და ყველაზე კარგ შედეგს ის იძლევა, მშობელს დეტალურად უნდა განემარტოს გვერდითი ეფექტები და როგორ უნდა მოხდეს წამლის მიცემა. მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს 18 თვის ასაკამდეც კი. 

მეორე რიგის პრეპარატები არის სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები, რომლებიც უკვე გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჰემანგიომა არის პროპრანოლოლ-რეზისტენტული, ანუ პროპრანოლოლი ვერ/არ მოქმედებს ჰემანგიომაზე ან პაციენტში პროპრანოლოლის გამოყენება არის წინააღმდეგნაჩვენები.

ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები მოიცავს – ვინკრისტინს და ინტერფერონ ალფას.

როდის არის საჭირო ქირურგიული ჩარევა?

ქირურგიული ჩარევა ჰემანგიომის შემთხვევაში რამდენიმე ტიპის შეიძლება იყოს.

ლაზეროთერაპია და ამოკვეთა, როგორც წესი, დღეისათვის გამოიყენება თერაპიულ ღონისძიებებთან კომბინაციაში და დაპატარავებული ჰემანგიომის ადგილას, თუ არის რაიმე ტიპის კოსმეტიკური დეფექტი, მათი კორექცია ხდება ამ მეთოდებით. ამოკვეთა შესაძლებელია, პირველი რიგის მკურნალობად განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ დეფექტი მდებარეობს პერიოკულურად (თვალის მიმდებარედ) და არ ვართ დარწმუნებული, რომ თერაპიული ჩარევა გამოიღებს სწრაფ შედეგს. აგრეთვე, ამოკვეთა შესაძლოა, დაგვჭირდეს ისეთი ჰემანგიომების დროს, როდესაც 4 წლის ასაკისთვის ჰემანგიომა არ არის საკმარისად დაპატარავებული, დაწყლულებულია და კოსმეტიკური დეფექტის დარჩენის რისკია. 

სხვადასხვა ორგანოს ჰემანგიომებს, რომლებიც არ დაემორჩილა თერაპიულ ჩარევებს, შესაძლებელია ვუმკურნალოთ არტერიის ემბლოზაციით.

რა ითვლება მაღალ რისკად?

მაღალ რისკად ითვლება ჰემანგიომის ისეთი ლოკალიზაცია, რომელმაც შეიძლება პოტენციურადაც კი სიცოცხლისათვის საშიში გართულებები  გამოიწვიოს (მაგალითად: მაგისტრალური სისხლძარღვებზე არსებული, სასუნთქ გზებში და ა.შ.), კოსმეტიკური დეფექტის დატოვების რისკი, ასოცირებული სტრუქტურული ანომალიები (PHACE და LUMBAR სინდრომი), ძალიან დიდი (>5სმ) და სწრაფად მზარდი ჰემანგიომები. 

არის თუ არა იმის მოლოდინი, რომ ასაკის მატებასთან ერთად გაქრეს ჰემანგიომა ?

ჰემანგიომას აქვს განვითარების ორი ფაზა: პროლიფერაციის, ანუ ზრდის და ინვოლუციის, ანუ დაპატარავების.

პროლიფერაციის ფაზაში ჰემანგიომა იწყებს სწრაფ ზრდას და თავისი ზომის პიკს, ჩვეულებრივ, აღწევს 5-6 თვისთვის, ხოლო პირველი წლის ბოლოსკენ იწყება სპონტანური ინვოლუციის ფაზა, რომელიც მოზარდობის ასაკისთვის მთავრდება, როგორც წესი. შესაბამისად, ჰემანგიომა ყოველგვარი ჩარევის გარეშეც შეიძლება დაპატარვდეს და ზოგ შემთხვევაში გაქრეს ნაწიბურის დატოვების გარეშეც.

თუ ახალშობილს სახეზე აქვს ჰემანგიომა, უნდა მოვარიდოთ თუ არა მზეს?

არა, არ არის აუცილებელი.

არის თუ არა ჰემანგიომა აცრის უკუჩვენება?

ჰემანგიომა არ არის აცრის უკუჩვენება. აცრის უკუჩვენება არის მხოლოდ რამოდენიმე რამ: აგრესიულად მიმდინარე ინფექციური პროცესი, იმუნოდეფიციტი, იმუნოსუპრესია ან ძლიერი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ვაქცინაზე. შესაბამისად, აცრები უკუნაჩვენები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იტარებს სისტემური გლუკოკორტიკოიდებით თერაპიას, რასაც ახასიათებს იმუნოსუპრესიაც.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5