Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ტელეწამყვანი მარიამ სანოგო  ერთი წლის ზუკას დედაა. მარიამისთვის ორსულობა არ გამხდარა აქტიური ცხოვრების შეწყვეტის მიზეზი, ის ორსულობის ბოლო დღემდე გადაღებებზე იმყოფებოდა და აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. ახლა მარიამი “დედამ იცის” უყვება დედობის პირველი გამოცდილების და იმ სირთულეების შესახებ, რისი გადატანაც მოუხდა.  

როგორ ემზადებოდით ორსულობის პერიოდისთვის, მშობიარობისთვის და კითხულობდით თუ არა საჭირო ლიტერატურას?

როგორც კი გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, დავიწყე მომზადება, ვკითხულობდი ძალიან ბევრ ლიტერატურას. მთელი ცხრა თვის განმავლობაში  თუ რაიმე ლიტერატურა იდო ინტერნეტში ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის გაზრდის და ჯანმრთელობის შესახებ, ყველაფერი გადავიკითხე და საკმაოდ ინფორმირებული ვიყავი, რაც ძალიან დამეხმარა შემდეგ პერიოდში. ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად ჩემი ცოდნით ვაკეთებ ყველაფერს, მაგრამ როდესაც გარკვეული ხარ ამ  საკითხებში, პედიატრს სწორ კითხვას დაუსვამ და სწორ აქცენტებზე გაამახვილებ ყურადღებას. 

როგორი იყო ორსულობის პერიოდი. მზად იყავით თუ არა მოსალოდნელი სირთულეებისთვის?

ძალიან კარგი ფეხმძიმობა მქონდა, ვმუშაობდი და ჩემს მდგომარეობას  ჩემი საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია. ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, მიყვარს მუშაობა, სეირნობა და არც მიფიქრია, რომ დავმჯდარიყავი სახლში. ორსულობას მივუდექი, როგორც ბუნებრივ მოვლენას და საკუთარი თავისთვის არაფერი ამიკრძალავს. სამშობიაროში გადაღებიდან მივედი, მაკიაჟით და სასაცილო სანახავი ვიყავი, რადგან ეგონათ რომ სამშობიაროში გამოვიპრანჭე სპეციალურად. ორსულობის ბოლო დღეებში ძალიან ბევრს დავდიოდი, ბავშვის თათმანებს ვეძებდი მაღაზიებში და იმას ვერ ვშოულობდი იმ ზომას, რაც მჭირდებოდა. მთელი თბილისი მოვიარე და ამდენი სიარულით ბედნიერი ვიყავი. შემდეგი ეტაპი კი რთული მშობიარობა იყო, რისთვისაც მზად ვიყავი, რადგან კარგი ორსულობა არ ნიშნავს კარგ მშობიარობას და ჩემს შემთხვევაშიც ასე აღმოჩნდა. ძალიან რთული მშობიარობა მქონდა და აქედან ძალიან დიდი სტრესი მივიღე მართლაც. რაღაც პერიოდი დეპრესიაც მქონდა. გავხდი ბავშვის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე, სამშობიაროში 10 დღე მომიწია ყოფნა და ის ათი დღე ფაქტობრივად არ მეძინა, რადგან ბავშვებს არ ვატანდი ექთანს, სახლშიც რომ დავბრუნდით გარეთაც მიჭირდა გაყვანა, ბოლოს ჩემი ქმარი დამეხმარა და “მაიძულა” გარეთ გამეყვანა ბავშვი და ნელ-ნელა ასე დავიწყე ამ სიტუაციიდან გამოსვლა. 

რა მნიშვნელობა აქვს პარტნიორის ჩართულობას მშობლობის ყველა ეტაპზე ?

ბავშვი არ ჩნდება მხოლოდ დედისგან.  ბავშვი არის ორი ადამიანის სიყვარულის ნაყოფი  და ამიტომ მნიშვნელოვანია მამის ჩართულობა ყველა ეტაპზე. მშობიარობის შემდგომ, ჩემმა მეუღლემ დეკრეტი აიღო და გარკვეული პერიოდი სახლში იყო ჩემთან ერთად და ყველა საოჯახო ფუნქციას ინაწილებდა. და დღემდე ასეა. 

როგორია ახლა თქვენი და ზუკას ყოველდღიურობა?

ზუკა  წლის და ორი თვის არის და ძალიან აქტიური  და ცელქი გახდა. სიარული რაც დაიწყო, ძალიან უხარია  და მუდმივად დადის და ყველაფერს ყრის ძირს. ახლა, როცა ზუკას მშობლები ორივე სახლში ვართ იზოლაციის გამო, მთელ დროს ვუთმობთ ზუკას და მასზე ვართ ორიენტირებული მთლიანად.  ჩვენ კიდევ ძაღლი გვყავს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ჩვენს ოჯახში. და ახლა ზუკაზე და ძაღლზე ვართ ორიენტირებული. ქართველი ექიმები რომ იგებენ, რომ სახლში ბავშვთან ერთად დიდი ძაღლი გვყავს გიჟდებიან ამაზე, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ შინაური ცხოველის ყოლა ოჯახში  ბავშვისთვის, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ზუკამ და რიკიმ უფრო კარგად გაიცნეს ერთმანეთი და აქტიურ თამაშზე გადავიდნენ. ზუკას ძალიან უყვარს ჩვენი ძაღლი, ეფერება და ეხუტება და თავის საჭმელს უყოფს.

რას ურჩევდით სხვა დედებს საკუთარი გამოცდილებიდან. თქვენ  თუ ითვალისწინებდით გარშემომყოფების რჩევებს ბავშვის გაზრდასთან დაკავშირებით?

გარშემომყოფები ნამდვილად კარგ რჩევებს მაძლევენ, მეც ვიღებ, მაგრამ მაინც ვცდილობ ჩემებურად მივუდგე ზუკას გაზრდასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ვფიქრობ,  რომ ყველა დედას თავისი ინტუიცია აქვს და როგორც გული უკარნახებს ისე უნდა მოიქცეს, თავის დედურ გუმანს დაუჯეროს. მე ვცდილობ ყველა კარგი რჩევა გავითვალისწინო, რასაც სხვები მაძლევენ  და საბოლოოდ, ისე მოვიქცე, როგორც ზუკასთვის იქნება საუკეთესო. მაგალითად: თავიდან ძალიან თბილად ვაცმევდი და მითხრეს, თბილად აცმევო, გავხადე მეორე დღეს და გაცივდა. იმის შემდეგ ისე ვიქცევი, როგორც მე ვთვლი იმ მომენტში საჭიროდ და ეს გადაწყვეტილება ყოველთვის ამართლებს. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5